ავტორი:

"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

"ცნობილ ბუდისტურ ტაძარში გიდი ვიყავი, შემდეგ რესტორანში შეფად ვმუშაობდი... 2015 წელს კი მე და კოსუკე დავქორწინდით" - ქართველი გოგონას საოცარი იაპონური თავგადასავალი

მარიამ ინაბა უკვე ათ წელზე მეტია იაპონიაში ცხოვრობს... "ერთი ჩვეულებრივი ქართველი, იაპონური მითების დამანგრეველი გოგოს გვერდი" - გვატყობინებს მისი სოციალური ქსელი. უფრო მეტის გასაგებად მარიამს დავუკავშირდით:

- მარიამ, გვიამბეთ, როგორი იყო საქართველოში გატარებული ბავშვობა, მშობლები, პედაგოგები, გარემო, ჰობი, გატაცებები...

- დავიბადე თბილისში. თავიდან საჯარო სკოლაში დავდიოდი. მეოთხე კლასამდე ვიარე, შემდეგ დედამ კერძო სკოლა იპოვა და იქ გადამიყვანა. დავამთავრე "მთიები“, პირველი გამოშვება იყო ჩვენი კლასი. საჯაროშიც და კერძოშიც ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდა. რაკიღა მთიებში„ უფრო მეტი დრო მაქვს გატარებული, ძირითადი აქცენტი იქაურ მასწავლებლებზე მექნება. ყველაფერს აკეთებდნენ ჩვენი კლასის აღმზრდელები და დირექტორი, ჩვენ რომ მეგობრული გარემო გვქონოდა. ბულინგი და ერთმანეთის ჩაგვრა არც მახსენდება, რომ ყოფილიყო. ასეთ გარემოში აღზრდა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. ბევრი რამ ვისწავლე. ახლანდელი ჰობი ფოტო/ვიდეოების გადაღებაა. რადგან ბლოგი მაქვს, ვცდილობ ახალ-ახალი ადგილები და საინტერესო ამბები მოვაგროვო, რომ მერე ჩემს გამომწერებს გავუზიარო. ძალიან აქტიური ვარ, არ მიყვარს ერთ ადგილას ჯდომა და ყოფნა. სულ მინდა, რომ რაღაც ახალი ვისწავლო ან ახალი გამოცდილება მივიღო.

- როდის დაინტერესდით იაპონური ენით, ქვეყნით...

- იაპონური ენით მეშვიდე კლასში დავინტერესდი, როცა სკოლაში ესპანურსა და იაპონურს შორის არჩევანის გაკეთება მომიწია. ავირჩიე იაპონური და მის მერე კავშირი არ გამიწყვეტია.

- როგორ შეძელით ენა ასე სრულყოფილად გესწავლათ და როდის ეწვიეთ პირველად იაპონიას, პირველი შთაბეჭდილებები როგორი იყო?

- სკოლიდან უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა. 2013 წელს იაპონიის განათლების სამინისტროს პროგრამით ჩამოვედი სამწლიანი მაგისტრატურის კურსზე და შემოვრჩი. როცა რომელიმე უცხო ქვეყანაში ცხოვრობ და მხოლოდ მათი ენა გესმის, მარტივად გამახსოვრდება დროთა განმავლობაში და ცოტა ხელსაც თუ შეუწყობ, „მათიანიც“ გახდები. რა თქმა უნდა, აუცილებელია გარკვეული საბაზისო ცოდნა.

- რატომ აირჩიეთ კიოტო, როგორია მათი წეს-ჩვეულებები და გვიამბე, რაზე მუშაობდი იქ?

- კიოტოში ყველაზე ბევრი ძველი ტაძარი და ისტორიული უბნებია შემორჩენილი. რადგანაც მაგისტრატურაზე რელიგიების სწავლა გადავწყვიტე, კიოტო ამისთვის საუკეთესო ქალაქი იყო. ზოგადად იაპონიაში როცა ჩამოდიხართ მოკლე თუ გრძელი ვიზიტით, სასურველია მათი წეს-ჩვეულებები და კულტურა ასე თუ ისე იცოდეთ, განსაკუთრებით თუ ხანგრძლივად მოდიხართ, თუ გინდათ, რომ მიგიღონ ადგილობრივებმა და როგორც ყველა უცხოელს, ისე არ შემოგხედონ, აუცილებლად უნდა გქონდეთ გააზრებული, სად მოდიხართ და მზად უნდა იყოთ, მათი უძველესი კულტურის და ტრადიციების მიღებისთვის. სამი წლის მანძილზე, სანამ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მუშაობის უფლება არ მქონდა. მხოლოდ კვირაში რამდენიმე საათი და მეგობრის შემცვლელად ვასწავლიდი ბავშვებს ინგლისურს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ბუდისტურ ტაძარში იაპონურ-ინგლისურ ენოვან გიდად ვიმუშავე ცოტა ხანი. შემდეგ ოსაკაში ქართული რესტორნის გახსნაში დავეხმარე იაპონელ ბიზნესმენს და იქვე შეფად ვმუშაობდი. ჯანმრთელობის პრობლემების გამო წამოვედი და ერთ წელიწადში კიოტოს პრეფექტურის საზღვარგარეთის ბიზნეს ცენტრში დავიწყე მუშაობა. საზღვარგარეთის ბიზნესის განვითარების კოორდინატორად. სამი წელი ვიმუშავე და ახლა ფრილანსზე ვარ. ხან პრეფექტურიდან მირეკავენ მოკლე პროექტებზე, თან იაპონურს ვასწავლი, უსაქმოდ რომ არ ვიყო.

