ავტორი:

"დირექტორმა ჩემს მშობლებს უთხრა, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს თვალი გამოთხაროსო“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც სკოლაში რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის დროშების გამოფენა გააპროტესტა

"დირექტორმა ჩემს მშობლებს უთხრა, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლეს თვალი გამოთხაროსო“ - რას ჰყვება ბიჭი, რომელმაც სკოლაში რუსეთის და ე.წ. აფხაზეთის დროშების გამოფენა გააპროტესტა

29 სექტემებრს, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლაში მოსწავლემ რუსეთის და დე ფაქტო აფხაზეთის, როგორც "დამოუკიდებელი სახელმწიფოს“, დროშები ჩამოხია, რაც სკოლის სტენდზე, სხვა ქვეყნების ეროვნულ სიმბოლოებთან ერთად იყო გაკრული, რის შემდეგაც მოსწავლე, საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას გააგდეს, ამასთანავე, სკოლის ადმინისტრაციამ მოსწავლეს "სკოლის ინვენტარის დაზიანებისთვის“ საყვედური გამოუცხადა". მომხდარს დიდი გამოხმაურება და ხმაური მოჰყვა.

სკოლის პედაგოგებმა ambebi.ge -სთან ეს ინფორმაცია ნაწილობრივ დაადასტურეს. მათი თქმით, სხვა ქვეყნის დროშებთან ერთად, აფხაზეთის დროშა სტენდზე როგორ აღმოჩნდა, უცნობია. “დიახ, ბავშვმა ჩამოხია დროშა, რაზეც სკოლის ინვენტარის დაზიანების გამო შენიშვნა მიეცა, თუმცა მოსწავლე სკოლიდან არ გაგვიშვია. ეს მცდარი ინფორმაციაა. დროშა როგორ აღმოჩნდა სკოლაში, ვერ გეტყვით, ალბათ სტამბის შეცდომაა. რომელმა სტამბამ დაბეჭდა, არ ვიცით”,- აცხადებენ პედაგოგები.

როგორც ირკვევა, ამის შემდეგ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლის მიერ სტენდზე გაკრული რუსეთის და აფხაზეთის დროშების ჩამოხსნას ხმაური მოჰყვა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა განაცხადა.

მოსწავლე, რომელმაც სკოლაში დროშების გამოფენა გააპროტესტა, მე-11 კლასელი ლუკა ნაცვლიშვილია. "დირექტორმა ჩემს მშობლებს გამოუცხადა, - დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ ჩემს რუს მოსწავლეებს თვალებს გამოთხრისო", - ამბობს ლუკა ambebi.ge -სთან.

ამბობს იმასაც, რომ მიღებული შენიშვნის მიუხედავად, სრულიად დარწმუნებულია, რომ სწორად მოიქცა.

“შევნიშნე სხვადასხვა ქვეყნის დროშები იყო გამოფენილი, ე.წ. აფხაზეთის დროშა არ დამინახავს, პირველ რიგში რუსეთის დროშა ჩამოვხიე, შემდეგ დაირეკა ზარი, კლასში ავედი და ჩემ კლასში თქვეს, რომ აფხაზეთის დროშაც ყოფილა, რაც კლასში გავაპროტესტეთ. კლასელებმა ვთქვით, თუ რატომ იყო ცალკე აფხაზეთის ე.წ. დროშა, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის... კლასის დამრიგებელმა გვიპასუხა, - ეს ფაქტი გამოგვრჩა და ჩამოხსენითო. დირექციის თანხმობით, ბავშვები ჩავედით, კონკრეტულად აფხაზეთის დროშა მე არ ჩამომიხსნია, ეს უკვე კლასელებმა ყველამ ერთად გავაკეთეთ. სკოლის დირექტორი ჩემს მშობლებს ესაუბრა და საკითხი ასე დაუყენა, - ბავშვი სხვა სკოლაში გადაიყვანეთ, რადგან სკოლაში საშიშროებას ქმნის, დღეს დროშა ჩამოხია, ხვალ შეიძლება ჩემს რუს მოსწავლესთან მივიდეს და თვალი გამოთხაროსო… საიდან გამომდინარე განაცხადა დირექტორმა ასეთი რამ, არ ვიცი, ჩემგან სკოლაში არანაირი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა.... ჩვენს სკოლაში რუსული სექტორის მოსწავლეები არიან, თუმცა არავინ არაფერს ვერჩით. ჩემს მშობელს თავად დირექტორი დაუკავშირდა… მასწავლებლების ნაწილი მეუბნებოდა, რომ არასწორად მოიქეციო, ნაწილი და მანდატურები კი მხარს მიჭერდნენ. ახალი სასწავლო წელი რომ დაიწყო, პირველი კვირა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დავდიოდი სკოლაში, რომ მივედი ეგრევე შევამჩნიე და ჩემი პროტესტი გამოვხატე. ახლა ჩვეულებრივად ვაგრძელებ სწავლას. კლასელები გვერდში მიდგანან”,- გვითხრა ლუკა ნაცვლიშვილმა.