ავტორი:

"კამერებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები... " - სერიალიდან საჯარო სამსახურში: რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "მარეხი"

"კამერებს რომ ვხედავ ცუდად ვხდები... " - სერიალიდან საჯარო სამსახურში: რას საქმიანობს და როგორ ცხოვრობს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "მარეხი"

პირველი ქართული კომედიური ჟანრის სერიალი "ძილის წინ" სტუდია "აუდიენციამ" 2000 წელს გადაიღო, რეჟისორი - ოთარ შამათავა. სერიალი სამი წელი ყოველდღიურად გადიოდა ეთერში და დიდი პოპულარობით სარგებლობდა... განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი პერსონაჟი მარიანა ნინიაშვილის გმირი - მარეხი იყო, რომელიც მაყურებელმა შეიყვარა და დღემდე ახსოვს... მარიანა ნინიაშვილი დიდი ხანია ჩამოსცილდა თავის პროფესიას... ამჟამად სოფლის განვითარების სააგენტოში მუშაობს. ძალიან უყვარს თავის სამსახური და ის ადამიანები, ვის გვერდითაც უწევს დროის დიდი ნაწილის გატარება...

უფრო მეტის გასაგებად თავად მსახიობს ვესაუბრეთ...

- დიდი დრო, ოცი წელი გავიდა, რაც სერიალი ტელეეკრანზე გადიოდა... თუმცა დღესაც ახსოვს ხალხს პერსონაჟები, რომლებიც განსაკუთრებულად შეიყვარა...

- დიახ, დღემდე მხვდებიან ადამიანები, რომლებსაც სერიალი ახსოვთ და ამბობენ, ყოველდღე გიყურებდით, ძალიან კარგ ხასიათზე გვაყენებდითო... ბედნიერებაა, ძალიან დიდი სითბოთი რომ იხსენებენ. მგონი, სერიალს ყველა უყურებდა, რადგან სხვა არხები ნაკლებად იყო და არჩევანის საშუალებაც შესაბამისად... სერიალიც ძალიან მსუბუქი იყო, საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდა. უფროსი თაობის მსახიობები და ნიჭიერი ახალგაზრდები.

- უფროსი თაობის მსახიობებზე რომ გვითხრათ...

- სერიალში მართლაც ლეგენდა მსახიობები მონაწილეობდნენ. მე მათ ფილმებზე, სექტაკლებზე გავიზარდე... - მედეა ჩახავა, იმედა კახიანი, გურანდა გაბუნია, ლეო ანთაძე, დიმა ჯაიანი, ალეკო მახარობლიშვილი... ახალგაზრდებიდან - მალხაზ ქვრივიშვილი, გოგოლა კალანდაძე, ეკა კახიანი, ია ფარულავა... ყველა თაობის ადამიანი უყურებდა, რადგან საოჯახო ტიპის სერიალი იყო და სიტუაციურად იმ პერიოდისთვის ძალიან თბილი, პოზიტიური, სადაც არანაირი ბოროტება არ არსებობდა. პირიქით, ყველაფერი სიყვარულზე, ურთიერთობებზე, მეზობლობაზე, მეგობრობაზე იყო აგებული... იმდენად მძიმე წლები იყო, შუქი მოსახლეობას გრაფიკით მიეწოდებოდა და ამ დროს ეს სერიალი მართლაც ნათელი წერტილი იყო.

- პირადად თქვენთვის რას ნიშნავდა სერიალში მონაწილეობა?

- ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი სამი წელი იყო. ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. ისეთ მსახიობებთან ერთად ვმუშაობდი, სამსახიობო ოსტატობის მასტერკლასი გავიარე. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, გარდა პროფესიული ზრდისა, ადამიანური თვალსაზრისითაც. სრულიად ახალგაზრდა - 24 წლის ვიყავი და პირველი ნაბიჯები იყო ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოების წინაშე. თან ასეთ საიმიჯო და პოპულარულ სერიალში...თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, ბევრს ვფიქრობდი, რადგან არც ცნობილი ვიყავი და არც რამე სტატუსი მქონდა. თეატრალური ინსტიტუტი სულ რაღაც ორი წლის დამთავრებული მქონდა. არაჩვეულებრივად მიმიღეს და ამას უზარმაზარი მნიშვნელობა ჰქონდა.

- სულ იყო აქცენტი თქვენი პერსონაჟის დიდ მკერდზე... ქართულ საზოგადოებაში ყველაფერს კრიტიკა მოსდევს და როგორ მოხდა ეს რომ გამაღიზიანებელი, აგრესიის საგანი არ გამხდარიყო?

- გარკვეული წრისთვის ალბათ იყო, მაგრამ საბედნიეროდ იმ პერიოდში სოციალური ქსელები არ იყო და ამან გადაარჩინა აგრესიისგან ჩემი პერსონაჟიც და ჩემი თავიც...თავიდან ძალიან განვიცადე, როცა ჩემი მკერდი გამომწვევ კადრში იყო, მაგრამ მერე რომ ყველა თაობის წარმომადგენელი იუმორით და კარგად შეხვდა, ამით დავმშვიდდი. მოხუცები, ქალბატონები, ბავშვები ქუჩაში მეხუტებოდნენ და წარმოუდგენელი სითბო მივიღე.

მიუხედავად ამ გამომწვევი იმიჯისა, სერიალმა მომცა საშუალება კომედიური კუთხით წამეყვანა. ვცდილობდი დადებითი პერსონაჟი ყოფილიყო და არა გამომწვევი, გამაღიზიანებელი, ვულგარული... იაფფასიანი პოპულარობა არ მიზიდავს და მსახიობის პროფესიაც სულ სხვა რამის გამო ავირჩიე.

