ავტორი:

"გოლის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო" - ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

"გოლის შემდეგ ხვიჩა მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, ეს შენი გოლიაო" - ბუდუ ზივზივაძის კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა "ერთა ლიგის" ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში, ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში საინტერესო თამაში აჩვენეს.

  • ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრები "ერთა ლიგის" B დივიზიონში გადავიდა და პლეი-ოფში გავიდა.

შეხვედრა ნელ ტემპში დაიწყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მეტოქე სივრცეებს გვიკეტავდა, იერიშების მიტანა გვიჭირდა. პირველი მომენტი მოწინააღმდეგემ შექმნა, როდესაც შორიდან სპიროვსკის ძლიერად დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ აბურჯანიას გატანა მეკარემ არ დაანება, მორიგი შეტევისას კი კვარაცხელიას ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში მიოვსკიმ ჩაჭრა. შემდეგ ზივზივაძემ ვერ უწია მიზანს და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მოწინააღმდეგემ აქტიურად დაიწყო, მიოვსკი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. ამას ჩვენი გუნდის კონტრშეტევა მოჰყვა და ხვიჩამ ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომებს უშვებდა, არ გვყავდა მოედნის ცენტრში ფეხბურთელი, რომელიც ბურთის დაჭერას, ტემპის დარეგულირებას და თამაშის დალაგებას შეძლებდა. თუმცა, 64-ე წუთზე ზივზივაძემ მეტოქეს ბურთი აართვა, კვარაცხელიას დიდებული გადაცემა გაუკეთა და მან ანგარიში გაზარდა.

მატჩის დასრულების შემდეგ ხვიჩამ აღნიშნა, რომ მისი გოლი ბუდუს დამსახურება იყო:

"ეს არის ფეხბურთი და ეს არის გუნდურობა... ძალიან ბევრი არ მოიქცეოდა ასე, მაგრამ ბუდუმ გამოავლინა გუნდური თვისებები. მნიშვნელობა არ აქვს ტაბლოზე ვინ ეწერება. ეს 100%-ით იყო ბუდუს გოლი", - აღნიშნა ხვიჩა კვარაცხელიამ.

კომენტარის გაკეთების მომენტში მასთან ერთად იყო ბუდუ ზივზივაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მისთვის მთავარი გუნდური წარმატებაა.

"ჩემთვის გუნდის წარმატებაა მნიშვნელოვანი, რადგან თუ გუნდი წარმატებულია, მეც წარმატებული ვარ. ხვიჩა გოლის შემდეგ მოვიდა, ჩამეხუტა და მითხრა, საჩუქარი გამიკეთე, შენი გოლიაო", - აღნიშნა ზივზივაძემ. ფეხბურთელების კომენტარს Geo Team ავრცელებს.

ნახეთ ვიდეო: