ავტორი:

"ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც მექნება" - მელია კეზერაშვილს, რომელზეც 2017 წელს ამბობდა, რომ მილიონები ყაჩაღობით იშოვა, ისევ აკრიტიკებს

"ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც მექნება" - მელია კეზერაშვილს, რომელზეც 2017 წელს ამბობდა, რომ მილიონები ყაჩაღობით იშოვა, ისევ აკრიტიკებს

როგორც ირკვევა, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიაჩნია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი "არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის.

21 სექტემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში, ტელეწამყვანმა მელიას გაახსენა 2019 წელს გამოქვეყნებული პოსტი, რომელშიც წერდა: "ჩემთვის ოლიგარქი მიუღებელია, გინდ ოპოზიციონერი და გინდ ხელისუფლებაში მყოფი, გინდ "ჩემიანი“ და გინდ "შენიანი“, გინდ ქვეყანაში და გინდ მის გარეთ მყოფი“. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ვის გულისხმობდა, რაზეც მელიამ უპასუხა:

"ოპოზიციურ ველზე არ არიან მხოლოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, როგორც ანტისახელმწიფოებრივი ელემენტისა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში,არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და არა ვიღაცა, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, დავამარცხოთ. მე მინდა ბიძინა ივანიშვილზე, როგორც ოლიგარქზე, გამარჯვება, რათა წარმატებული სახელმწიფო ვიხილოთ მომავალ წლებში. და მე ვერ ვხედავ ასეთ სახელმწიფოს, თუკი თუნდაც მოოლიგარქო ტიპაჟები/პერსონაჟები რაიმე ტიპის ძალაუფლებას ჩაიგდებენ ხელში, ან ვიწრო პირთა წრეს ექნება გავლენა დაუმსახურებლად“.

რაც შეეხება დავით კეზერაშვილს, მელიამ განაცხადა:

"მე ამ ადამიანსშარშან ხელი ჩამოვართვი , ციხიდან გათავისუფლების შემდეგ. მანამდე არ ვიცნობდი. ჩემი მისდამი დამოკიდებულება ცნობილი იყო. გასაგები იყო ის, რაც ვთქვი. და უკვე ნათქვამი მქონდა, რომ ყველა ადამიანს ჩამოვართმევ ხელს, ოღონდ უნდა დავრწმუნდე, რომ ის არის გულწრფელად მოწადინებული, დაამარცხოს რეჟიმი.

მე ეს რწმენა არა მაქვს დღეს კეზერაშვილთან დაკავშირებით. ამ ადამიანთან არანაირი საერთო არ მაქვს, არც მექნება და მიმაჩნია, რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება მისთვის პირადად, ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და, მით უფრო, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესისთვის“, - განაცხადა მელიამ.

  • რას ამბობენ მელიას განცხადებაზე "ნაციონალურ მოძრაობაში"?

გულწრფელად ვწუხვარ ამ განცხადების გამო , - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა მისი პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ "საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში ნათქვამი.

ხაბეიშვილის შეფასებით, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქია და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

"იმ პირობებში, როდესაც ბიძინა ივანიშვილის, რუსი ოლიგარქის რეჟიმი არის დასუსტებული. მეტიც, მისი თანაგუნდელები, მათ შორის მინისტრის მოადგილე ამხელს კრემლთან ურთიერთობაში მთავრობის წევრებსა და ბიძინა ივანიშვილს, ამ დროს ისრების გადატანა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მხრიდან არასწორად მიმაჩნია. ამ ქვეყანაში არის ერთი რუსი ოლიგარქი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი.

როდესაც კონკრეტულად კეზერაშვილზე არის საუბარი, ეს ადამიანი არის ოპოზიციური არხის დამფუძნებელი. ეს არხიც ასევე იდევნება რუსი ოლიგარქის მიერ ამ ქვეყანაში და პარალელურად ეს ადამიანიც [კეზერაშვილი] არის აღიარებული პოლიტიკური დევნილი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში შავით თეთრზე წერია მისი პოლიტიკური დევნის შესახებ. ასევე ევროპულ რეზოლუციაში წერია, რომ ის არის პოლიტიკური დევნილი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას“ ეთერში.

"კეზერაშვილი არ არის პოლიტიკაში, არ არის "ნაციონალურ მოძრაობაში", არ არის მასთან აფილირებული, დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელია, რომელიც ხალხისთვის არის მონაპოვარი. კეზერაშვილი არ არის პოლიტიკურად აფილირებული პირი ვინმესთან, მაგრამ ვინაიდან ის არის კრიტიკულო მედიის დამფუძნებელი, შესაძლოა, ვინმემ აღიქვას ასე. "იმედის" დამფუძნებელი რუხაძე არის თუ არა "ქართული ოცნების" წევრი, თუ წევრი არა, იჭერს თუ არა მის მხარეს პოლიტიკაში? რომ კითხოთ გეტყვით, რომ არა, მაგრამ კეზერაშვილისგან განსხვავებით, ის მართლა არის (აფილირებული პოლიტიკურ პარტიასთან) რადგან ცემენტის ბიზნესში, მეტალურგიაში, საფინანსო სექტორში არის ივანიშვილთან ერთად, ამას ეწოდება აფილირებული პირი. ამიტომ ის, რომ კეზერაშვილი არის დამფუძნებელი კრიტიკული მედიასაშუალების, შესაძლოა, ვიღაცის თვალში აღიქმებოდეს ასე, რომ პოლიტიკურად აფილირებულია, "- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

  • დამოკიდებულება მელიასა და კეზერაშვილს შორის

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მელიამ კეზერაშვილი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. უკვე ვახსენეთ 2019 წელს სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტი. უფრო ადრე 2017 წელს მელიამ განაცხადა:

"არა მაქვს მე მორალური უფლება, ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ იმ პარტიაში, რომლის პოლიტსაბჭოსაც ვხელმძღვანელობ, იყო ადამიანი წლების წინ, რომელმაც სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები, ასობით მილიონი - ყაჩაღობით, ქურდობითა და ძარცვით, და ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს..."

მოგვიანებით, 2021-22 წლებში, მელიამ საუბრის ტონი შეცვალა. მაგალითად, ა.წ. აპრილში აცხადებდა, რომკეზერაშვილისთვის დასმულ კითხვებზე "დამაკმაყოფილებელი პასუხი“ მიიღო და "ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ მასთან პარტნიორობისთვის მზად იყო