ავტორი:

"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი

"კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო გამოძიება, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ" - ალეკო ცქიტიშვილი

ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება.

"კალაძის კომენტარი ვნახე ახლა, ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით.

მესამე პირში ლაპარაკობს, რომ სხვები არიან პასუხისმგებლები და თვითონ - არა. ამ დროს დანაშაულია ჩადენილი - სისხლის სამართლის დანაშაული. გამოძიება მიმდინარეობს და ბოლოს ალბათ კონტრაქტორი კომპანიის რიგითი მუშა აღმოჩნდება დამნაშავე.

არც სოციალური პასუხისგმებლობის გრძნობა აქვს და არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება უნდა ქალაქ თბილისის მერს, მითუმეტეს - დამნაშავედაც არ ცნობს თავს, თუკი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის კუთხით ვისაუბრებთ. არადა, დამნაშავე არის მთლიანად სისტემა - ის სისტემა, რომელიც შექმნა "ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი არის კახა კალაძე. მთავარი პრობლემა, რაც ასეთი შემთხვევებისას იკვეთება, არის ყველაფრის გადაბრალება მსხვერპლებზე - ბავშვებზე.

ასეთი სახის ტრაგედიას განიხილავენ, როგორც უბედურ შემთხვევას და არა როგორც დანაშაულს, რომელმაც მძიმე შედეგი მოიტანა. კიდევ კარგი, რომ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არ დაიწყო ამ დანაშაულის გამოძიებაც, როგორც ეს მოხდა ჩემი შვილის თბილისის ზღვის "სიკვდილის ზონაში“ დახრჩობის შემდეგ.

თუკი თვითმკვლელობა არ ყოფილა, რატომ უნდა დაიწყო გამოძიება ამ აბსურდული მუხლით?! იმიტომ, რომ სისტემა ასეა აწყობილი და ამ სისტემის ყველა უწყება თავიდანვე მუშაობს მაღალი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის თავიდან არიდებაზე. ჩემი ოჯახის შემთხვევაშიც, როგორც დაიწყო, ისე დასრულდა მალევე გამოძიება "დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო“.

არადა, იმ ადგილას, სადაც ცოტნე დაიხრჩო, მანამდე კიდევ რამდენიმე ბავშვი დაიხრჩო და ყველა ეს საქმე დასრულდა მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებით - სისტემამ უდანაშაულო ბავშვები და მათი ოჯახები გამოიყვანა დამნაშავედ.

პოლიციის გამომძიებელთან ამ საკითხზე მქონდა კამათი, როცა ბოლო გასაუბრებისას მკითხა - ვინმეს ხომ არ ვაკისრებდი პასუხისმგებლობას. დიახ, ქალაქ თბილისის მერიას და GWP-ს ვაკისრებ პასუხისმგელბობას მეთქი. ეს უკვე სისხლის სამართლის სფერო აღარააო. როგორ, კი მაგრამ, ხუთი ბავშვი მოკვდა ერთსა და იგივე ადგილას და როგორ არაა სისხლის სამართლის დანაშაული?! ადმინისტრაციული წესით უნდა იდავოთო. და ვდავობ ადმინისტრაციული წესით 2017 წლიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, რომ თბილისის ზღვაზე უნდა დამონტაჟდეს მყარი ბარიერები და გაკეთდეს ბანაობის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ბანერები!..

აი, ეს გადაწყვეტილება თბილისის მერიამ გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში, სადაც გადაწყვეტილება დღემდე არაა გამოტანილი (20 ოქტომბერს არის სხდომა ჩანიშნული).

პარადოქსი ისაა, რომ დავას აგრძელებს, მაგრამ ბარიერები და ბანერები გააკეთებინა მერიამ ტრეგიდიიდან 4 წლის მერე GWP-ს - 2021 წელს. ეს კეთილი ნების გამოვლენააო და მადლობა გვითხარით ამისთვისო. მადლობა კი არა, უსინდისო მერი მართავს ქალაქს! დამნაშავე მერი!" - წერს ალეკო ცქიტიშვილი.

ცნობისთვის, ვაკის პარკში თამაშისას ბავშვებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად ჩასულ ორ არასრულწლოვანს დენმა დაარტყა. მათგან ერთი - 13 წლის გოგონა გარდაიცვალა. ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განმარტებით, გარდაცვლილი მოზარდი კლინიკაში გულის გაჩერებით შეიყვანეს და ყველა სამედიცინო მანიპულაცია უშედეგო აღმოჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შეგახსენებთ, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა.

იხილეთ ასევე: