ავტორი:

"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი პოზიციების დაახლოებაც მოხდეს“ -  რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"?

"ნაციოანლურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე ambebi.ge აქამდეც არაერთხელ წერდა. რამდენიმე ფრთას შორის პარტიაში უთანხმოება დღეს არ დაწყებულა, ენმ-ში სერიოზული შიდა დინებებია და როგორც იკვეთება, პარტიის შიგნით გარკვეული დაჯგუფებები, სააკაშვილის მომხრეების აქტიურ განეიტრალებაზე მუშაობენ. ამ ყველაფერმა პიკს მას შემდეგ მიაღწია, რაც ექსპრეზიდენტმა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების შესახებ განცხადება გაავრცელა. "ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ გაზაფხულზე სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება და პარტიაში ლიდერობისთვის ნამდვილი ომი დაიწყება.

აქტიურად დაიწყო ლაპარაკი "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ჩანაცვლების შესახებ და ეჭვი იმაზე, რომ პარტიაში მთლად კარგად ვერ იყო საქმე, მას შემდეგ გამძაფრდა, რაც ნიკა მელიამ ყოფილი თავდაცვის მინისტრის მისამართით პირდაპირი ეთერით განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი მისი პარტიისთვის სახიფათოა, "არ არის გულწრფელი“ ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში და რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან, მით უკეთესი იქნება პოლიტიკური ცხოვრებისთვის“. მისმა მომხრეებმა ეს პოლიტიკურად მომგებიან ნაბიჯად შეაფასეს, ვინაიდან ცოტა ხნის წინ "ოცნებამ“ დავით კეზერაშვილი ოლიგარქად მოიხსენია. იმასაც ამბობენ, რომ მელიას ეჭვი გაუჩნდა, რომ კეზერაშვილი მის ჩანაცვლებას ლევან ხაბეიშვილით ცდილობს.

რამდენიმე დღის წინ, პარტიის თავმჯდომარეს "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრი გიორგი მუმლაძე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც საჯაროდ განაცხადა, რომ მელიამ პოსტი უნდა დატოვოს. პარტიაში ამბობენ, რომ მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი და ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა", რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.

გიორგი მუმლაძე თავის მხრივ ჰყვება, რომ რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ. მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ, ასევე, მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა - მუმლაძე მელიას დაცვამ გალახა. მუმლაძე ამბობს, რომ თუკი ვინმეს სურს "ნაციონალური მოძრაობის" გადარჩენა და ოლიგარქ ივანიშვილთან ბრძოლა, მელიამ პარტიის თავმჯდომარეობის პოსტი უნდა დატოვოს.

"ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საყვედური და პრეტენზიები ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმაც გამოთქვა და საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარტიაში წყლის ამმღვრევებს დაასახელებდა. ჟორჟოლიანმა ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციების ჩაშლაზე და არდაფინანსებაზე, რაშიც ბრალი პარტიის წევრ პეტრე ცისკარიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს დასდო.

"ნაციონალური მოძრაობის გენმდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა მისი მისამართით ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებებს ტყუილი და "როყიოდ ნათქვამი“ უწოდა.

ასეა თუ ისე, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ გავლენებისთვის ბრძოლა მიდის და იქ არსებული დაჯგუფებები ერთმანეთის გამოაშკარავებას აღარ ერიდებიან. ამაზე ინფორმაციები როგორც ინტერნეტსივრცეში, ასევე მედიითაც ვრცელდება.

წყარო "ოცნებიდან“ გვიყვება:

"ნაციონალურ მოძრაობაში“ მიდის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. შიდა ომი მას შემდეგ დაიწყო, რაც კეზერაშვილმა ენმ-ზე სრული კონტროლი მოინდომა. მელია არ არის კეზერაშვილის ფავორიტი. ის, ზოგადად უკონტროლოა, თავისი ფინანსები აქვს და ცალკე მოქმედებს. ის გაემიჯნა რადიკალურ ფრთას, რომელიც მას მუდმივად თავს ესხმის და მიშას საკითხში უმოქმედობაში ადანაშაულებს. კეზერაშვილმა ნელ-ნელა აიღო პარტია, ჯერ იყო და ცოლისძმა - დიმიტრი ჩიქოვანი მიიყვანა პარტიაში პიარის უფროსად, მერე პეტრე ცისკარიშვილი - გენმდივნად (რომელიც პარტიის მთავარი თვალია), ბოლოს კობა ნაყოფიას წასვლა მოსთხოვა პარტიიდან, რაზეც მელია წინააღმდეგი წავიდა - ნაყოფია მიშას მეგობარია და ამაზე მელიას ჰქონდა პროტესტი, მიხვდა, რომ ნაყოფიას შემდეგ, მისი ჯერი დადგებოდა, ამიტომაც დისტანცირდა მისგან. კეზერაშვილმა გადაიბირა ხაბეიშვილი, დეკანოიძე, ბოტკოველი... მერაბიშვილს თავისი ფრთა ჰყავს და ისიც იბრძვის გავლენებისთვის, მაგრამ რეალურად, მაინც კეზერაშვილია აქ მთავარი, ის არის დამფინანსებელი“.

