გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი

გარდაიცვალა მსახიობი ბერდია ინწკირველი

85 წლის ასაკში გარდაიცვალა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი, აჭარის დამსახურებული არტისტი ბერდია ინწკირველი. ბერდია ინწკირველმა 1963 წელს საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოღვაწეობა დაიწყო ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. მან ბათუმის დრამატულ თეატრში შექმნა არაერთი სცენური სახე, რომელთა შორის აღსანიშნავია: პიპიჩა (ჯარისკაცის მამა), დვალი (მოცურავე), მაქსიმა (ღამის ცეკვა), უსანთე (მელია და ყურძენი), ინკვიზიტორი (ტოროლა), დაზმირი (საღამოს ბაღში, როგორც ფერად სიზმარში) და სხვა.

მდიდარია ბატონ ბერდიას კინოგმირთა პალიტრა, იგი გადაღებულია ფილმებსა და სერიალებში: "მიზანი“, "ლეონარდო, "ყველაზე სწრაფი მსოფლიოში“, "ბანდიტი აგურის ქარხნიდან“, "ბათა ქექია“, "წინამორბედი“, "მაისის თოვლი“, "იქ ჩემთან“, "ოქროს ობობა“, "ციხე-სიმაგრე“, "ბოთე“, სათნოებათა კიბე“, "გაღმა ნაპირი“ და მრავალი სხვა.

ბერდიას ინწკირველის შემოქმედება დაკავშირებულია ქართული თეატრისა და კინოს არაერთ წარმატებასთან, მის მიერ შექმნილი მხატვრული სახეები ქართული სამსახიობო ხელოვნების ისტორიის ოქროს ფონდის განუყოფელი ნაწილია. მსახიობი კინოსა და თეატრში ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის არაერთგზის არის დაჯილდოებული თეატრალური და კინოპრემიებით, მინიჭებული აქვს დამსახურებული არტისტის საპატიო წოდება.

სამძიმრის წერილი სოციალურ ქსელში გაავცელა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრმა, რომლეშიც ვკითხულობთ:

"ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გამოთქვამს ღრმა მწუხარებას შესანიშნავი ქართველი მსახიობის ბატონ ბერდია ინწკირველის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, ქართული თეატრისა და კინოს გულშემატკივარებს".