ავტორი:

"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

"ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედროების მკვლელობას, ასევე ქალების წამებას" - სომხეთი აზერბაიჯანულ ძალებს სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების შესახებ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ აზერბაიჯანელი მომხმარებლების მიერ სოციალურ ქსელებში თანმიმდევრულად გავრცელებული ვიდეოები აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებს ასახავს, - ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

  • კერძოდ, სომხეთის საელჩოს ცნობით, "ვიდეოები ასახავს სომეხი სამხედრო ტყვეების სასამართლოს გარეშე მკვლელობებს, სომეხი სამხედროების, მათ შორის ქალების წამებასა და ცხედრების შეურაცხყოფას.

მათივე განმარტებით, "სომხეთის რესპუბლიკა ითხოვს ამ და წინა პერიოდში აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი შემზარავი სამხედრო დანაშაულების მკაფიო შეფასებას“.

"ჩვენ ვიქნებით თანმიმდევრული პრობლემის გახმოვანებაში შესაბამის საერთაშორისო პლატფორმებსა და დაწესებულებებში, ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩამდენი და ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემის საქმეში, მათ შორის საერთაშორისო სანქციების გამოყენებით. ამ კონტექსტში, სათანადო საერთაშორისო გამოძიება იმპერატიულია.

ამავდროულად, საერთაშორისო თანამეგობრობა ვალდებულია, გაზარდოს აზერბაიჯანზე ზეწოლა, აზერბაიჯანში უკანონოდ მყოფი სომეხი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაუყონებლივ დაბრუნების, იძულებითი გაუჩინარების შემთხვევებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევის მიზნით”, - ნათქვამია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.