ავტორი:

კადიროვი სანქცირებულთა სიაში ქალიშვილთან, ასევე ოფიციალურ და არაოფიციალურ ცოლებთან ერთად, მოხვდა: "ჩეჩნეთის პრინცესას" ვალის გამო ანგარიშები დაუბლოკეს, მაღაზიები კი თვითონ დახურა

კადიროვი სანქცირებულთა სიაში ქალიშვილთან, ასევე ოფიციალურ და არაოფიციალურ ცოლებთან ერთად, მოხვდა: "ჩეჩნეთის პრინცესას" ვალის გამო ანგარიშები დაუბლოკეს, მაღაზიები კი თვითონ დახურა

როგორც ცნობილია, ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს 10 შვილი ჰყავს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაზე ცნობილი 23 წლის აიშატია, რომელსაც როგორც ადგილობრივი მედია წერს, ძალიან უყვარს ყურადღება და პატივისცემა.

რუსეთ-უკრაინის ომის დროს რამზან კადიროვის პოპულარობა საზღვრებს გასცდა. მას მეტსახელად პუტინის "დონი“ "ტიკ-ტოკის მეომარიც" კი შეარქვეს, ვითომდა ბრძოლის ველიდან გამოქვეყნებული ვიდეობის გამო. ამ ვიდეოებივით ყალბია მისი პირადი ცხოვრებაც.

კადიროვის ერთ-ერთი ფავორიტი მისი უფროსი ქალიშვილი აიშატია. გოგონა 23 წლისაა. ის არა მხოლოდ სამაგალითო მუსულმანი, არამედ წარმატებული ბიზნესვუმენიც არის.

2016 წელს, როდესაც ის 17 წლის იყო, აიშატი უკვე ხელმძღვანელობდა "ფირდაუს“ მოდის სახლს, რომელიც დედამ, მედინა კადიროვამ 2009 წელს დააარსა. ბრენდი მუსლიმი ქალების სამოსს აწარმოებს, ამიტომ კოლექციებში მოკლე ქვედაბოლოებს ან თავისუფალ ტანსაცმელს ვერ ნახავთ. ბუტიკები ფუნქციონირებს გროზნოში, მოსკოვში, მახაჩკალასა და დუბაიში.

ჩეჩენი პრინცესას კოლექციის ფასი არცთუ ისე მცირეა და თითო ნივთი 200-დან 500-მდე დოლარის ფარგლებში მერყეობს. გაცილებით ძვირია ნაქარგი კაბები და მამაკაცის კოსტიუმები, ზოგიერთი მათგანის ფასი ათასობით დოლარს აჭარბებს. აიშატის ჩვენებები ყოველთვის საზღვარგარეთ იმართებოდა და მას საკმაოდ ცნობილი ადამიანებიც სტუმრობდნენ. 2020 წელს ახალგაზრდა დიზაინერი, მშობლებთან ერთად, აშშ-ის სანქციების სიაში მოხვდა.

როდესაც აიშატი 21 წლის გახდა, მამამ გადაწყვიტა, რომ მისთვის მხოლოდ მოდა არ იყო საკმარისი, ამიტომ ქალიშვილი ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნა. მან თავისი გადაწყვეტილება იმით გაამართლა, რომ, მიუხედავად მისი მცირე ასაკისა, აიშატს აქვს კომპლექსური და მასშტაბური პროექტების მართვის დიდი გამოცდილება, განსაკუთრებით კულტურის სფეროში. 2021 წლის ოქტომბერში გოგონა კულტურის მინისტრი გახდა, მაგრამ ამჯერად ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურის მუსლიმ ხუჩიევის რეკომენდაციით.

ახლა კი მთავარი, მამის ქების მიუხედავად, 2022 წელი რთული აღმოჩნდა აიშატისთვის, რადგან Firdaws-ის ბრენდის ანგარიშები გადასახადების გადაუხდელობის გამო დაიბლოკა. აიშატის ვალის ზუსტი ოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ სააღსრულებო წარმოება დაიწყო 1,6 ათას რუბლის ამოსაღებად. გაკვეული დროის მერე, კომპანიამ, სავარაუდოდ, დავალიანება დაფარა, თუმცა განაცხადა, რომ ტექნიკური მიზეზების გამო მაღაზიებს გაურკვეველი დროით ხურავდა.

აიშატის პირადი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, გარდა იმისა, რომ იგი დაიბადა 1998 წელს სოფელ ცენტარაში. მეექვსე კლასამდე სწავლობდა სკოლაში, შემდეგ კი საშინაო სწავლებაზე გადავიდა და დღეში ცხრა საათის განმავლობაში სწავლობდა ყურანსა და არაბულს.

2016 წელს გოგონა ჩაირიცხა ჩეჩნეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე, 2017 წელს კი დაქორწინდა კადიროვის ახლო მეგობრის შვილზე, რომელიც ქორწილამდე ორი კვირით ადრე გაიცნო. უცნობია ვინ არის კადიროვას ქმარი.

15 სექტემბერს ჩეჩენი დიქტატორი კიდევ ერთხელ მოხვდა აშშ-ის სანქციების სიაში, ამჯერად შვილთან ერთად. აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი, მისი სრულწლოვანი ქალიშვილი, მეუღლე და კიდევ ორი ​​ქალი, რომლებიც მის არაოფიციალურ ცოლებად დასახელდნენ, სანქციების სიაში შეიყვანა.

სანქციების ქვეშ მოხვდნენ" დიქტატორის მეუღლე მედინა, ასევე ფატიმა ხაზუევა და ამინათ ახმადოვა, რომლებსაც არაოფიციალურად კადიროვის მეორე და მესამე ცოლებს ეძახიან. ასევე, სანქციების სიაში მოხვდა კადიროვის ბიძაშვილი, ჩეჩნეთის ქონებრივი და მიწის ურთიერთობის მინისტრი ტურპალ-ალი იბრაგიმოვი.

"კადიროვთან დაკავშირებული ჩეჩნური შენაერთები მოქმედებდნენ ბუჩაში, სადაც რუსეთის ჯარებმა ჩაიდინეს სისასტიკე და გაანადგურეს სახლები...“ - ვკითხულობთ სპეციალურ განცხადებაში.

"კარგად იციან, რომ მე არც ქონება მაქვს და არც ანგარიშები დასავლეთში, მაგრამ ჯიუტად მამატებენ სანქციების სიებში და ამჯერად რატომღაც ჩემი ოჯახის წევრებიც შეიყვანეს. დაამატეთ, ამერიკელებო, ყველა ჩემი შვილი. 14 შვილიდან ყველაზე უმცროსი, ტყუპები ჰასანი და ჰუსეინი, ხუთი წლის არიან“. - განცხადა კადიროვმა. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, კადიროვს 10 შვილი ჰყავს.

იხილეთ ასევე: