უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსკოვის მიერ „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებას გმობს და „ახალი ტერორის მდგომარეობად“ აფასებს.
უწყების განცხადებით, ეს ნაბიჯი იყო „ლუგანსკის, დონეცკის, ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონების მცხოვრებთა წინააღმდეგობის ჩახშობის მცდელობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის ოკუპაციას“.
"პუტინის ბრძანებულება ბათილია. მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინა „საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდებს, მკაცრად დაგმონ რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების განზრახვა ეგრეთ წოდებული „სამხედრო მდგომარეობის“ საფარქვეშ ჩამოერთვას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ადამიანის ძირითადი უფლებებიც კი, ასევე დაგმონ მათი უკანონო გეგმები, განახორციელონ ძარცვის, იძულებითი დეპორტაციისა და მობილიზაციის ლეგალიზება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროს განცხადებით, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და უკრაინელი ხალხის გადარჩენას.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოთხ რეგიონში - ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.