ავტორი:

"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება

"კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია" - რამ შეიძლება შეიტანოს გარდამტეხი როლი ომში: უკრაინელი პოლიტოლოგის შეფასება

10 ოქტომბრიდან, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არაერთ უკრაინულ სამოქალაქო ობიექტსა და სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს იერიში... ადგილობრივმა მედიამ, მას აგრესორი ქვეყნის პასუხი უწოდა, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება უკუშედეგი.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის მოსაზრებით, რუსეთს არ შეუძლია ბრძოლის ველზე ბრძოლა, მაგრამ სამოქალაქო პირების დახოცვა შეუძლია!

უკრაინული მედიასაშუალებების ცნობით, სარაკეტო თავდასხმების შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე დაშავდა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

უკრაინელი პოლიტოლოგი ოლესია იახნო AMBEBI.GE-სთან საუბარში მიმდინარე პროცესების შეფასებისას ამბობს, რომ ომში გარდატეხას შეიტანს პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის ერთობა, დასავლეთის მხარდაჭერა და რაც მთავარია, შიდა დაპირისპირება რუსეთში, რომელიც მობილიზაციის ფონზე დაიწყო.

- ოლესია, ადგილობრივები ამბობენ, რომ ბოლო დღეებში კიევსა და სხვა რეგიონებზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმები, 24 თებერვლის შემდგომ დღეებში განვითარებულ პროცესებს ახსენებთ. თქვენ რას ფიქრობთ?

- დიახ, ნაწილობრივ, რადგან კიეველები მაშინაც თავშესაფრებს აფარებდნენ თავს, მეტროს ახლაც ბომბსაფრებად იყენებენ. მე, თითქმის მარტის ბოლომდე კიევში ვიყავი და ყველაფერი ნათლად მახსოვს... ახლა, როდესაც ქუჩაში გამოვდივარ, თითქმის ცარიელია. მაშინაც ისე იყო. ამიტომ, ჩვენთვის ახალი არაფერია...

მეორეს მხრივ მაშინ ეს თავდასხმები უფრო მასშტაბური იყო და ახლა, ასეა თუ ისე, სარაკეტო თავდასხმების პროგნოზირება და განეიტრალება შესაძლებელია. იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ბრძოლის ველზე მარცხდება, მით უფრო იმ დანაკარგების გათვალისწინებით, რაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდს ახლავს თან.

რუსეთის მთავარი გათვლა ქალაქების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ენერგეტიკის დაზიანება და გათიშვაა. რასაკვირველია, ომი ყოვლისმომცველია და ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება... უკრაინის გამარჯვებაში, ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის თემა, რაშიც გადამწყვეტი როლი დასავლეთმა უნდა შეიტანოს. შედეგი იქნება ერთი - რუსეთის დამარცხება გარდაუვალია. ამაში მთელი უკრაინა დარწმუნებულია, რადგან სხვა გზა არ გვაქვს.

- რა შეიძლება დასავლურმა სამყარომ აგრესორ ქვეყანას დაუპირისპიროს?

- ამაზე ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლება დავუპირისპიროთ ცივილურმა სამყარომ ტერორისტულ სამყაროს, ალბათ ყველაფერი ერთად, კომპლექსურად - ძალიან მნიშვნელოვანია "ჰაიმერსები" და სხვა თანამედროვე ტექნიკა. ძალზე მნიშვნელოვანია, რუსეთში, შიგნით დაწყებული პოლიტიკური და სამხედრო პროცესები, რომელმაც უნდა შექმნას საპროტესტო მუხტი. პროპაგანდას განსხვავებული რეალობის შექმნის საფუძველი უნდა გამოეცალოს. შიდა პროცესების კვალდაკვალ, მნიშვნელოვანია, საგარეო პროცესებიც, კერძოდ, ჩინეთმა და ინდოეთმა ნავთობის ყიდვა უნდა შეწყვიტონ, რაც მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსეთს.

როგორც ამ ომში გაირკვა, რუსული არმია არც ისე უძლეველი აღმოჩნდა, როგორც რუსული პროპაგანდა წარმოაჩენდა... ამაზე თუნდაც ბოლო თავდასხმები მიანიშნებს, რომელიც იმედია, ურჩხულის უკანასკნელი გაფართხალებაა. 10 ოქტომბერს უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა 400-დან 700-მილიონ დოლარამდე დაუჯდა. ვინმე იტყვის, რომ ამას სამხედრო სტრატეგიული თვალსაზრისით ლოგიკური ახსნა აქვს? კრემლის შეშლილი ფიურერი აგონიაშია. ეს ე.წ. ოპერაცია, მას ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან.

უკრაინა გაუძლებს და აიტანს ამ დარტყმებსაც, უშუქობასაც და სხვა დანაკარგებსაც, მაგრამ ეს ყველაფერი ბუმერანგივით მოუბრუნდება უკან რუსეთს. მობილიზაციამ აჩვენა, რომ პროპაგანდის მამებმა ახალი გამართლება უნდა მოიფიქრონ, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალური ოპერაციისთვის, გარდა ამისა, ეს არის საწყისი ეტაპი და სულ მალე, ომი აუცილებლად შევა ყველას ოჯახში.

- გჯერათ, რომ რუსეთში შიდა პროტესტი მასშტაბური გახდება?

- პროგნოზი ძნელია, მაგრამ ნაწილობრივმა მობილიზაციამ აჩვენა, რომ პრივილეგირებულ კასტას არ სურს ომი და თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩაერთო.