ავტორი:

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც მოსკოვის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს

რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს რეზოლუციას, რომელიც მოსკოვის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას გმობს

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო შეერთებული შტატებისა და ალბანეთის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციას, რომელიც გმობს მოსკოვის მიერ უკრაინის ნაწილების ანექსიას, - ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჩინეთმა, გაბონმა, ინდოეთმა და ბრაზილიამ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა რეზოლუცია წარადგინა და წევრ ქვეყნებს მოუწოდა, არ ცნონ უკრაინის შეცვლილი სტატუსი, რუსეთს კი შეახსენა, რომ ვალდებულია, თავისი ჯარები გაიყვანოს.

"რუსეთის სასარგებლოდ არცერთ ქვეყანას არ მიუცია ხმა. არც ერთს", - განუცხადა თომას-გრინფილდმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, ვაშინგტონი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 193 წევრს მიმართავს, რათა დაგმოს რუსეთის ქმედებები.

შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შემადგენლობაში უკრაინის ოთხი რეგიონის შესვლა გამოაცხადა. ეს რეგიონები უკრაინის ტერიტორიის 15%-ს შეადგენენ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მოსკოვის ეს ნაბიჯი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე დიდი ანექსიის მცდელობად შეაფასა.