ავტორი:

"საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი დაიწყო, მაგრამ უკრაინაც არ აკლებს" - ალეკო ელისაშვილი

"საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი დაიწყო, მაგრამ უკრაინაც არ აკლებს" - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი ნამდვილად დაიწყო, მაგრამ სამწუხაროდ, უკრაინაც არ აკლებს და არამართებულ ნაბიჯებს დგამს,- ასე ეხმაურება “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებას.

ალეკო ელისაშვილის შეფასებით, სანქციებზე უკრაინის გადაწყვეტილება არასწორია.

"კიდევ ერთი გულდასაწყვეტი ნაბიჯია. ფაქტია, რომ საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებები იმის ნაცვლად, რომ სადღაც გაჩერდნენ და დაიწყოს ერთმანეთისკენ იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც საქართველოსა და უკრაინას ეკადრება, ამის ნაცვლად სხვა რამეს ვხედავთ. საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლების მიმართ უშნო პინგ-პონგი ნამდვილად დაიწყო, მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინაც არ აკლებს და დგამს არამართებულ ნაბიჯებს. სიმართლე გითხრათ, სულ არ მადარდებს არც ივანიშვილების ოჯახის ქონება და არც სხვა რამ, მაგრამ ფაქტია, რომ უკრაინის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება არ იყო სწორი. აქედან რა დააკლდება ივანიშვილს, არ ვიცი. ალბათ, ბევრი არაფერი, მაგრამ ეს აფუჭებს ურთიერთობებს. სულ არ მადარდებს ბიძინა ივანიშვილი და ის, მას უკრაინაში აქვს თუ არა ბიზნესი, მაგრამ მადარდებს ის, რომ ასეთ ისტორიულ და გმირულ მომენტში, როცა უკრაინა თავს ასე ვაჟკაცურად იცავს, ჩვენ და უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გავაფუჭოთ, ერთმანეთთან ზურგით დავდგეთ და ამით გავახაროთ რუსეთი. ძირითადად, ჩვენი ხელისუფლება მავნებლობს, მაგრამ დრო და დრო უკრაინის ხელისუფლებაც ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ გავიგებ, გული მწყდება და ეს არის ასეთი ნაბიჯი. ახლა ჩვენც და უკრაინელებიც უნდა გავჩერდეთ, შემოტრიალების პროცესი დაიწყოს. ვოცნებობ, რომ სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ დონეზე მხარდამხარ ვიდგეთ, თორემ, საქართველოს მოსახლეობა უკრაინას მხარს უჭერს”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ პირთა სიაში ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის 4 წევრი მოხვდა. კერძოდ, უკრაინამ სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილის ძმას, ალექსანდრე ივანიშვილს და მის მეუღლეს, ქეთევან ხარაიძეს, დეიდაშვილს უჩა მამაცაშვილს და მის შვილს - ტიტე მამაცაშვილს. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა. სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდა რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი, კერძოდ: დავით იაკობაშვილი, ალექსანდრე და გიორგი ჯაფარიძეები.