ავტორი:

"მეუღლემ ჩამომაკითხა, არ მინდა, ჩემი ცოლი ბაზაზე იყოს და ომში მონაწილეობდესო..." - რას ჰყვება 32 წლის მხატვარი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა

"მეუღლემ ჩამომაკითხა, არ მინდა, ჩემი ცოლი ბაზაზე იყოს და ომში მონაწილეობდესო..." - რას ჰყვება 32 წლის მხატვარი, რომელიც უკრაინაში მოხალისედ იბრძოდა

"თბილისში შვილთან ჩემი შეხვედრა მართლაც დაუვიწყარი სიხარული იყო. ბავშვი ძალიან შეცვლილი დამხვდა და იმდენად გამხდარი, რომ საშინლად ვინერვიულე, ლამის დარდმა გამაგიჟა... ვამბობდი, ღმერთო მადლობა, რომ გადამარჩინე, ჩემი შვილი დედის გარეშე არ დარჩა-მეთქი..." - ამბობს მხატვარი ნანა ტომარაძე, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად ომის დაწყებიდან მალევე გაემგზავრა...

- ომის დაწყების შემდეგ, როდესაც უკრაინაში მყოფ ჩემს მეუღლეს და მისი ოჯახის წევრებს ვესაუბრებოდი, ვხვდებოდი, არც იქ მყოფებმა იცოდნენ, რა ხდებოდა, მოვლენები როგორ განვითარდებოდა... მერე ჩემმა მეგობარმა მითხრა, უკვე ჩაკეტეს საჰაერო და სახმელეთო გზაო, ამ სიტყვებმა გამაგიჟა... მივხვდი, უკრაინა დიდი საფრთხის წინაშე დადგა. ჩემი მეუღლე, მისი ოჯახის წევრები იქ მეგულებოდნენ, დედაჩემიც უკრაინელი იყო და ეს ქვეყანა ძალიან მიყვარს... მეგობარმა მირჩია, მოხალისედ წადიო. უკრაინაში რომ წავსულიყავი, ბევრგან დავრეკე, სოციალურ ქსელში ყველა ინფორმაციას თვალს ვადევნებდი, ახალ ამბებსაც ვუყურებდი, საიდანაც ისმოდა მოწოდებები, უკრაინაში ჩამოდითო. დომენიკ მანგოს მივწერე, რომ წასვლა მინდოდა. დამირეკა, შევხვდი, გავისაუბრეთ...

ჩემთვის მთავარი იყო, უკრაინაში შემეღწია, როგორმე ჩემებთან მივსულიყავი და ისინი დამეცვა... შეიძლებოდა დასაცავი თავად გავმხდარიყავი, მაგრამ მე ამ განწყობით მივდიოდი.

ზოგადად, არავის ვეკითხები, რა გავაკეთო. 32 წლის ვხდები და არ ვთვლი საჭიროდ, ასეთ სერიოზულ რამეებზე ვინმეს ვესაუბრო. მამაჩემისა და შვილისთვის რომ მეკითხა, ომში წავიდე თუ არა-თქო? ზუსტად ვიცი, გადამაფიქრებინებდნენ.

უკრაინაში ომი რომ დაიწყო, საქართველოდან მოხალისეები დავიძარით... ქართული ლეგიონის ბაზაზე მოვხვდით, აღმოსავლეთ უკრაინაში. დაახლოებით ორი თვე სამხედრო სწავლებას, ფიზიკურ ვარჯიშებს, ტაქტიკურ მედიცინას გავდიოდით და იმასაც გვასწავლიდნენ, თუ როგორ ამოგვეცნო დანაღმული ადგილები... ზოგჯერ ლვოვიდან კიევში ჩასვლა გვიწევდა. გზა უსაფრთხო არსად იყო. სამხედრო დაცვა ყველა ბლოკპოსტზე იდგა, გამვლელებს ამოწმებდნენ, ყველას ეჭვის თვალით უყურებდნენ.

ერთხელ ლვოვიდან კიევში რომ მოვდიოდით, ბენზინი გაგვითავდა, რომელიღაც ქალაქში ვიყავით გაჩერებული. ამ დროს ავტომატებით სამი სამხედრო პირი მოვიდა და გაგვჩხრიკეს. გვათვალიერებდნენ, თან ხმას არ იღებდნენ. ალყა შემოგვარტყეს და სანამ არ დავამტკიცეთ, რომ ლეგიონის წევრები, ქართველები ვიყავით (ერთი ბრიტანელიც გვახლდა), მანამდე არ გაგვიშვეს...

- არასოდეს გინანიათ თქვენი გადაწყვეტილება?

