ავტორი:

"რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადება სასოწარკვეთილი ნაბიჯია - საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლიათ მოაბილიზონ 20-40 ათასი ადამიანი" - რუსი უფლებადამცველი

"რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადება სასოწარკვეთილი ნაბიჯია - საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლიათ მოაბილიზონ 20-40 ათასი ადამიანი" - რუსი უფლებადამცველი

რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის განცხადებით, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადება სასოწარკვეთილი ნაბიჯია.

როგორც რუსმა უფლებადამცველმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, პუტინის აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია, იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც მას უკვე დაპყრობილი აქვს და ასევე დააშანტაჟოს დასავლეთი, რომ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

"რუსეთში ნაწილობრივი მობილიზების გამოცხადება არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი, მოსკოვი დიდი ხანი არ მიდიოდა ამ ნაბიჯზე. მგონია, რომ პუტინს ფორსირების გაკეთება უნდა, მას დაახლოებით 1 ან 2 თვე აქვს. პუტინმა გადაწყვიტა იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც მას უკვე დაპყრობილი აქვს, ასევე უნდა, რომ დააშანტაჟოს დასავლეთი, რომ შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს.

მათ შეუძლიათ გაიწვიონ ის მოქალაქეების, რომლებსაც აქვთ სამხედრო პროფესიები. მგონია, რომ ისინი ვერ შეაგროვებენ საჭირო რაოდენობას. რამდენიმე თვეში, საუკეთესო შემთხვევაში, შეუძლიათ მოაბილიზონ 20-40 ათასი ადამიანი. არავის არ უნდა სიკვდილი, თანაც ამ ყველაფერს თან სდევს სიცრუე. მოვიყვან სერგეი შოიგუს ინტერვიუს, რომელმაც თქვა, რომ 6 ათასამდე სამხედროა დაღუპული, ეს არის სიცრუე. 6 ათასი 200 ათასი სამხედროდან, რომელიც 24 თებერვალს შევიდა უკრაინაში, მაშინ რაში სჭირდებათ მობილიზაცია?! პუტინს ომი არ გამოუცხადებია და ასეთ შემთხვევაში მობილიზაცია ჰაერში ჩამოკიდებული გამოდის. ომს დაარქვა სპეციალური სამხედრო ოპერაცია და სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის რა საჭიროა მობილიზაცია, როდესაც შეუძლია გამოიყენოს სპეციალური შეიარაღებული ძალები. აქ ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ დასავლეთი აიძულოს რუსეთს შეუერთოს ის ტერიტორიები, რომელიც რუსეთს უკრაინაში აქვს დაკავებული“,- განაცხადა მარკ ფეიგინმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების პოზიციაზე უკრაინა-რუსეთის ომში და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მანევრირებს.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება შესაძლებელია, მხოლოდ, დასავლეთის ყველა ალიანსში გაერთიანებით, იმიტომ რომ რუსეთთან თამაშები არასდროს მთავრდება კარგად.

„ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს თავია არიდოს უკრაინის მხარდაჭერას, იმისათვის რომ რუსეთთან ურთიერთობა არ დაიძაბოს. საქართველოს ხელისუფლება მანევრირებს, ეს ცხადია. ხელისუფლება აცხადებს, რომ „ჩვენ არ გვინდა ომი“, მაგრამ მე გეტყვით, რომ ომი გარდაუვალია, იმიტომ რომ მოსკოვი არ სვამს კითხვას, გინდა თუ არა ომი, ის მოდის და იწყებს ომს. თუ ახლა საქართველოს ხელისუფლება მკაფიო და თანმიმდევრულ ნაბიჯებს არ გააკეთებს დასავლეთისკენ, ასეთ შემთხვევაში არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ისედაც დაზარალდა რუსეთის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება შესაძლებელია, მხოლოდ დასავლეთის ყველა ალიანსში გაერთიანებით, რადგან რუსეთთან თამაშები არასდროს მთავრდება კარგად“, - განაცხადა მარკ ფეიგინმა.