ავტორი:

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნაზე - რა თქვა პრემიერმა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, ომსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე?

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს ტრიბუნაზე - რა თქვა პრემიერმა საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, ომსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 77-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვიდა. მისი მიმართვის მთავარი გზავნლები შეეხებოდა საქართველოს ევროატლანტიკურ პრესპექტივას და რუსეთ-უკრაინის ომს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ.

"2012 წელს ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვახორციელებთ ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რომელმაც დაგვაახლოა მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან - ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან, ნატოსა და გაეროსთან. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, საქართველომ პირველად გაიარა მშვიდობის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის უპრეცედენტო ათწლეული.

განუწყვეტლივ ვმუშაობთ საქართველოს გლობალურ პოზიციონირებაზე და უკვე ვხედავთ ამის შედეგს. "მსოფლიო სამართლის პროექტის“ მიერ გამოქვეყნებულ სამართლის უზენაესობის ინდექსში საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, "ღია ბიუჯეტის ინდექსში“ - მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით, ხოლო "ფრეიზერის ინსტიტუტის“ 2021 წლის ეკონომიკური თავისუფლების მონაცემებით, - მსოფლიოს პირველ ხუთეულშია სინგაპურთან და შვეიცარიასთან ერთად. ცხოვრების ხარისხისა და ხარჯების გლობალური მონაცემთა ბაზის თანახმად, საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანად დასახელდა და მე-14 ადგილი დაიკავა.

შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან უფრო მეტად დაახლოების პარალელურად, ძალისხმევას მივმართავთ დემოკრატიული ტრანსფორმაციის გაგრძელებისკენ. გაზრდილი ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაცია ჩვენი გზაა ევროპული ერების ოჯახში დაბრუნებისკენ, რომლებთანაც ვიზიარებთ ისტორიას, კულტურას და, რაც მთავარია, ღირებულებებს.

ვაგრძელებთ ერთმნიშვნელოვან გზაზე სვლას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ამ მიზნების ერთგულება ეფუძნება განხორციელებულ მოქმედებებსა და რეალურ შედეგებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცესა და ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის.

"წელს გავაკეთეთ განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.

საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს ისტორიულმა გადაწყვეტილებამ ახალი სამიზნე ორიენტირები დასახა. ისევე, როგორც წარსულში, საქართველო გადაჭარბებით შეასრულებს მათ.

ევროკავშირში გაწევრების შესაძლებლობა ძლიერი მოტივაციაა ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ევროპულ პერსპექტივას მოჰყვება უზარმაზარი პასუხისმგებლობა ევროკავშირთან უმაღლესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი თავსებადობის კუთხით. საქართველომ მყისიერად მოახდინა რეაგირება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

ინკლუზიური პროცესი უზრუნველყოფს ხელისუფლების ყველა შტოს, ასევე ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულ ჩართულობას. ყველა პრიორიტეტული მიმართულებისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფები ყველა შესაბამისი დაინტერესებული წრისა და მხარის მონაწილეობით. წინსვლა გვაქვს და გრაფიკსაც ვუსწრებთ წინ.

მკაფიოდ მინდა განვაცხადო, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, რომელიც საბოლოოდ მასში გაწევრებას მოგვიტანს და თაობათა ოცნებას რეალობად აქცევს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი ძირს უთხრის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიას და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო დგას უკრაინის გვერდით.

"საქართველო დგას უკრაინის გვერდით. ომის დაწყების დღიდან, ჩვენმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, როდესაც 1000 ტონაზე მეტი ტვირთი გაუგზავნა მას. საქართველო უზრუნველყოფს ფინანსურ დახმარებას ამჟამად ჩვენთან მცხოვრები 32 ათასზე მეტი უკრაინელისთვის და მათ დაბინავებას,“- აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა, შეუერთდა და მხარი დაუჭირა ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს.

"საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაში 1500-ზე მეტი უკრაინელი მოსწავლეა ჩარიცხული. ბევრი მათგანი ცოდნას უკრაინულ ენაზე იღებს სტანდარტული უკრაინული სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ჩვენ წამოვაყენეთ, შევუერთდით ან მხარი დავუჭირეთ ყველა მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად წამოყენებულ თითქმის 400 რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ პოზიციას და სხვა ინიციატივებს, მათ შორის, ვიყავით უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს ასოციაციის 76-ე რეზოლუციის მთავარ მხარდამჭერებს შორის,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უახლესი ანგარიში საქართველოს საინვესტიციო კლიმატის შესახებ ცხადყოფს, რომ "საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური ინსტიტუტები სრულ შესაბამისობაში არიან შეერთებული შტატებისა და სხვათა მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებულ ფინანსურ სანქციებთან“.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტმა აჩვენა, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების დღის წესრიგის სათავეშია, ხოლო საქართველო, როგორც ამ რეგიონალური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილი, მზადაა გაზარდოს თავისი წვლილი საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

"კარგად ვიცით, რომ უსაფრთხოებას მოაქვს სტაბილურობა, სტაბილურობას კი - პროგნოზირებადობა. მდგრადი ეკონომიკური განვითარების გადამწყვეტი წინაპირობაა პროგნოზირებადობა. რაც უფრო პროგნოზირებადი გახდება შავი ზღვის რეგიონი, მით უფრო მეტად შევძლებთ მისი ეკონომიკური პოტენციალის გახსნას ჩვენი ხალხისა და გლობალური ეკონომიკის სასარგებლოდ.

ამ მიზეზით, ვავითარებთ აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სტრატეგიულ სატრანსპორტო დერეფნებს. ევროპელ კოლეგებთან ერთად, საქართველო მონაწილეობას იღებს რამდენიმე საერთაშორისო ინიციატივაში და ინფრასტრუქტურულ პროექტში, რომლებიც გააუმჯობესებენ ჩვენს კავშირს და ხელს შეუწყობენ სანდო და ქმედით სავაჭრო კავშირებს შავი ზღვის ზოლში", - აღნიშნა პრემიერმა.