დავით კეზერაშვილმა საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ის მის ირგვლივ მოარულ ხმებს უარყოფს და ამბობს, რომ არანაირი პირადი ან პარტიული დღის წესრიგი ქართულ პოლიტიკაში არ გააჩნია, რაც, ბუნებრივია, იმას არ ნიშნავს, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე უარს იტყვის.

"ჩემი სახელის ირგვლივ ატეხილი ხმაურისა და ბრალდებების მიუხედავად, არ ვაპირებ ამ დამაზიანებელ დისკუსიაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი - ამ ყველაფერს ერთი გამარჯვებული ეყოლება - ბიძინა ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული, პრორუსული რეჟიმი. ქვეყნის ბედით დაინტერესებულ ძალებს დღეს ნამდვილად ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს, ვიდრე ეს ვიწროპარტიული გარჩევები... მკაფიოდ ვამბობ - მე არასოდეს ჩავრეულავარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში... პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არა მაქვს. ამასთანავე, ბუნებრივია ეს არ ნიშნავს, რომ უარს ვიტყვი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაზე“, - წერს დავით კეზერაშვილი, რომელიც დასძენს, რომ არ აპირებს მშვიდად იყოს და შორიდან უყუროს მისი მეგობრების - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნას. "ისინი რეჟიმის პოლიტიკური პატიმრები არიან და რაც ჩემ ძალებშია, ყველაფერს გავაკეთებ მათი გათავისუფლებისათვის. ასევე არ მაქვს უფლება, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხარი არ დავუჭირო სამოქალაქო საზოგადოებას, მის აქტიურობას“, - წერს კეზერაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფრთა სააკაშვილისგანაც ელის განცხადების გაკეთებას. მელიას ფრთა ითხოვს სააკაშვილის მხარდაჭერას და იმის ღიად დაფიქსირებას, რომ ისაა პარტიის ლიდერი. მეორე, მელიასთან დაპირისპირებული ჯგუფი ენმ-ს უმოქმედობაში და სააკაშვილის გათავისუფლების თემის დღის წესრიგიდან მოხსნაში ადანაშაულებს, ის აქციების მომხრეა და მიშასგან ელოდება, ენმ-ს უმოქმედობაზე გამოხატოს პოზიცია. იმ მოტივით, რომ ჩამოშორდა პოლიტიკას, სააკაშვილი დუმს და ამ ომში არ იღებს მონაწილეობას.

რამდენად ექნება მომავალი ენმ-ს მიშას გარეშე, ამას დრო გვიჩვენებს. საუბარია იმაზეც, რომ შესაძლოა, პარტია გარკვეულმა ჯგუფმა დატოვოს და 2016 წლის გაყრა განმეორდეს, რის შედეგადაც "ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული პარტია "ევროპული საქართველო“ მივიღეთ.

სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ გვეუბნება, რომ პარტიაში დაპირისპირების მთავარი შემოქმედი ვანო მერაბიშვილია, რომელთანაც მელიას დაძაბული ურთიერთობა აქვს და რომელსაც დაზიანებული იმიჯის გამო, თავმჯდომარემ პარტიიდან განზე გადგომა ურჩია.

