უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა სანქციების ახალ პაკეტს, რომელიც 19 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში. ბრძანებულების თანახმად, უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა დაასანქცირა, რომელთა შორის მისი ძმა - ალექსანდრე ივანიშვილი და მისი მეუღლე - ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი - უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი - ტიტე მამაცაშვილი მოხვდნენ.
სანქციები ასევე შეეხო ივანიშვილთან დაახლოებულ რამდენიმე ქართული წარმომავლობის ბიზნესმენს, კერძოდ: დავით იაკობაშვილს (რომლის კომპანია "პეტროკასი“ საქართველოში ფოთის ნავთობტერმინალს და „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურების ქსელს ფლობს), ალექსანდრე ჯაფარიძეს (მისი ქონება "ფორბსის“ მონაცემებით 1 მილიარდ დოლარს აღწევს) და მის შვილს - გიორგი ჯაფარიძეს. ჯაფარიძეების ოჯახი რუსეთში ნავთობსაბურღი კომპანიის მფლობელია, რომელიც ნავთობს, ძირითადად, "ლუკოილისთვის“ მოიპოვებს.
დაწესებული სანქციები გულისხმობს აქტივების დაბლოკვას, ეკონომიკურ აქტივობებში ჩართვის, უკრაინის ტერიტორიაზე ოპერირების აკრძალვას და სხვა ეკონომიკურ შეზღუდვებს. სანქცირებულ პირებს უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ეკრძალებათ სავაჭრო ოპერაციები, რესურსების ფლობის უფლება, ფრენები, ტრანსპორტირება და ტრანზიტი, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანა, ლიცენზიებითა და სხვა ნებართვებით სარგებლობა.
ინფორმაციის გახმაურებისთანავე გაჩნდა კითხვა - რატომ არ არის სიაში თავად ბიძინა ივანიშვილი და გავრცელდება თუ არა უკრაინული სანქციები ავტომატურად აშშ-ში, კანადასა და ევროკავშირის ქვეყნებში, ფლობენ თუ არა აღნიშნული პირები ბიზნესს უკრაინის ტერიტორიაზე - ამ კითხვებზე AMBEBI.GE-ს პოლიტიკოსი დავით ჭიჭინაძე პასუხობს:
"რეალურად, სანქციები იმის მანიშნებელია, რომ ბიძინა ივანიშვილს ყვითელი ბარათი უჩვენეს. ყველამ კარგად იცის, რომ ის პირდაპირ თვითონ არ ოპერირებს, ყოველთვის და ყველაფერს თავისი გარემოცვის საშუალებით აკეთებს. ის მუდმივად ცდილობდა, მაქსიმალურად დისტანცირებულიყო ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობიდან და მხოლოდ და მხოლოდ მსმენელი ყოფილიყო. ალბათ უკრაინელებს ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვთ, როგორ ხდება ამ ფინანსური ნაკადების მართვა და ვფიქრობ, მოქმედი პირები არიან დასანქცირებულები. უკრაინელი ლიდერები ამბობენ, რომ მათ აქვთ საკმარისი ინფორმაცია, ანგარიშები და ყველაფერი მოგროვილ-გაანალიზებულია. ნათქვამია, მეფეს თავისი ამალა წარმოაჩენსო. ამალა როცა აღარ გყავს, გინდა - არ გინდა, სუსტდები. ეს ადამიანების ის კატეგორიაა, ვისი მეშვეობითაც ივანიშვილი ახერხებდა სხვადასხვა ოპერაციების განხორციელებას, მისი ხელმოწერები და კომპანიები ნაკლებად ჩანდა, ის ხომ ყველაფერს „გაემიჯნა“ და „საქველმოქმედო ფონდში გადავიდა“? ასე რომ, ზოგადად გარემოცვა გაცილებით უფრო საშიშია იმიტომ, რომ მერე შეიძლება მან საკუთარი თავის გადარჩენა დაიწყოს - გარემოცვა, იმის გამო, რომ მასთან მხოლოდ ფინანსური ინტერესებით არის დაკავშირებული, ჩვენებებს დაწერს.
რეალურად თუ შევხედავთ, ეს ამბავი საკმაოდ დიდხანს და პროფესიონალურად მზადდებოდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გარკვეული დატვირთვის მატარებელია - როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომელსაც მთელი ცივილიზებული სამყარო გვერდში უდგას, ვიღაცას ადანაშაულებს, რომ ეს ჯგუფი მის მტერთან ალიანსშია, რა თქმა უნდა, გარემოცვის დასანქცირება გარკვეული პერიოდით იქნება ზემოქმედების მექანიზმი - ივანიშვილს ჯერ ყვითელი აქვს ნაჩვენები, თუ ასე გააგრძელებს, მერე გაუწითლებენ.
