ავტორი:

იზიუმის მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების უმეტესობა ქალია, არიან ბავშვებიც - "ვნახეთ ცხედრები კისერზე თოკით, შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებით..."

იზიუმის მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების უმეტესობა ქალია, არიან ბავშვებიც - "ვნახეთ ცხედრები კისერზე თოკით, შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებით..."

იზიუმში მასობრივ საფლავში აღმოჩენილი ცხედრების ექსჰუმაცია დასრულდა. 447 ცხედრიდან, უმეტესობა ქალია, არიან ბავშვებიც. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსი იგორ კლიმენკო და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.

"სამუშაოები ერთი კვირა გრძელდებოდა უწყვეტად. საფლავებიდან გარდაცვლილთა 447 ცხედარი ამოასვენეს. აქედან 215 ქალი, 194 მამაკაცი, 5 ბავშვი. დაღუპულთა შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა. გარდა ამისა, ნაპოვნია 11 ადამიანის ნეშტი, რომელთა სქესის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია”, - წერს კლიმენკო.

სინეგუბოვის ინფორმაციით, ცხედართა უმრავლესობას აღენიშნება ძალადობრივი სიკვდილის, ხოლო 30-ს - წამების ნიშნები.

"ვნახეთ ცხედრები კისერზე თოკით, შეკრული ხელებით, მოტეხილი კიდურებითა და ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით. რამდენიმე მამაკაცს ამპუტირებული აქვს სასქესო ორგანო”, - წერს სინეგუბოვი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაპოვნია წამების 10 ობიექტი, იზიუმში კი აღმოჩენილია 5 სასაფლაო, რომელშიც დასაფლავებულები იყვნენ რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული სამხედრო და სამოქალაქო პირები.