ავტორი:

"თავადაც აღიარებენ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული, აფინანსებს მედიას, პარტიებს" - პაპუაშვილი კეზერაშვილზე

"თავადაც აღიარებენ, რომ ის არის ადამიანი, რომელსაც ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული, აფინანსებს მედიას, პარტიებს" - პაპუაშვილი კეზერაშვილზე

რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც ტერმინი ოლიგარქი შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში, თავად ოლიგარქის გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, რანაირი შინაარსიც არ უნდა მისცეს ოპოზიციამ დეოლიგარქიზაციის კანონს, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ოლიგარქს საკუთარ რიგებში აღმოაჩენენ.

"თავად აღიარებენ, რომ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული და აფინანსებს მედიას, პარტიებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს არის თავად დეფინიცია ოლიგარქისა და ცხოვრებისეული ირონიაა თავად ამაში მცხოვრები რადიკალური ოპოზიციის, რომ ბუმერანგივით ეს ტერმინი მიუბრუნდათ უკან. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც, ოპოზიცია არამხოლოდ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე ამბობს უარს, არამედ განაცხადეს, რომ საკუთარ მოდელს წარმოადგენდნენ, რომელიც ასევე არ წარმოადგინეს. რანაირი შინაარსიც არ უნდა მისცენ ამ კანონს, საბოლოო ჯამში, ნებისმიერ ოლიგარქს აღმოაჩენენ საკუთარ რიგებში. კარგი რაც მოიტანა ამ პროცესმა, არის აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს და მართავს ოლიგარქი. ვნახეთ, რომ პარტია ფაქტობრივად ჩამოიშალა, იმიტომ რომ შიდა მმართველობაში ჩაერია ოლიგარქი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი "ფეისბუქზე“ წერს, რომ არასდროს ჩარეულა და არც მომავალში აპირებს ჩაერიოს ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. კეზერაშვილის თქმით, პარტიული პოლიტიკის მიმართ საკუთარი ინტერესი არ აქვს, ამასთან, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს იტყვის ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე.