ავტორი:

"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?

"აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში... იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! რას ერჩით მათ?" - რას წერს დავით ბრაგვაძე?

გუშინ სრულიად ქართველი გულშემატკივრების ყურადღების ეპიცენტრი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონი იყო, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. მატჩის მიმართ საზოგადოებაში განსაკუთრებული მოლოდინი იყო და ამას ისიც მოწმობდა, რომ ეროვნული სტადიონის ყველა ბილეთი ერთ დღეში გაიყიდა. ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივარს იმედი არ გაუცრუეს და განსაკუთრებით მეორე ტაიმში საინტერესო თამაში აჩვენეს.

მატჩს ხელისუფლების წარმომადგენლები შვილებთან ერთად დაესწრნენ. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მატჩს შვილებთან - გიორგისა და ნიკოსთან ერთად დაესწრო. საქართველოს ნაკრების მაისურში გამოწყობილი პოლიტიკოსი საკმაოდ ემოციურად გულშემატკივრობდა ჩვენს ეროვნულ ნაკრებს. ისინი შეხვედრას VIP ლოჟადან ადევნებდნენ თვალს.

ასევე იქ იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, რომელიც შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებს, შვილთან ერთად გასახდელ ოთახში ეწვია.

განსაკუთრებით სასიხარულო აღმოჩნდა გუშინდელი დღე მამუკა მდინარაძის ვაჟისთვის, რომელმაც ყველაზე პოპულარულ ფეხბურთელთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან ფოტოს გადაღებაც კი მოახერხა.

თითქმის ყველა მატჩის შემდეგ, რომლის მიმართაც განსაკუთრებული მოლოდინებია, ისმის კრიტიკა, რატომ სარგებლობენ პრივილეგიებით კონკრეტული პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრები:

სწორედ ამ თემაზე წერს პოსტს არასამთავრობო ორგანიზაცია GISP-ის დირექტორი, დავით ბრაგვაძე:

"დასაწყისშივე ხაზს გავუსვამ, რომ ბავშვებზე არაა ეს პოსტი. მათ მშობლებზეა... ბიჭო, ჯერ იყო და არც მე, არც ჩემი შვილი არც მამაჩემი, არც ჩემი ძმაკაცები და მათი შვილები, არც არავინ შეგვიშვით ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან თამაშზე, რა დროსაც საშინაო არენის უპირატესობა დაგვაკარგინეთ და ევროპის ჩემპიონატის მიღმა დაგვტოვეთ...

სამაგიეროდ თქვენ მიხვედით. მიხვედით საკუთარ შვილებთან ერთად, სრულიად ცარიელ სტადიონზე და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეთ აზრი, რომ პრივილეგირებულ კასტას წარმოადგენენ.

გუშინ, ნაკრების გამარჯვების მერე ისევ აფრიალებთ თქვენი შვილების ფოტოებს, როგორ შეიყვანეთ ნაკრების გასახდელში და როგორი ბედნიერები არიან, როგორ აუხდინა გავლენიანმა მამიკომ ოცნება...

იცით რამდენ ბავშვს უყვარს ფეხბურთი?! იცით რამდენ ბავშვს უნდა ხვიჩასთან მასე მიახლოება?! იცით რამდენი ბავშვი ოცნებობს ნაკრების გასახდელში მოხვედრაზე?! თუმცა ამ კარგ ბავშვებს, თქვენი კარგი ბავშვებისგან განსხვავებით ეგეთი გავლენიანი მამიკოები არ ჰყავთ...ან საკუთარ შვილებს რას ერჩით? მართლა გგონიათ რომ კარგ საქმეს უკეთებთ?!

სხვისი შვილები მაინც დაინდეთ და კი მაინც ნუღარ უფრიალებთ დაუმსახურებელი პრივილეგიებით მიღწეული მომენტების ამსახველ ფოტოებს. არ შეიძლება ბავშვებს ბავშვების შურდეთ. არ შეიძლება თუნდაც ნაბოზარი მამები საკუთარ შვილებს (რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ) ასეთი პრივილეგიებით რყვნიდნენ..."