ავტორი:

სენაკის თეატრის შთამბეჭდავი შენობა, ნაგებობის მხატვრობა და ბაროკოს სტილი - საქართველოს კიდევ ერთი არქიტექტურული მარგალიტი (ფოტოები)

სენაკის თეატრის შთამბეჭდავი შენობა, ნაგებობის მხატვრობა და ბაროკოს სტილი - საქართველოს კიდევ ერთი არქიტექტურული მარგალიტი (ფოტოები)

საქართველოს ამა თუ იმ რეგიონში მარგალიტებივითაა გაბნეული თეატრებისა, თუ კულტურის სახლებისთვის განკუთვნილი ულამაზესი ნაგებობები. სენაკის აკაკი ხორავას დრამატული თეატრის შენობა, მისი შიდა სივრცე, თუ გარე ფასადი მართლაც იშვიათი და გამორჩეულია. თეატრალური დასი ჯერ კიდევ XIX საუკუნის 80-იან წლენში ჩამოყალიბდა, თუმცა თეატრის შენობის მშენებლობა 1955 წელს დაიწყო და 1959 წელს დასრულდა.

მისი არქიტექტორი სენაკის მკვიდრი ხუტა გოგოლაძე იყო, მშენებელ-ინჟინერი ვლადიმერ არჩაია. შენობა განეკუთვნება ბაროკოს არქიტექტურულ სტილს მისთვის დამახასიათებელი კოლონებით, კლასიკური ორნამენტებითა და ჭაღებით. თეატრი სენაკის ცენტრალურ მოედანზეა აგებული. გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. შენობა სამსართულიანია, მაყურებელთა დარბაზს ცენტრალური ნაწილი უჭირავს.

ის 500 მაყურებელს იტევს. 1980 წელს დიმიტრი ბარქაიამ ვესტიბიულის და საკონცერტო დარბაზის ჭერი მოხატა. შენობას პირველად სარეკონსტრუქციო სამუშაოები1984-1985 წლებში ჩაუტარდა, მაგრამ 1992-1993 წლების სამოქალაქო და 2008 წლის აგვისტოს ომების დროს ნაგებობა დაზიანდა. მორიგი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს დასრულდა.

გამოიცვალა შენობის სახურავი, ჩატარდა ფუნდამენტისა და კედლების გამაგრებითი სამუშაოები, გარე ფასადისა და ინტერიერის სრული რეაბილიტაცია. აღდგა ჭერის დიმიტრი ბარქაიას უნიკალური მხატვრობა. პარტერში და იარუსზე დამონტაჟდა ახალი სავარძლები, სცენა აღიჭურვა თანამედროვე განათებისა და გახმოვანების აპარატურით.

  • თეატრის მოკლე ისტორია:

XIX საუკუნის 80-იან წლებში დაბა ახალსენაკში თეატრალური ხელოვნების ჩასახვას და განვითარებას ხელი შეუწყო ქართული თეატრის დაარსებამ და 1881 წელს დაბაში ადგილობრივი ძალებით პირველი წარმოდგენა გაიმართა. ცნობილმა დრამატურგმა აქვსენტი ცაგარელმა, რომელიც ახალსენაკის რკინიგზის უფროსად იყო დანიშნული, მეუღლესთან, ნატო გაბუნია-ცაგარელთან ერთად, დიდი წვლილი შეიტანა დაბის თეატრალური ცხოვრების განვითარებაში.

ახალსენაკს ბევრჯერ სწვევიან იმ დროის გამოჩენილი მსახიობები - ლადო მესხიშვილი, ვასო აბაშიძე, მაკო საფაროვა-აბაშიძე, ვალერიან გუნია, შალვა დადიანი, ნუცა მხეიძე და სხვ. 1912 წლიდან ადგილობრივ დრამატულ დასში გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, მათ შორის აკაკი ხორავა. 1918 წელს დაიდგა პიესა "ღალატი,“ რომელშიც ოთარ ბეგის როლი პირველად აკაკი ხორავამ განასახიერა.

1940 წლიდან თეატრს სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიენიჭა. 1947 წელს ქუთაისში თეატრის ერთკვირიანი გასტროლები ჩატარდა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო თეატრის ისტორიაში. 1949 წელს სენაკის სახელმწიფო თეატრი დაიხურა და მოგვიანებით რაიონის კულტურის სახლთან ძლიერი დრამატული კოლექტივი შეიქმნა, რომელიც 1959 წლამდე არსებობდა. 1959 წლიდან 1990 წლამდე კი სახალხო თეატრი ფუნქციონირებდა. 1990 წელს სენაკში, 40 წლის შემდეგ კვლავ აღდგა სახელმწიფო თეატრი. განახლებული თეატრის პირველი სეზონი 1991 წლის 10 ივლისს გაიხსნა.