ავტორი:

"ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა" - მკვლელობა თბილისში: დაკავებულია ერთი პირი

"ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა" - მკვლელობა თბილისში: დაკავებულია ერთი პირი

თბილისში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ზ.თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა ნაცნობს - 1957 წელს დაბადებულ დ.შ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ზ.თ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილის ცხედარი დანაშაულის ჩადენის ადგილიდან მოშორებით გადაიტანა და ერთ-ერთ ქუჩაზე დატოვა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.