ავტორი:

ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?

ვინ ააფეთქა "ჩრდილოეთის ნაკადი"? - ევროპა იძიებს გაზსადენზე მეგადივერსიას, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ: რას აცხადებენ კრემლში?

ევროპამ დაიწყო რუსეთის მთავარი მაგისტრალური გაზსადენის სამ ხაზზე მომხდარი დივერსიის გამოძიება. საზღვაო ფლოტი პატრულირებს რუსული გაზით გაჯერებული ბალტიის ზღვაში, არმია და პოლიცია აძლიერებენ ნავთობისა და გაზის ობიექტების უსაფრთხოებას. პოლიტიკოსები კი ჰპირდებიან უმკაცრეს პასუხს ევროკავშირის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე უპრეცედენტო თავდასხმაზე პასუხისმგებელ პირებს.

ვინ ააფეთქა Nord Stream-ის სამი ხაზი ერთდროულად დანიისა და შვედეთის სანაპიროებთან, უახლოეს დღეებში ალბათ ვერ გავარკვევთ. ევროპელები ამბობენ, რომ დარწმუნებულნი არიან, რომ ეს დივერსიაა, მაგრამ უახლოეს კვირაში აფეთქების ადგილთან მიახლოებაც კი არ გამოვა.

გაზი დაზიანებული მილებიდან ჯერ კიდევ დიდი ძალით გამოდის 80-მეტრიანი სიღრმიდან წყლის ზედაპირისკენ და ბუშტუკები კილომეტრიანი რადიუსის ფართობზე ჩანს.

გაზსადენი გათიშულია, მაგრამ მასში კიდევ დიდი რაოდენობით გაზია დაგროვილი, რომლის დაახლოებით ნახევარია აორთქლებული. როგორც დანიისა და შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაჟონვის ინტენსივობა შაბათ-კვირამდე არ შემცირდება.

გერმანული და დანიური გემები პატრულირებენ აფეთქების არეალის სიახლოვეს, ხომალდების მიმოსვლისთვის ეს რაიონი დახურულია.

კრემლმა პარასკევს მოიწვია გაეროს უშიშროების საბჭო და უარყო ბრალდებები ავარიაში მონაწილეობის შესახებ, როგორც "სულელური და აბსურდული".

"ჩვენ ამით დაინტერესებულები ვართ? არა და არა! ჩვენ დავკარგეთ გაზის მიწოდების მარშრუტები ევროპისკენ", - განუცხადა სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს.

მან გაიხსენა, რომ ამერიკა, როგორც ნავთობისა და გაზის წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, სარგებლობს ევროპულ ბაზარზე რუსული მიწოდების შემცირებით და გაზის ფასების ზრდით.

ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა "ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილის მახლობლად ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები დააფიქსირეს, - ინფორმაციას CNN დასავლეთის დაზვერვის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეკომპანიის წყაროების განმარტებით, გაურკვეველია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ აფეთქებებთან, რომელმაც, სავარაუდოდ, მილსადენებიდან გაზის გაჟონვა გამოიწვია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მრავალი ფაქტორიდან, რომელსაც გამომძიებლები შეისწავლიან.

დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენელის განცხადებით, ამ ტერიტორიებთან ახლოს გასულ კვირას რუსული წყალქვეშა ნავებიც შენიშნეს. აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას დანიელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ რუსული გემები რეგულარულად მოძრაობენ რეგიონში და ხაზი გაუსვა, რომ გემების დაფიქსირება სულაც არ მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანება რუსეთის გამოწვეულია.

შეგახსენებთ, "ჩრდილოეთის ნაკადი 1“-სა და "ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მომხდარს ორივე ქვეყანა იძიებს. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ინციდენტის მიზეზი დივერსიული აქტია.