"ვანო გამოვიდა ციხიდან და მელიამ, სავარაუდოდ, მიშას მითითებით, ის არ მიაკარა პარტიას (იციან, რომ ძველი სახეები - ახალაიები და მერაბიშვილი მოსახლეობას აღარ უნდა), ვინაიდან ეს პარტიისთვის პოლიტიკურად წამგებიანი იყო. მიშა მაშინ ჯერ კიდევ უკრაინაში იყო. ვანო იმის ჩიტი არ იყო, ისე გაჩერებულიყო და დაიწყო პროცესი... თუ გადახედავთ იმ ხალხს, ვინც მელიას უტევს, მათი უმრავლესობა ან ძველი ძალოვანი და მათი ახლობელია, ან ვარშალომიძის მომხრე. როცა პარტიის თავმჯდომარის ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, მელიამ მიიღო 13 ათასი, ვარშალომიძემ კი 7 000 ხმა, რის შედეგადაც თავმჯდომარე გახდა მელია. ვარშალომიძის აქტივობა პროცესში არსად ჩანს, სამაგიეროდ, მისი მხარდამჭერები აქტიურობენ.. პარტიაში რაღაცნაირი კოალიციასავით გამოვიდა, რომელმაც მერე ერთხმად შეუტია მელიას. "ქოცებსაც" მეტი რა უნდათ, ოღონდ ენმ-ს შიგნით იყოს დაძაბულობა, ვინაიდან 2024-ში პროპორციული არჩევნებია და ოპოზიცია თუ მეტ-ნაკლებად მობილიზებული იქნა, შანსი არაა "ოცნებამ“ უმრავლესობა აიღოს. გამოსავალიც მონახეს - ენმ-ს დაშლა შეიძლება იმდენად არ უნდოდეთ, რამდენადაც მთავარ იპოზიციურ პარტიაში მუდმივი წინააღმდეგობა. დღესდღეობით, პარტია დაყოფილია ვარშალომიძისა და ვანოს მიმდევრებით (ძირითადად - ძალოვნები) და საკრებულოებსა და აპარატს მიღმა დარჩენილი აქტივისტებით. ეს შეიძლება ცალ-ცალკე ჯგუფებია, მაგრამ ახლა ერთ კონტექსტში არიან მელიას წინააღმდეგ.

მელიას კეზერაშვილისგან დისტანცირების 2 მიზეზი აქვს:

1. მასთან ერთად პოლიტიკაში გამოჩენა პოლიტიკურად არარენტაბელური და წამგებიანია და

2. კეზერაშვილმა ვანოსთან და მელიასთან დაპირისპირებულ ჯგუფებთან დაიწყო დაახლოება. ახლა მიდის ბრძოლა პარტიის ხელში ჩასაგდებად, რაზეც, ძირითადად ვანოს აქვს პრეტენზია.

მინდა ისიც გითხრათ, რომ მიშას გარეშე არც ერთი აქცია არ მუშავდებოდა. ივნისის თვეში გაკეთებულ ბოლო განცხადებაში მიშამ ნიკა შეაქო და თქვა, რომ მელია არის კანონიერად არჩეული თავმჯდომარე. ახლა მიდის საუბარი იმაზე, თითქოს ყველა იყიდა კეზერაშვილმა, რაც ამ ბრძოლის შემადგენელი ნაწილი, ე.წ. შავი პიარია. ამას რომ ავრცელებ, ხომ უჩნდება მაგალითად, მელიას ეჭვი, მართლა ხომ არ იყიდა ისინიო? ეს არის საინფორმაციო დაბომბვა. ესეც შეიძლება, მართალი იყოს, ფული მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, თუმცა ყველაფერი დანარჩენი დეტალებია მთელ ამ კარუსელში. ყოველ შემთხვევაში, მიშა მელიას მხარდამჭერია და არც ერთ განცხადებაში ორჭოფულადაც კი არ უთქვამს, რომ სხვისკენ, იმათ მხარეს იხრება. მიშამ თქვა, პოლიტიკიდან წავედიო და ახლა რომ პოზიცია დააფიქსიროს, გამოდის, არ წასულა, გამოვა "ოცნება“ და იტყვის, იტყუებაო. რატომ ელოდებიან მის განცხადებას, ის ვერაფერს იტყვის იმაზე მეტს, რაც მის ბოლო განცხადებაში თქვა. პარტია და პოლიტსაბჭოც მელიას უჭერს მხარს. პარტია ვერ დაიშლება, უბრალოდ, ეს ჯგუფები წყალს ამღვრევენ ამომრჩეველთან, რაც ძალიან ცუდია, ამით, საბოლოოდ, "ოცნების“ საქმე კეთდება და ამ ყველაფერს მერაბიშვილი მეთაურობს. გაიხსენეთ, ბიძინა როცა მოვიდა პოლიტიკაში, პირველს ვის მიმართა, კარგი მენეჯერი ხარ, მოდი გვერდში დამიდექიო? მას მანამდეც სულ ვანოსთან ჰქონდა პირდაპირი კავშირი. ბუნებრივია, ვანოს აქვს ლიდერობაზე პრეტენზია, ვინაიდან ვარშალომიძეს არც ფული აქვს და არც გავლენა, ვანოს კი ორივე აქვს, თან არ ჩანს. შეიძლება თვითონ სულაც არ გამოჩნდეს, მიხვდეს, რომ ეს წამგებიანი იქნება და ასპარეზზე ვარშალომიძე გამოიყვანოს. მოკლედ, დღეს მელიას მერაბიშვილი და კეზერაშვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უპირისპირდებიან, თუმცა შესაძლოა მათი დაახლოებაც მოხდეს“, - გვეუბნება წყარო "ნაცმოძრაობიდან".

