ავტორი:

"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს" - რა საფრთხეს წარმოადგენს კრემლის კავკასიელი "მეფისნაცვალი"

"კარგა ხანია კადიროვმა თვალი დაადგა თუშეთს" - რა საფრთხეს წარმოადგენს კრემლის კავკასიელი "მეფისნაცვალი"

მას შემდეგ, რაც პუტინმა მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში მასობრივად შემოდიან რუსეთის მოქალაქეები. რუსებისგან განსხვავებით, ჩრდილოკავკასიელების ნაწილი ჩივის, რომ მათ მესაზღვრეები საქართველოში შემოსვლაზე უარს ეუბნებიან და მიზეზის აუხსნელად უკან აბრუნებენ. რა მოჰყვება ამდენი ადამიანის საქართველოში შემოსვლას, რა საფრთხის შემცველია ჩრდილოკავკასიელების აქ ყოფნა, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე გვესაუბრება.

- ბატონო მამუკა, უკრაინა მაქსიმალურად ცდილობს დაიბრუნოს თავისი ტერიტორიები, ნელ-ნელა რუსეთის გავლენა სუსტდება. ხომ არ გამოიწვევს ეს თუნდაც კადიროვის გავლენის დასუსტებასაც ჩეჩნეთში?

- ამ კითხვაზე პასუხი რომ გასცე ჩრდილოეთ კავკასიის მაგალითზე, უნდა იცოდე იქაური სოციუმის ცხოვრების წესი. სოციუმისა და სახელმწიფო წარმონაქმნების ცხოვრების წესი აგებულია კლანურ მმართველობაზე, გამონაკლისი მხოლოდ დაღესტანია. ჩეჩნეთის ხელისუფლებაში კლანია, რომელიც კრემლის დიდი კეთილგანწყობით სარგებლობს, ფინანსებიც იქიდან მისდით და კლანისთვის სიკვდილის ტოლფასია ამ მდგომარეობის შეცვლა, ამიტომ ასრულებენ მოსკოვის ყველა დავალებას. ჯერ კიდევ ელცინის დროს შექმნეს ხელოვნური ბიუჯეტური დეფიციტი შვიდივე რესპუბლიკაში - ცენტრი იძლევა ფულს, თვითონ კი არ გამოიმუშავებენ. უკეთეს შემთხვევაში შეიძლება ბიუჯეტის 40-45% გამოიმუშაონ, უარეს შემთხვევაში 10-12%, როგორც აფხაზეთშია. თუ ეს არ ექნებათ, სახელმწიფო წარმონაქმნები ქაოსში ჩაიძირება. ამიტომ იქ მოსკოვის გავლენა შესუსტდაო, ამის თქმა ნაადრევია, მაგრამ შესუსტდა ავტორიტეტი, შიშის სინდრომი. 7 რესპუბლიკიდან, სულ მცირე, 5-ში საპროტესტო განწყობაა - ყაბარდო-ბალყარეთში, ადიღეში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ინგუშეთსა და დაღესტანში. ორში - ჩეჩნეთში, სპეციფიკური ვითარებაა, ყველაფერს კადიროვის ჯგუფი განაგებს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი მოსკოვზეა მიბმული. ის უფრო ლოიალურია მოსახლეობა-ხელისუფლებიანად. ჩრდილო ოსეთსა და დაღესტანში არაადგილობრივი პირია ხელისუფლების სათავეში. ეს დაღესტანში იმისთვის გაკეთდა, რომ დაებალანსებინათ სხვადასხვა ეთნიკური კლანის ურთიერთობა, ამიტომ სხვა რეგიონიდან შემოიყვანეს ადამიანი ხელმძღვანელად. რაც შეეხება ჩრდილოეთ ოსეთს, იქ რუსი დანიშნეს, რათა უფრო აქტიურად გააკონტროლონ რეგიონი. რუსია, მაგრამ უკრაინული გვარით. ოსები ლოიალურები არიან მოსკოვის მიმართ, რადგან კარგად იციან, რომ იქიდან გასვლის შემთხვევაში კარგი დღე არ დაადგებათ, ისინი ხომ მიტაცებულ ყაბარდოელებისა და ინგუშების ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

რაც შეეხება ჩეჩნეთს, იქ სხვა ვითარებაა. დიდი ხანია მოსკოვის გავლენა იქ შესუსტებულია და ავტორიტეტი შერყეულია, სამაგიეროდ, კრემლის მეფისნაცვლის მდგომარეობაა უაღრესად ძლიერი. კადიროვმა შექმნა ტოტალიტარული სახელმწიფო, სადაც სხვა აზრის გაჭაჭანების გამო სიკვდილი გემუქრება ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, წამება. ამიტომ გაიქცა იქიდან უამრავი ჩეჩენი და ვინც დარჩა, ისინი ხმის ამოღებას ვერ ბედავენ.

- ანუ ჩეჩნეთში ვითარება არ შეიცვლება?

- ამ სიტუაციაში გამორიცხულია. თუ რუსეთი დამარცხდება და კრემლის გავლენა მოისპობა, შეიძლება მინიმალურად მოხდეს რაღაც. კადიროვს დაახლოებით 70 000-კაციანი ჯარი ჰყავს: ზოგი სხვადასხვა სტრუქტურაშია, ზოგი პირადი გვარდიაა, ზოგი თავდაცვაშია, ზოგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაგრამ ისინი ნომინალურად ექვემდებარებიან თავიანთ ფედერალურ სტრუქტურებს, ყველანი კადიროვზე არიან დამოკიდებული. ამ ჯარით მას შეუძლია ძალიან იოლად გაუმკლავდეს როგორც თავის რესპუბლიკაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში საპროტესტო აქტივობების წევრებს. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო დაპირისპირებოდა კადიროვს, ისლამისტები იყვნენ, მაგრამ ისინი კადიროვმა წელში გადატეხა - შექმნა ტრადიციული ისლამის მიმდინარეობა, რითაც რელიგიურად დაუპირისპირდა ისლამისტებს, ფიზიკურად კი, როგორც მოგახსენეთ, ომი გამოუცხადა და მოსპო. გააგრძელეთ კითხვა