ავტორი:

გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი

გარდაიცვალა ლეგენდარული სპორტსმენი, ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი

გარდაიცვალა ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი, ძალოსანი, მსოფლიოსა და ევროპის არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ოქროს მფლობელი რაფაელ ჩიმიშკიანი.

ის იყო 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ორგზის მეორე პრიზიორი, ევროპის ექვსგზის ჩემპიონი და მეორე პრიზიორი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. საპატიო ნიშნის ორდენის, ღირსების ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენისა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, თბილისის საპატიო მოქალაქე (2003წ).

2012 წლის 23 მარტს რაფაელ ჩიმიშკიანს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, საქართველოს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა.

დამსახურებული ქართველი სპორტსმენი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"მწუხარებას გამოვთქვამ სახელოვანი ძალოსნის რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო.

მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.

გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნავს პრემიერი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.