ავტორი:

ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

ოკუპანტების სარაკეტო იერიში ხარკოვზე და მძიმე ბრძოლა ხერსონის რეგიონში  - რა ხდება უკრაინაში, ფრონტის ხაზზე?

უკრაინაში, ფრონტის ხაზზე კვლავ ურთულესი ვითარებაა. უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტებმა ქალაქ ხარკოვზე სარაკეტო იერიშისას, მიზანში ამოიღეს რკინიგზის სადგურის ტერიტორია და 18 000-ზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვეს. ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსეთის ძალებმა ისროლეს S-300 ტიპის რაკეტები, რომლებიც ანტისარაკეტო იარაღადაა შექმნილი, თუმცა ამჟამად მათ იყენებენ უკრაინის ქალაქებში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე შეტევისთვის.

მსხვერპლის შესახებ ცნობები არ გავრცელებულა.

მძიმე ბრძოლა გრძელდება ხერსონის რეგიონშიც - ამის თაობაზე იუწყება ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალები, რომლებიც მდინარის მარჯვენა მხარეს არიან განლაგებული, უკრაინის თავდაცვის ძალების მასობრივი შეტევების სამიზნეში არიან მოქცეული.

უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინული ავიაცია დიდი ინტენსივობით ბომბავს რუსულ პოზიციებს ხერსონის რაიონში. თუმცა რუსული არტილერია ასევე ძალიან აქტიურია. უკრაინელებს წინსვლა უჭირთ. რეალურად, ამ მიმართულებით ორივე მხრიდან დიდი ძალაა წარმოდგენილი, შესაბამისად, დანაკარგიც მაღალია.

ბრიტანეთის დაზვერვა ასევე იუწყება, რომ რუსეთის ძალები კვლავ ცდილობენ წინსვლას ბახმუტთან, დონეცკის ოლქში, მიუხედავად მძიმე ზეწოლისა ჩრდილოეთის და სამხრეთის ფრონტებიდან.