ახლა კობახიძე რასაც ამბობს, სწორედ მაგ ნარატივმა და მისმა სქემებმა, ოთხეულების გამოგონებამ, აგდებულმა დამოკიდებულებამ, რიტორიკამ, მუქარა-შანტაჟმა მიიყვანა ესენი ამ მდგომარეობამდე. ბიძინას გარემოცვა ის ხალხია, ვინც ყველაზე კარგად იცის ყველაფერი და ხვალ, თუ ზეგ ჩვენებას მისცემენ, საიდან და სად ფრიალებს შავი ფული. ვფიქრობ, ცოტა ხანში, ამ ადამიანებიდან უნდა ველოდოთ თანამშრომლობას, აღიარებით ჩვენებებს, რომელიც მერე უკვე საკმაოდ დაუმძიმებს მდგომარეობას ივანიშვილს. ეს სიახლე ნაკლებად სასიხარულო მოვლენაა „ქართული ოცნებისთვის“ და პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის, უკრაინამ მათ დაანახა, როგორ არ შეიძლება ასე აგდებულად ესაუბრათ ცივილიზებულ სამყაროსთან. ესენი რიტორიკას არ შეიცვლიან, არ აქვთ უკან დასახევი გზა. ეს ზუსტად ის გზაა, რასაც გადაჰყვებიან. რომ დაიხიონ, რა უნდა თქვან? - შეგვეშინდაო? აქამდე ხომ იქადნებოდნენ, არავისი გვეშინია და თურმე ეს ქართველი ხალხის დაკვეთაა? თუ ვინმე უკრაინაში სანქცირებულებთან თანამშრომლობს, ანუ ვინც ეჭვმიტანილია, ის ადამიანებიც ავტომატურად ხვდებიან ამ სიაში. ეს არის სტანდარტული პროცედურა, თუ ამას გაიზიარებს ევროკავშირი და ამერიკა, მათი მხრიდანაც იგივე განცხადება მოჰყვება, ანუ ამ ხალხის მიმართ სხვა ქვეყნებიც იმავე შეზღუდვებს დააწესებენ.
ეს სტანდარტული ტექსტია, რომელიც ასეთ შემთხვევებში გამოიყენება, თორემ დარწმუნებული ვარ, დასანქცირებულებს უკრაინაში კაპიტალი, ბიზნესი არ ექნებათ, რომც ჰქონოდათ, აქამდე გაასხვისებდნენ, ისინი ხომ ასოცირებულები არიან "ქართულ ოცნებასთან"? ესენი ისევ აყენებენ უკრაინას შეურაცხყოფას მაშინ, როცა დღეს მსოფლიოში უკრაინა ადგენს დღის წესრიგს. უკრაინელებმა ეს უფლება დიდი მსხვერპლის, თავგანწირვისა და გმირული ბრძოლის ხარჯზე მოიპოვეს. ეს არის ანგარიშგასაწევი ძალა, რადგან რუსული იარაღისა და რუსული არმიის უძლეველობის მითი უკრაინაზე დაიმსხვრა და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა და პირადად ბიძინა ივანიშვილი თუ არ გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც იწვევს დასავლეთის გაღიზიანებას, თუ არ შეეცდება მათთან თუნდაც კულუარულად რაღაცეების მოგვარებას, მაშინ, ვფიქრობ, ამ პროცესს ექნება საკმაოდ სწრაფი, დინამიური განვითარება და სავალალო შედეგებს მოიტანს როგორც ივანიშვილის გარემოცვისთვის, ასევე მისთვისაც - მერე უცბათ გამოჩნდება ჩვენებები ბიძინასთან დაკავშირდებით და ის ოჯახის წევრებიანად დასანქცირდება“, - ამბობს დავით ჭიჭინაძე.
გიორგი კობერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, GIPA-ს პროფესორი:
"ძალიან სამწუხაროა, როცა ასეთი რამ ხდება. გვინდა-არ გვინდა, ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქის სანქცირება, რომელსაც, მით უმეტეს, კავშირები აქვს (პირდაპირი, თუ ირიბი) ხელისუფლებასთან, ქვეყნისათვის ძალიან პრობლემურია, რადგან ქვეყანას წარმოადგენს ხელისუფლება. ამ სანქციებს მტკივნეულად აღვიქვამ და არ მგონია, ეს მხოლოდ შიდა პოლიტიკური საკითხებისთვის იყოს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის რეპუტაციაც საეჭვოა. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ასე არაპირდაპირ შეიძლება იყოს დაკავშირებული იმასთან, რომ არ აქვს სურვილი ამ ეტაპზე პირდაპირ გავიდეს ხელისუფლებაზე - ჩრდილოვანზე, გინდაც - მოქმედზე.
