ავტორი:

"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

"არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ სამშობლოს" - ინალ არძინბა თბილისს ძალის არგამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია, ბერგჰოფის ფონდის ინიციატივით ეწყობა შეხვედრები და ონლაინ დისკუსიები აფხაზ და ქართველ ახალგაზრდებს შორის პირდაპირი დიალოგის მიზნით, მათ შორის, ომის შემდეგ პატიებისა და შერიგების თემაზე.

  • "ეს შეხვედრები, განსაკუთრებით ონლაინ ფორმატში, მიმდინარეობს უკონტროლოდ და აფხაზეთის სახელისუფლებო ორგანოების თანხმობის გარეშე და როგორც ჩანს, ხელს უწყობს ქართული პროგრამის რეალიზებას "თანამშრომლობის გზით ჩართულობას“, - განაცხადა დე ფაქტო მინისტრმა.

არძინბამ აღნიშნა, რომ ბერგჰოფის ფონდს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი ოკუპირებულ აფხაზეთში - მას არ გააჩნია არც რეგისტრაცია, ხოლო მისი დამფუძნებელი და პარტნიორია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მსოფლიო ბანკი და სხვა სტრუქტურები, რომლებიც, მისი თქმით, ჩართული არიან აფხაზეთის იზოლაციის პროგრამაში.

არძინბამ ასევე აღნიშნა, რომ მძიმე საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, "საგარეო საქმეთა სამინისტრო“ აქტიურად მართავს შეხვედრებსა და კონსულტაციებს, რომლებზეც ყურადღებით განიხილავს სტაბილურობისთვის არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებს და მოწინააღმდეგეებისა და ოპონენტების შესაძლო სცენარებს, რომლებზეც რეაგირება შეიძლება მოხდეს.

  • გარდა ამისა, ინალ არძიმბამ თბილისისგან ძალის არ გამოყენების შეთანხმებაზე ხელმოწერა მოითხოვა.

ამით საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. ინალ არძინბას თქმით, სოხუმი ამას პირდაპირ საფრთხედ მიიჩნევს.

"მოვუწოდებთ საქართველოს, ხელი მოაწეროს ორმხრივ შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ. აფხაზეთი მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა. ჩვენ არ ვაპირებთ არავისზე შეტევას, მაგრამ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ხალხს და მშობლიურ მიწას", - აცხადებს დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი.

გარდა ამისა, ინალ არძინბამ გააფრთხილა ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობა იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს, რომელსაც თან ახლავს საინფორმაციო და ეკონომიკური ზეწოლის ელემენტები და ასევე, სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები. მისი თქმით, "დღეს 50-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი "უკრაინელი ბანდიტებისა და ნეონაცისტების მხარეს იბრძვის."