რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის დედა, აიმანი კადიროვა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
შესაბამისი განკარგულება იურიდიული ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა და როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, აიმანი კადიროვას ეს ჯილდო "აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობისთვის“ გადაეცა.
მანამდე, ოკუპირებული ლუგანსკის სეპარატისტმა ე.წ. ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა კადიროვის მეუღლესა და დედას "ხალხთა მეგობრობის ორდენი" გადასცა, რაც სავარაუდოდ, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარულ დახმარებასთანაა კავშირში.
მედიის ცნობით, ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ლუგანსკში ვითომდა ჩეჩნეთიდან ჩაიტანეს, სინამდვილეში უკრაინაში მოპარული პროდუქტები იყო.
გამომძიებელი ჟურნალისტის, ჰრისტო გროზევის თქმით, "კადიროველებმა" ოკუპირებულ რეგიონებში ნაძარცვი პროდუქტი დაარიგეს.
წყარო: kavkazr
მოამზადა: ანა სიბოშვილმა