- თბილისში მყოფმა, გულში ვთქვი, მხატვარი ვარ, რაღაცები უკვე დავხატე, რაც საჭირო იყო ჩემი შვილისთვის უკვე დავტოვე და იმის დრო მოვიდა, უფრო მეტი გავაკეთო-მეთქი... ომი რომ დაიწყო, ახალი გათხოვილი ვიყავი. წარმოიდგინეთ, იანვარში დავქორწინდით და მაშინვე თბილისში წამოვედი, თებერვლის ბოლოს კი ომი დაიწყო... ჩემს გულში წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. საშინელი ფიქრები მომეძალა, მეშინოდა მეუღლე არ დამღუპვოდა... რა თქმა უნდა, იმაზეც ვიფიქრე, 8 წლის შვილი როგორ დამეტოვებინა, მაგრამ წასვლა მაინც გადავწყვიტე. ვამჯობინე, მეუღლესთან ერთად ვყოფილიყავი.

ჩემი შვილი კაცი იზრდება, ძლიერი ბიჭია და მინდა, მან ჩემით იამაყოს... სიკვდილი არავის უნდა, რა სისულელეა! ჩემი მეუღლე თავის ქვეყანას იცავდა, მე მასთან ერთად კიევში ვერ ვიქნებოდი და შესაბამისად, ლვოვში, ქართულ ლეგიონთან ერთად დავრჩი, იქ გავდიოდი მოსამზადებელ კურსებს...

თავიდან აბსოლუტურად ყველა ვითხოვდით, - ომში წავიდეთ, რუსები არ იმსახურებენ დანდობას, უნდა დაისაჯონ-თქო... უბრალო ხალხს რომ კლავენ, ამან უზარმაზარი აგრესია გამოიწვია.

ეს არ არის ჩვეულებრივი ომი სამხედრო პირებს შორის, არამედ ერთი ქვეყანა შეჭრილია მეორეში და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს... საქართველოშიც ხომ იგივე არაერთხელ გამოვიარეთ. ამან იმდენად გააღვიძა ჩვენში ბრძოლის ინსტინქტი, რომ ვითხოვდით, ყველა ერთად გავეშვით ომის ველზე, მაგრამ ლეგიონის ლიდერებმა გვითხრეს, მოხალისეები გამოცდილი არ ხართ, საკმარისი ცოდნა არ გაქვთ და ეს ომი ის არ არის, რაც ადრე იყოო...

მერე მეუღლემ ჩამომაკითხა და სახლში წამიყვანა. თქვა, არ მინდა, ჩემი ცოლი სამხედრო ბაზაზე იყოს და ომში მონაწილეობდესო. მიუხედავად ამისა, ამით არაფერი დამთავრებულა. მაინც ვემზადებოდი, რადგან ამბობდნენ, მალე კიდევ უფრო უარესად იქნება ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყოო. კიევში სიწყნარე იყო, მაგრამ ეს სიჩუმეც საშიშია. უკრაინელები იმდენად ძლიერი ხალხია, რასაც ვხედავდი, მეც კი შოკში ვიყავი. ამდენად ძლიერები თუ იყვნენ, ვერ წარმომედგინა.

- თუ იმყოფებოდით იმ ქალაქებში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა?

- დიახ, ბუჩაში ვიყავი, როცა იქიდან რუსების ჯარი უკვე გავიდა... მათი შტაბები ვნახეთ, ფოტოებიც მაქვს გადაღებული...

- საქართველოში წამოსვლა როდის გადაწყვიტეთ?

- ბავშვი ძალიან მთხოვდა, ჩამოვსულიყავი... ამაზე საუბარი მიჭირს, მაგრამ მირჩევნია, სიმართლე ვთქვა. მარტიდან მოყოლებული, სამი თვე დატოვებული მყავდა. ხელფასი, არანაირი თანხა არ ამიღია არც უკრაინის ხელისუფლებისგან, არც ქართული ლეგიონიდან... ჩემი მეუღლე მინიმალურით, იმ პირობებში რაც შეეძლო, მეხმარებოდა. ვიცოდი, აქ მამაჩემიც ვერ მუშაობდა, რადგან ბავშვი ჰყავდა ჩაბარებული... ბაბუა და შვილიშვილი მარტო იყვნენ და ძალიან მაღელვებდა, მათ ფინანსურად რომ ვერ ვეხმარებოდი.

ქმარს დაველაპარაკე, ჩემი განცდები ავუხსენი და ვუთხარი, რომ უკვე თბილისში უფრო საჭირო ვიყავი, სადაც ჩემი პატარა სიყვარული მელოდა, ბავშვს დედა სჭირდებოდა.

ავტობუსით პოლონეთში ჩამოვედი, აეროპორტამდე მივედი და იქ მითხრეს, რომ ბილეთები არ იყო. აღარ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. აეროპორტში მეუბნებოდნენ, უკრაინიდან წამოსულებზე უკვე შეზღუდვები გვაქვს, ვერაფრით დაგეხმარებითო. ორასი დოლარი მქონდა დარჩენილი და ეს თანხა ბილეთზე მაინც არ მეყოფოდა. მოკლედ, ცუდ დღეში ვიყავი...წაიკითხეთ სრულად