ავტორი:

სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

სოხუმის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე პატიმრობაში დატოვა

სოხუმის "საქალაქო სასამართლომ“ საქართველოს მოქალაქე ქრისტინა თაკალანძე 19 ნოემბრამდე პატიმრობაში დატოვა. ის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Sputnik-ს აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

გამომძიებლების თქმით, ქრისტინე თაკალანძემ, რომელიც განზრახ მოქმედებდა საქართველოს სპეცსამსახურების დავალებით, შეაგროვა და ამ სამსახურების წარმომადგენლებს გადასცა ინფორმაცია, რომელიც წარმოადგენს აფხაზეთის კანონით დაცულ სახელმწიფო, სამხედრო და სხვა საიდუმლოებას.

"წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილის დანაშაულებრივი განზრახვა განხორციელდა 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის 20 ივლისამდე პერიოდში.

2022 წლის 28 ივლისს სოხუმის საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ქრისტინე თაკალანძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ის უდანაშაულოდ ითვლება, სანამ მისი ბრალეულობა სასამართლოს საბოლოო განაჩენით არ დადგინდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.