ავტორი:

"ერთი ნაოჭიც არ მაქვს, თმასაც თვითონ ვიღებავ... მუსიკის გაგონება და ჩემი აყოლა ერთია" - 89 წლის მსახიობის ცეკვა ინტერნეტჰიტად იქცა: რას ჰყვება ლამარა ვაშაკიძე?

"ერთი ნაოჭიც არ მაქვს, თმასაც თვითონ ვიღებავ... მუსიკის გაგონება და ჩემი აყოლა ერთია" - 89 წლის მსახიობის ცეკვა ინტერნეტჰიტად იქცა: რას ჰყვება ლამარა ვაშაკიძე?

ახლახან ინტერნეტსივრცეში 89 წლის ლამარა ვაშაკიძის ცეკვა გავრცელდა, რომელსაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა... სიცოცხლით სავსე, მომხიბვლელი მსახიობი იმდენად არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მისი ასაკის გაჟღერებამ ძალიან ბევრის გაოცება გამოიწვია...

ლამარა ვაშაკიძე დამსახურებული არტისტია, 2014 წელს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის წინ, თეატრის მოღვაწეების - ლამარა ვაშაკიძისა და ნათელა საღარაძის ვარსკვლავები გაიხსნა. ლამარა ვაშაკიძეს, რომელიც 19 წლიდან ლადო მესხიშვილის თეატრში მუშაობდა, 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული...

მსახიობს სასაუბროდ ქუთაისში დავუკავშირდით...

- ქალბატონო ლამარა, უამრავი ადამიანია აღტაცებული თქვენი ცეკვით და საოცარი შემართებით...

- ვაიმე, რას ამბობთ, რა ცეკვა ეგ იყო, რაღაც სისულელე...

- იმდენად ახალგაზრდულად გამოიყურებით, ყველა გაოცდა...

- 89 წლის გახლავართ, თებერვალში 90 წელი მისრულდება... რამდენჯერმე ვთქვი ინტერვიუში და ისევ ვიმეორებ, ახალგაზრდული იერის საიდუმლო რომ გავთქვა და მე მომბაძონ, ქმრები ცოლებს გაუშვებენ. ეს ხუმრობით, რასაკვირველია...

ისე კი ცოტა დაღლილი თუ ვარ, იმ დროს ვერაფრით წარმომიდგენია კიდევ რამის გაკეთება თუ შეიძლება. ამიტომაც დაჯდომის ნაცვლად წამოვწვები, სხეულს, კუნთებს ვასვენებ, სახსრებს ვავარჯიშებ. ცოტას წავიძინებ კიდეც და ეს ჩვევაში მაქვს. სპექტაკლის, რეპეტიციების შემდეგ რომ მოვდიოდი, ჯერ აუცილებლად უნდა დამესვენა... მინდა გითხრათ, რომ ამას ბევრი ქალი ვერ ახერხებს, რასაც მე ვახერხებდი. ჩემი და ჩემზე ორი წლით უმცროსია, ჩემს გვერდით ცხოვრობს, მაგრამ სულ საქმე ახსოვს და მეტი არაფერი, მისთვის დასვენება არ არსებობს! ვერ გააჩერებ, იმდენად აქტიურია.

ძალიან მიყვარს ოცნებები, კითხვა, ტელევიზორის ყურება... ახალ ამბებს სულ თვალს ვადევნებ, მინდა თანამედროვე ცხოვრებას არ ჩამოვრჩე და ამიტომაც ახალგაზრდები ძალიან მიყვარს... ბავშვობიდან ვგიჟდებოდი, იმდენად მიყვარდა მოხუცები. ჩემს გვერდით ცხოვრობდნენ არისტოკრატი ქალბატონები. დიდი საიამაყით რომ ამბობდნენ, მე პეტერბურგში დავამთავრე სასწავლებელი, კონსერვატორიაო... ასეთ დიდებულ ხალხში ვიზრდებოდი. ერთი ქალბატონი ხშირად მოთხრობებს მიკითხავდა, ახლაც სულ თვალწინ მიდგას, როგორ მხატვრულად კითხულობდა, როგორ საოცრად უკრავდა... არ ვცილდებოდი მათ, იმდენად მომწონდა. არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობდა ჩემს ქუჩაზე...

65 წელი თეატრში ვმუშაობდი. აკაკი ვასაძე რომ ჩაუდგა სათავეში 1958 წელს, იმის მერე თეატრში ვიყავი... 1956 წელს დავამთავრე - თენგიზ არჩვაძესთან, ჯემალ ღაღანიძესთან, ზინა კვერენჩხილაძესთან და ასეთ საუკეთესოებთან ერთად... ერთი კურსიდან ექვსი ვარსკვლავი გამოვედით.

- თეატრი, ოჯახი... როგორ შეძელით ამდენი?

- თეატრის გარდა მე არაფერი მეკითხებოდა... ერთადერთი შვილი მყავს, რომელიც ახლა 65 წლისაა და მართლაც არაჩვეულებრივი, განსაკუთრეული შვილია! ასეთები ათასში ერთი გამოდიან... მის გაზრდასა და აღზრდაში დედა, დეიდა და ჩემი და მეხმარებოდნენ. მათი გაზრდილია. მე ფიზიკური ჯაფა არ დამდგომია. მოვიდოდი სახლში, დავისვენებდი და მხოლოდ თეატრი იყო ჩემი ცხოვრება. კინოზე უარი ვთქვი, რადგან თვეობით გადაღებებზე წასვლა არ შემეძლო.

- თავის მოვლის რა თქვენეული წესები გაქვთ?

- გურმანი გახლავართ, მაგრამ ბევრის მირთმევა არასოდეს მიყვარდა... ამოჩემებული მაქვს ყავა, თუ სადმე მივდივარ, ავაქაფქაფებ და დავლევ. ღამის ორ საათზეც დამილევია ჩაი, რძე, ხაჭო, რამე მსუბუქი... ახლა მომატებული ვარ და ვიდეოში ჩემი თავი არ მომეწონა, აუცილებლად უნდა დავიკლო! ადრე სატელევიზიო კადრებში უფრო თხელი ვარ... ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვფიქრობდი, რომ ასაკში არ მქონოდა ნაოჭები და დაბერებული ვყოფილიყავი. ერთი ნაოჭიც არ მაქვს, თმებსაც თვითონ ვიღებავ. ბავშვობიდან თავად ვაკეთებ ყველაფერს, არანაირი ბოტოქსები და ჩარევები. თუმცა სხვებზე მომწონს, მოვლილები და კარგად რომ არიან.

- ცეკვა ყოველთვის გეხერხებოდათ?

- მუსიკის გაგონება და ჩემი აყოლა ერთი იყო სულ! რამდენად კარგად გამომდის, ეგ უკვე ხალხმა უნდა შეაფასოს.