ენმ-ში მიმდინარე პროცესებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე აფასებს:

"როგორც ამბობენ, ენმ-ში ძალაუფლებისთვის და გავლენებისთვის ბრძოლა მიდის. გამომდინარე იქიდან, რომ სააკაშვილი აღარ არის ლიდერი და განაცხადა, რომ პარტიას ჩამოშორდა და ქართულ პოლიტიკაში აღარ ერევა, რეალურად გაჩნდა ახალი ლიდერის საჭიროება. ახლა ლიდერისთვის მიდის ბრძოლა. გარდა ამისა, პარტიის დამფინანსებელი კეზერაშვილია და მისი განაწყენება იმას ნიშნავს, რომ დაკარგავენ დამფინანსებელს. ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა, დიდი ხანია მიდის. ახლა ყველა სააკაშვილის რეაგირებას და მის განცხადებას ელის. შესაძლოა, საბოლოო ჯამში, პარტიის დაშლამდეც მივიდეს საქმე. რა პროპორციით გაიყოფა პარტია, განსაკუთრებით ელექტორალური თვალსაზრისით, ამის თქმა ძნელია. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სააკაშვილის როლი და ფუნქცია, ანუ რა განცხადება შეიძლება გააკეთოს. ის ჯერჯერობით დუმს. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეს მისი პოლიტიკური რეიტინგი საკმაოდ დაბალია, ყოველ შემთხვევაში, მკვიდრდება აზრი, რომ სააკაშვილი, როგორც პოლიტიკური ფიგურა საქართველოსთვის უკვე გამოუსადეგარია. შესაბამისად, ეს აძლიერებს იმ დაპირისპირებას, წყალქვეშა დინებებს, რაც ენმ-შია და თუ კარგად ჩავხედავთ, იკვეთება ორი ფრთა, ესაა მელიას ფრთა, რომელიც ემიჯნება ძველ გვარდიას და 2. ძველი გვარდია, რომელიც მიბმულია კეზერაშვილთან და სხვებთან. ეს ის ხალხია, რომელიც პარტიისთვის ფინანსურ გარანტიებს ქმნის და რომელშიც ყოფილი ხელისუფლების ბიზნესელიტის, ან სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლები არიან. ცხადია, იქ კერძო ინტერესებიც არის. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც ითქვა - ფინანსები გავასაჯაროოთო, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანია კეზერაშვილის წვლილი და გარკვეული ნაწილი ადამიანებისა სწორედ მისგან ღებულობს ფინანსებს და არ უნდათ ის პარტიიდან გარიყული იყოს. აქ ლაპარაკია შავ ფულზე, რომლის გასაჯაროვებაც ვერ ხერხდება ხოლმე. როგორც ჩანს, მელია გარკვეულწილად, უკმაყოფილოა კეზერაშვილით და - პირიქით. როგორც ერთს, ისე მეორეს მხარდამჭერები ჰყავს და გადაწყვეტილების მიმღები იმისა, ვინ დარჩეს და ვინ - წავიდეს, არის ერთი კაცი - სააკაშვილი, რომელიც დუმს. პროცესები მიდის და ეს ჯერ მხოლოდ დუღილია. სააკაშვილი თუ არ გააკეთებს განცხადებას, ეს პროცესი დროში გაგრძელდება, რაც ოპოზიციისთვის მაინც და მაინც მომგებიანი არ არის. მეორეს მხრივ, ენმ-ში არ ჩანს ნომერ მეორე ლიდერი და შესაძლოა ახალი ლიდერის ძიების და ჩამოყალიბების პროცესიც მიდის. მოკლედ, "ნაციონალურ მოძრაობაში“ კომპლექსური პრობლემებია. სანამ სააკაშვილი საქართველოშია და ციხეშია, ელექტორატი მას ელოდება და პარტიში მიმდინარე პროცესები, ამ ეტაპზე, ძირითადად მაინც მის შემდგომ პოზიციაზე იქნება დამოკიდებული,“ - ამბობს ძაბირაძე.

ავტორი: ნიკა გულუა