- სერიალის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი გზა ხელოვნების მიმართულებით?

- შემდეგ იყო შემოთავაზებები, მაგრამ ძირითადად ერთი და იგივე კუთხით. უფრო გარეგნულ შტრიხებზე სურდათ ხაზგასმა. ამიტომაც კინოროლებს აღარ დავთანხმდი, არ მსურდა რამის განმეორება. ვმონაწილეობდი სერიალში - "ასა“ და შემდეგ ჩემი პროფესიით საქმიანობას თავი დავანებე.

დეტალებს აღარ მოვყვები, მაგრამ ძალიან ბევრ უსამართლობას წავაწყდი. თავი რომ გადამერჩინა და ბევრი არ მენერვიულა, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით წავედი. არ მსურდა სულიერად გავტეხილიყავი. ამ პროფესიაზე მთელი ცხოვრება ვოცნებობდი და მაგ მხრივ ჩემი ცხოვრება ნამდვილად შედგა... თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე, სერიალში ვმონაწილეობდი და მეტი 24 წლის გოგოს რა უნდა მდომოდა?! - ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სერიალში არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვთამაშობდი. შესანიშნავ რეჟისორებთან, ოპერატორებთან ვმუშაობდი... მადლობა უფალს ყველაფრისთვის... დღეს საჯარო სამსახურში ვარ. რამდენიმე პროფესია გამოვიცვალე და უკვე ექვსი წელია სოფლის განვითარების სააგენტოში ვმუშაობ. ძალიან კარგ გარემოში, არაჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად მიწევს ყოფნა.

- ჯერ ხომ ყველაფერი წინ არის?

- თავს ძალიან ვარიდებ, რადგან სატელევიზიო ინტერვიუსთვის რომ ტელევიზიაში შევდივარ, კამერებს ვხედავ და სახლში ვბრუნდები, ცუდად ვხდები. ჩემთვის კამერების დანახვა ძალიან ნოსტალგიური და მტკივნეულია. თუ რამე განსაკუთრებულად საინტერესო იქნება და მომხიბლავს, მაშინ შეიძლება ვიფიქრო, მაგრამ როდესაც წლები შენს პროფესიაში აღარ ხარ, ეს ცუდად მოქმედებს. მსახიობი ცხოვრების ბოლომდე სულ უნდა ვითარდებოდე. გარდა იმისა, რომ ასაკში შედიხარ, ცხოვრებაც სხვანაირად მიდის. მგონია რომ თამაშის წესებიც უნდა შეიცვალო, სადღაც წარსულში არ უნდა დარჩე! მე აღარც გაყინული მქვია, აღარაფერი, ჩვეულებრივ ჩამოშორებული ვარ ჩემს საქმიანობას.

- საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- არასოდეს! ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და გამიჭირდება სხვაგან გაძლება. ეს კი არა, ამ ქალაქში რომ დავიბადე და გავიზარდე, სადმე დასასვენებლად რომ მივდივარ, თბილისი ძალიან მენატრება. ჩემი ქვეყნის სხვანაირი სიყვარული მაქვს. თავში გამივლია, თავის დროზე რომ სხვაგან წავსულიყავი, შეიძლებოდა ყველაფერი სულ სხვანაირად ყოფილიყო-მეთქი...

- პოპულარული, ასეთი გარეგნობის...თქვენს პირად ცხოვრებაზეც რომ გვითხრათ...

- პირად ცხოვრებაზე საუბარი ნაკლებად მიყვარს... დაოჯახებული არ ვარ, არც შვილი მყავს სამწუხაროდ.

- საუბრის დასასრულს... მაინც რა როლი იქნებოდა თქვენთვის სასურველი, ისევ თქვენს საქმიანობას დაბრუნებოდით?

- წინასწარ თქმა რთულია... ალბათ უკვე გამოცდილი, დარბაისელი ქალის როლში ვისურვებდი ჩემ თავს. ძალიან მინდა საქართველოზე ისტორიული ფილმი გადაიღონ, მონაწილეობას დიდი სიამოვნებით მივიღებდი. მაგალითად ლევან გოთუას „გმირთა ვარამი“... ან აფხაზეთზე ფილმი. მსურს არაკომედიური როლი ვითამაშო, კომედიური უკვე იყო და აღარ მინდა მაყურებელმა პარალელები გაავლოს. სერიალი იმდენად მკვეთრად ჩაიბეჭდა ადამიანების მეხსიერებაში, ამდენი წლები გავიდა და კიდევ ახსოვთ.

მსახიობის პროფესია თეატრის გამო ავირჩიე მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა და დღეს არც თეატრში ვარ, არც კინოში, არც მიწისა ვარ, არც ცისა“...მგონია, რომ ყველაზე კარგი თეატრის ცხოვრებაა... იმ სიტუაციაში, იმ როლში მინდა აღმოვჩნდე, რომ კარგი ამბების მონაწილე ვიყო ჩემს ქვეყანაში, სამყაროში, მეგობრებში, თქვენთან, ყველგან... უარყოფითი ემოციებია დაგროვილი და ადამიანს გინდა გაიღვიძო, ამოისუნთქო, მაგრამ ცხოვრება და მოცემულობა ამის საშუალებას არ გაძლევს... მინდა რომ ლამაზი, კაშკაშა, ბედნიერი ადამიანების გარემოცვაში გავიღვიძო!