- იაპონელზე დაქორწინება როგორ გადაწყვიტეთ, თქვენი ორი ქორწილის შესახებ გვიამბეთ...

- 2015 წელს დავქორწინდით მე და კოსუკე. ჯერ არ ვაპირებდით, მაგრამ საქართველოში ერთად ვიზიტის დროს უცებ გადაწყდა და "შემოგვექორწილა". ძალიან სპონტანური და საყვარელი ქორწილი გვქონდა. მთელი ოჯახი და ახლობლები იყვნენ ჩართული მზადებაში. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მინდოდა. პატარა და ძვირფასი ადამიანებით სავსე. მეორე ქორწილი იაპონიაში გვქონდა. აქაც იყო საჭირო ქორწინების დარეგისტრირება, ამიტომ 2016 წლის თებერვალში, ვალენტინობაზე მივიტანეთ საბუთები მერიაში, დავარეგისტრირეთ და აპრილში ტრადიციული იაპონური ქორწილი გადავიხადეთ. ესეც ჩვენი დაგეგმილი, ოჯახის წევრებთან ერთად და მეორე დღეს წვეულება მეგობრებთან ერთად.

- ამბობთ, რომ იაპონიაში ზოგადად ქალთა უფლებები შეზღუდულია და იბრძვით...

- იაპონია ძალიან პატრიარქალური ქვეყანა რომ არის, ახალი ამბავი არაა. შესაბამისად, ქალისთვის თავის დამკვიდრება და თავის გატანა რთულია, განსაკუთრებით უცხოელი ქალისთვის. თითქოს მიჩვეულები არიან აქაური ქალები თავიანთ მდგომარეობას და პროტესტის გრძნობა დიდად არ აქვთ, თორემ ხმა რომ ამოიღონ (მხოლოდ თითო ოროლამ კი არა, სულ ყველამ) ყველაფერი შეიცვლება. ჩემს ირგვლივ, ჩემი მეგობრების უმეტესობა სტერეოტიპს არღვევს და საკმაოდ ძლიერი, წარმატებული ქალები არიან. იმედი მაქვს, უფრო მეტი ქალი შეძლებს, განვითარებას და მიზნების მიღწევას.

- ხანგრძლივად ცხოვრებას იაპონიაში გეგმავთ თუ საქართველოში?

- იაპონიაში დარჩენას არ ვაპირებთ. სხვა ქვეყანაში გვინდა გადასვლა, რამდენიმე წელში. გვიყვარს თავგადასავლები და თვითონ იაპონიაშიც, ხშირად ვიცვლით საცხოვრებელ ადგილს. ყოველ წელს თუ არა, ორ წელში ერთხელ მაინც გადავდივართ ახალ სახლში.

- თქვენს მეუღლეს მოსწონს საქართველო?

- კოსუკეს ძალიან უყვარს საქართველო, ქართული კერძები და ღვინოც, ამიტომ ხშირად გვაქვს სახლის მენიუში.

- არის მართლაც იაპონია ამომავალი მზის ქვეყანა, სადაც უკვე 25-ე საუკუნეა?

- იაპონია სხვადასხვა დარგებში განვითარების მხრივ ახლა ჩინეთს ჩამორჩება, თუმცა მომსახურების სფეროში 25-ე კი არა მგონი 30-ე საუკუნეა.. დიდი იმედი მაქვს, ოდესმე საქართველოშიც გვექნება ყველა სფეროში ასეთი კარგი მომსახურება.

- რას ურჩევდით იაპონური ენის სწავლის მსურველებს და ვისაც იაპონიაში ცხოვრება სურთ?

- პირველ რიგში, როცა სწავლას დაიწყებენ, არ დანებდნენ მალევე. გზადაგზა რთულდება ენა, მაგრამ ძალიან სასიამოვნოა, საკუთარ შედეგს რომ ხედავ და ვითარდები. იაპონიის ვიზის მიღება არც ისე მარტივია და ამაზე ჩემს ინსტაგრამ და ფეისბუქ გვერდზეც ხშირად ვდებ ხოლმე ინფორმაციას. შესაბამისად, ჯერ სტუდენტად უნდა ჩამოვიდნენ და შემდეგ ეცადონ სამუშაოდ დარჩნენ. იაპონიაში დარჩენას თუ გადაწყვეტენ, აუცილებლად სრულყოფილად უნდა იცოდნენ ენა, რადგან სტუდენტობა და მუშაობა სრულიად სხვადასხვა გამოცდილებაა. უფრო მეტი პასუხისმგებლობა და რისკია. ამიტომ ენის სწავლა, პრაქტიკა და იაპონელების კულტურის სწავლა, ყველაზე კარგი დასაწყისია იაპონიაში ცხოვრების დასაწყებად.

- როგორი პედაგოგი ხართ და როგორი მოსწავლეები, კოლეგები გყავთ?

- მასწავლებლობა ჩემი პროფესია არასდროს ყოფილა, ბავშვები მიყვარს და მხოლოდ იმათ ვასწავლი, ვისაც ვატყობ ენის და კულტურის მიმართ ინტერესს, რადგან იაპონური არც ისე მარტივია და თუ ძალიან არ ხარ მონდომებული, ვერ ისწავლი. ბავშვებს მხოლოდ ენას არ ვასწავლი. ვესაუბრები მათ საყვარელ თემებზე, ვუყვები იაპონიის შესახებ, ერთი მოსწავლეა მხოლოდ საქართველოში, დანარჩენი ორი სხვადასხვა ქვეყნებში არიან და იქაურ ამბებსაც ვცვლით ხოლმე. კოლეგები არ მყავს, ფრილანსერი ვარ და ჩემი თავის გამგებელი თავად ვარ.