ავტორი:

"ამ ტრაგედიამ მთელი რუსთავი დაადუმა... მარიამი, რომელიც ბედნიერებას ასხივებდა, ბებია-ბაბუასთან ერთად დაიღუპა" - ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

"ამ ტრაგედიამ მთელი რუსთავი დაადუმა... მარიამი, რომელიც ბედნიერებას ასხივებდა, ბებია-ბაბუასთან ერთად დაიღუპა" - ავარიას ოჯახის 3 წევრი ემსხვერპლა

საგარეჯოში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული რუსთაველი ახალგაზრდა, მარიამ დუგლაძე გუშინ დაკრძალეს. გოგონა რამდენიმე დღე "ჯეო ჰოსპიტალში" სიკვდილს ებრძოდა. როგორც კლინიკის თანამშრომელმა გვითხრა, მას სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები ჰქონდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

როგორც ირკვევა, იმ საბედისწერო დღეს მარიამი კახეთიდან რუსთავში ბრუნდებოდა. საჭესთან თვითონ იჯდა, მასთან ერთად მანქანაში იყვნენ მისი ბებია, პაპა და მარიამის მცირეწლოვანი შვილი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში 12 სექტემბერს ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და საპირისპიროდ მოძრავი ტრაილერი შეეჯახნენ. ადგილზე დაიღუპა მანქანაში მყოფი ბებია და პაპა, ხოლო მარიამი და მისი მცირეწლოვანი ვაჟი კლინიკაში გადაიყვანეს. მარიამის დედა ემიგრაციაში იყო და იქ გაიგო ეს შემზარავი ამბავი და იტალიიდან ჩამოვიდა. საბედნიეროდ გადარჩა პატარა ბიჭუნა.

"ბავშვთა ქირურგიაში შემოიყვანეს ავარიის დროს დაშავებული ბავშვი, ის ჩვენი პაციენტი იყო. საბედნიეროდ ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ ჰქონდა. სახეზე ჰქონდა პატარ-პატარა ჭრილობები, შუბლზე ორი ნაკერი დაადო ექიმმა და მალევე გაწერეს. მისი დედა, ახალგაზრდა ქალი უმძიმესი და უიმედო შემოიყვანეს კლინიკაში. ის ზემოთ, დიდების რეანიმაციაში იწვა. სამწუხაროდ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა. ტვინი თავიდანვე მკვდარი იყო, აპარატზე იყო შეერთებული, გული მუშაობდა მხოლოდ და მთელი კლინიკა შეძრული იყო ამ ამბით. მაინც ყველანაირ შანსს იყენებდნენ, რომ როგორმე გადაერჩინათ. მართლა ყველაფერი გააკეთეს. ყველა შანსი გამოიყენეს, მაგრამ სამწუხაროდ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა" - გვითხრა კლინიკის თანამშრომელმა.

მარიამ დუგლაძე

მარიამ დუგლაძე რუსთავში ცხოვრობდა თავის პატარა ბიჭთან ერთად. AMBEBI.GE მარიამის ოჯახის ახლობელს ესაუბრა:

"კამაზი და მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა ერთმანეთს. საჭესთან მარიამი იჯდა. უდიდესი ტრაგედიაა, ბებია, ბაბუა, მარიამი და მისი შვილი იყვნენ ერთად. მარიამის ბებიის, ასმათის დის სახლში იყვნენ კახეთში და იქიდან უკან, რუსთავში ბრუნდებოდნენ. წინა დღეებში მარიამს სიცხეები ჰქონია, თურმე ცუდად იყო. იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცით, ამბობენ, საჭე ვერ დაიმორჩილაო, ერთი შვილი დარჩა.

რამდენიმე დღე კომაში იყო. გუშინ დაკრძალეს. საოცრად კარგი გოგო იყო, ბედნიერებას ასხივებდა. დედამისი ეკა ემიგრაციაში იყო, დაახლოებით ორი წელია იტალიაშია და ამ უმძიმესი ტრაგედიის შემდეგ ჩამოვიდა. უმძიმესი ტრაგედიაა და განადგურებულები არიან ყველანი. ბებია, ასმათ დუგლაძე რუსთავის 13-ე საჯარო სკოლის პედაგოგი იყო. უამრავი მოსწავლე აღზარდა. ყველას უყვარდა. 1979 წლიდან მუშაობდა ამ სკოლაში.

ასმათ დუგლაძე და მისი მეუღლე

სხვადასხვა დროს იყო ხაზვის მასწავლებელი, შრომითი და პროფესიული აღზრდის ორგანიზატორი და დირექტორის მოადგილე. მრავალი თაობაა მისი აღზრდილი. საოცრად კარგი ოჯახი ჰქონდათ. ყველა განადგურებულია ამ ამბით. საოცრად კარგი გოგო იყო მარიამი, მთელი ქალაქი შეძრა ამ ამბავმა, მართლა ყველა განიცდის, დადუმებულია მთელი რუსთავი, ეს უდიდესი და მოულოდნელი ტრაგედია იყო" - გვითხრა ოჯახის ახლობელმა.

მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია და ექსპერტიზა დანიშნულია, ტრაგედიის მიზეზებს სამართალდამცავები დაადგენენ.

  • AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს