კენედების ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი, კონორ კენედი, უკრაინაში მიმდინარე ამბებმა ისე შეაშფოთა, რომ ოჯახისგან უჩუმრად, უკრაინაში ომში წავიდა. კონორ კენედი ჯონ კენედის დისშვილის რობერტ ფიცჯერალდ კენედის შთამომავალია.
კონორი უკვე სახლში დაბრუნდა, ჯანმრთელი, უვნებელი და სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა თავისი გამოცდილების შესახებ საზოგადოებისთვის ეამბო და ინსტაგრამზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა.
"ვიცი, რომ ეს ამბავი მალე გავრცელდება, ამიტომ მინდა, ჯერ ჩემი სათქმელი ვთქვა და სხვებსაც მოქმედებისკენ მოვუწოდო. როგორც ბევრი სხვა, მეც შემძრა უკრაინაში დატრიალებულმა მოვლენებმა, მინდოდა რამენაირად დავხმარებოდი. როცა "უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის" შესახებ გავიგე, ვიცოდი, რომ უნდა წავსულიყავი, ამიტომ მეორე დღესვე მივედი საელჩოში, რათა ლეგიონში ჩავრიცხულიყავი“, - წერს კენედი.
მისი თქმით, მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა, რომ ის ომში წავიდა.
"აქ მხოლოდ ერთ ადამიანს ვუთხარი სად ვიყავი, იქაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცოდა ჩემი ნამდვილი სახელი. არ მინდოდა ჩემს ოჯახს, ან მეგობრებს ენერვიულათ და არც ის მსურდა, რომ უკრაინაში განსხვავებულად მომქცეოდნენ. წასვლამდე არ მქონია რაიმე სახის სამხედრო გამოცდილება და ამის გამო, არც ისეთი სახარბიელო კანდიდატი ვყოფილვარ. ამის მიუხედავად, სიმძიმეების ტარება შემეძლო და ყველაფერი სწრაფად ავითვისე."
კონორ კენედი წერს, რომ ის უკრაინაში სიკვდილისთვისაც კი მზად იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში დიდი დრო არ გამიტარებია, უამრავი რამ ვნახე და ვიგრძენი. ჯარისკაცობა იმაზე მეტად მომეწონა, ვიდრე ველოდი. ჩემმა იქაურმა (უკრაინაში მყოფმა) მეგობრებმა იციან, რატომ მომიწია სახლში დაბრუნება", - ამბობს კონორი და აღნიშნავს, რომ კარგად იცის, როგორი იღბლიანია უკან ცოცხალი რომ დაბრუნდა, მაგრამ თანახმაა, ყველა რისკზე ისევ წავიდეს.
კენედის თქმით, უკრაინაში ყოფნისას, ყველაზე მამაც ადამიანებს შეხვდა, ვინც კი ოდესმე უნახავს: "ეს ომიც, როგორც სხვა ყველა, საზარელია. უკრაინაში ყოფნისას ყველაზე მამაც ადამიანებს შევხვდი, ვინც კი ოდესმე მინახავს. ჩემი მოძმე ლეგიონერები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან, ნამდვილი თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხია... ეს ომი ამ საუკუნის დემოკრატიის ბედს განსაზღვრავს. ამჯერად, მხოლოდ იმას მოგიწოდებთ, რომ უკრაინას თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად დაეხმაროთ. შეუერთდით ლეგიონს, დაეხმარეთ საზღვარზე, ან გაგზავნეთ სამედიცინო მედიკამენტები
ყოველდღიურად იქ ვიღაც ყველაფერს სწირავს ხანგრძლივი მშვიდობისთვის. მათ არ უნდა მოვთხოვოთ, რომ მარტო იმოქმედონ", - წერს კონორ კენედი.
წყარო: vanityfair
მოამზადა: ანა სიბოშვილმა