ავტორი:

"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

"ომი რომ დაიწყო ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი... ეს შოუ მანამდე ჩაიწერა" - რას ჰყვება გიორგი ნადიბაიძე, რომელიც რუსულ შოუში მონაწილეობის გამო მწვავედ გააკრიტიკეს

ქართველი მომღერალი გიორგი ნადიბაიძე რუსულ მეგაშოუში იღებს მონაწილეობას, რასაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო დიდი დაბნეულობა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა... მომღერალი ჩვენთან ინტერვიუში დეტალურად განმარტავს, როგორ მოხდა მისი რუსულ მეგაშოუში გამოჩენა...

- გიორგი, საქართველოში არაერთ ქართულ შოუში მიგიღიათ მონაწილეობა და დიდი წარმატებებიც გქონდათ...

- დიახ... 2012 წელს მუსიკალური შოუს "საქართველოს ვარსკვლავის" ფინალისტიც გახლდით, მეორე ადგილზე გავედი... შემდეგ იყო "the voice საქართველო", რომლის გამარჯვებულიც გავხდი. 2016 წლის შოუს "ახალი ტალღის" ფინალისტი და პრიზიორი ვიყავი.

- როდის გადაწყდა, რომ რუსულ მეგაშოუში მონაწილეობა უნდა მიგეღოთ?

- ორგანიზატორებისგან არაერთ სეზონზე მქონდა შემოთავაზება, მაგრამ 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო... ჩემთვის ამ შოუს შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო, როდესაც ბრიტანეთში პირველად გამოვიდა. ვიცოდი, რომ ბრიტანულის რუსულ, ანალოგიურ ვარიანტში არაერთ ქართველს ჰქონდა მონაწილეობა მიღებული...

საკონკურსო წარმატებების, გარკვეული აქტივობების შემდეგ, წლების განმავლობაში არ ვჩანდი და სათანადოდ რეალიზებული არ ვიყავი... თუ რამ კონცერტები ტარდებოდა, იქ მომღერლების შერჩევა ჩემგან დამოუკიდებლად, სხვანაირად ხდებოდა... ვინაიდან აქ ჩემთვის პასიური პერიოდი იყო, შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება, მონაწილეობა რუსულ მეგაშოუში მიმეღო.

- მეგაშოუში მონაწილეობის მიღებაზე შემოთავაზება რუსეთ-უკრაინის ომამდე მიიღეთ?

- დიახ, შეთანხმება 2021 წლის სექტემბერში მოხდა... შოუს გადაღება და ჩაწერა ომის დაწყებამდე დამთავრდა. როცა შოუ ეთერში უნდა გასულიყო, მაშინ რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და გადაიდო... ახლა დაიწყო ეთერში გასვლა. რუსეთ-უკრაინის ომი რომ დაიწყო, ჩემი დამოკიდებულებაც ზუსტად ისეთივე იყო, როგორიც უნდა ყოფილიყო ყველა ნორმალური ადამიანის, ნორმალურად მოაზროვნე ქართველის შემთხვევაში... ფაქტის წინაშე დავდექი, მაგრამ მე ვეღარაფერს შევცვლიდი. რა თქმა უნდა, ყოველივე ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, სურვილიც აღარ მქონდა ეს გამოსვლები აფიშირებულიყო, არც ველოდებოდი შოუ თუ გავიდოდა. მართებულად არ მივიჩნევ დღევანდელი სიტუაციის რეჟიმში, მითუმეტეს ჩვენი ქვეყნიდან, ომის პირობებში რამე აქტივობებში მონაწილეობას. მგონი ამის განმარტებაც არ უნდა იყოს საჭირო!

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთში აღარ ჩასულხართ?

- რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ჩემი გეგმები შეიცვალა და საქართველოში დავბრუნდი... რუსულ შოუში მონაწილეობა ბუნებრივია ბევრ დაბნეულობას, მითქმა-მოთქმას გამოიწვევდა. კითხვა ყველას გაუჩნდებოდა... სამწუხაროდ, გარკვეულ დონეზე გაუგებრობა მოყვა და ბევრი შეცდომაში იქნა შეყვანილი. გეგმაში მქონდა რუსეთში რაღაც პერიოდით დარჩენა, მაგრამ იქ თავს კომფორტულად ვეღარ ვიგრძნობდი და დავბრუნდი. შეიძლებოდა მუშაობა ჩემი პროფესიის მიხედვით, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი! შემოთავაზებები დღესაც არის, ჩემს მეგაშოუში გამოსვლას გარკვეული რეზონანსი მოყვა, მაგრამ ამ პოლიტიკურ ფონზე, ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ...

- საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერი არაერთი აქცია გაიმართა და თუ გამოხატეთ სოლიდარობა?

- რასაკვირველია უკრაინას სოლიდარობას ვუცხადებ, მაგრამ აქტივობებში მონაწილეობა არ მიმიღია. არავისგან ინიციატივა არ გაჟღერებულა, რამე აქციაში მონაწილეობა მიმეღო...

- საქართველოს ხომ რუსეთი მანამდე დაესხა თავს და რუსეთის მეგაშოუში მონაწილეობა, თქვენთვის ამიტომაც რთული გადასაწყვეტი არ იყო?

- არავისთვის კომფორტს არ წარმოადგენს სამშობლოს დატოვება... ძალიან ბევრი ქართველისთვის დღესაც რუსეთი თავშესაფარია, მათი სახლი იქ არის და ვერ ვიტყვი, რომ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებზე ნაკლებად უყვართ სამშობლო...

- ოკუპანტ ქვეყანაში ყოფნა რთული არ არის?

- რა თქმა უნდა, არის გარკვეული სირთულეები... რუსეთში მხოლოდ ჩემი საქმიანობით ვიმყოფებოდი. მე პირადად კულტურას პოლიტიკურ ჭრილში განსახილველად ვერ მოვიაზრებ. პოლიტიკას აბსოლუტურად ვემიჯნები, არ ვარ პოლიტიკოსი! ვფიქრობ, ადამიანური და პროფესიული ურთიერთობები პოლიტიკაში არ უნდა გაისვაროს!

ყველა ქართველის წარმატება საამაყო უნდა იყოს ნებისმიერ ქვეყანაში. როდესაც საზღვრებს გარეთ ქართველი თავის ქვეყანას კარგად წარმოადგენს, უდავოდ საამაყოა!

- შოუში რა რეპერტუარით წარდექით?

- შოუში სტანდარტული პირობებით მივიღე მონაწილეობა. მხოლოდ ინგლისურენოვანი სიმღერები შევასრულე. არც რუსეთის ნაციონალური სამოსით გამოვსულვარ, არც რუსეთის ჰიმნი შემისრულებია და კრემლში გამართულ კონცერტში მიმღერია! 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომი ჩემს თვალწინ ხდებოდა, რადგან გორში დავიბადე და გავიზარდე. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი და ვხვდები, რაზეც ვსაუბრობ. ბევრი რომ შორიდან უმზერდა, ამ ომს ჩემი ქალაქი, ჩემი ოჯახი თავის თავზე ცდიდა!