ის ირიბად მოქმედებს, რათა მიუთითოს, აჩვენოს საქართველოს ხელისუფლებას, რომ უკრაინას კვლავ აქვს ხელში კარტები და მან შეიძლება იმოქმედოს, თუ საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს ორაზროვან თამაშს და ორაზროვან დამოკიდებულებას უკრაინასთან და რუსეთთან მიმართებით, რაც ძალზე უცნაურია ჩვენის მხრიდან. ამიტომ ეს გადაწყვეტილება იყო არაპირდაპირ გაფრთხილება და შეიძლება ითქვას, რომ ასე არაპირდაპირი მოქმედება დასავლეთს ახასიათებს ხოლმე - ჯერ გარემოცვაზე გადიან და მათ ასანქცირებენ, მერე გადადიან მთავარზე. ამ ეტაპზე ბიძინას დასანქცირებას გამოვრიცხავ, მე ეს გაფრთხილებად აღვიქვი და ეს ეტაპი შეიძლება გაგრძელდეს კვარტალი, ნახევარი წელიწადი... ეს არის მინიშნება იმაზე, რომ უკრაინა აკვირდება მოვლენებს საქართველოში.
რთული სათქმელია, დასავლეთი გაიზიარებს თუ არა ამ სანქციებს. ვფიქრობ, ის არ იჩქარებს და არა იმიტომ, რომ არ იზიარებს, არამედ იმიტომ, რომ დასავლეთს ამ ეტაპზე დამატებითი ფრონტის გაშლისთვის არ სცალია. მაგრამ თუ უკრაინის ხელისუფლებასთან მიმართებით სიტუაცია არ გამოსწორდა და იგივე დარჩა, მაშინ უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ მსგავსი ნაბიჯის გადადგმა დასავლეთისგან“.
"თავდაპირველად ხელისუფლების მხრიდან რეაქცია იყო ბავშვური და ნაჩქარევი. მგონია, ამას დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რადგან უკრაინამ მართლაც თუ გადაწყვიტა, რომ ბოლომდე იმოქმედოს, ამ შემთხვევაში საქართველო ასე თამამი ვეღარ იქნება. ეს ჩრდილოეთ კორეა არ არის, ჩაიკეტო, ვიღაცეებს რაღაცეები ეძახო და ყველამ ყველაფერი გაატაროს, ასე მარტივადაც არ არის ყველაფერი. თუმცა ვფიქრობ, ამ ეტაპზე ხელისუფლების აქტორებმა იჩქარეს მსგავსი განცხადებების გაკეთება, რაც ბავშვურად გამოუვიდათ, პოლიტიკის შექმნა კი ასე არ ხდება. რაც შეეხება შიდა პოლიტიკაზე გავლენას, მე ძალიან სუსტი წარმოდგენა მაქვს საქართველოს ოპოზიციაზე და, პრაქტიკულად, ამაზე არც არაფერს მოველი მათი მხრიდან. საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, კარგად იცის, ვინაა ხელისუფლება და რა არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში, ამიტომ აქ ვინმემ ახლა აღმოაჩინოს, უი, რა ცუდი ხელისუფლება გვყოლიაო, ნაკლებად სავარაუდოა - ვინღა უნდა აღმოაჩინოს, ვინც აქამდე არ იცოდა? უკრაინის დასანქცირებამ საქართველოს ჩრდილოვანი მმართველობის ირგვლივ მყოფებთან მიმართებით რა უნდა შეცვალოს? - არც არაფერი. ამიტომ ამაზე რომ ვთქვა, შიდა პოლიტიკური ცვლილება იქნება-მეთქი, არა, მაგრამ ზოგადად, ქვეყნის რეპუტაციისთვის ზარალი იქნება გრძელვადიანად - როდესაც უკრაინა, ომში მყოფი ქვეყანა დროს გამონახავს და იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ, ეს ნიშნავს, რომ მათ ძალიან სერიოზულად აღიქვეს პოტენციური გამოწვევა, რომელიც მათ წინაშე იდგა.
საქართველოს ხელისუფლება სანამ ამტკიცებს იმას, რომ ომში გვითრევენ, ოპოზიცია კი იტყვის იმას - არა, არ გვითრევენ და სხვა მსგავსი სისულელე, მანამ მსგავსი რიტორიკა გაჭრის. სანამ საზოგადოება არ შეთანხმდება იმაზე, რომ რუსეთთან საქართველოს ომი არ აქვს დასრულებული და ამ ომს აგრძელებს (უბრალოდ, ნელი ინტენსივობის კონფლიქტია), რუსეთი აგრძელებს ეთნიკურ წმენდას, გაუპატიურებას, უკანონო დაკავებებს, ტერიტორიების მიტაცებებს და თუ ჩვენ ამას ომს არ დავუძახებთ, გამოდის, გვიღიარებია, რომ ის ტერიტორიები ჩვენი არ არის. რუსეთთან ომი არ დასრულებულა, ინტენსივობამ დაიკლო. ეს ფაზა არსებობდა 2014 წელს უკრაინაშიც, რაც 2022 წლამდე გაგრძელდა და იქ არავინ ამბობდა, რომ ომი დასრულებული იყო. ამიტომ ვინც ამას ამბობს, რომ ომში გვითრევენ, მეორე მხარე გამოდის და ამბობს, არა, ეს ომში ჩათრევა არ არის და თავის მართლების პოზიციაში ჩადგება, ძალიან უხერხულია, გამოდის, ორივე მხარე ერთი და იმავე სისულელეს გვიტრიალებს და ორივე ქვეყნისთვის ზარალია“.
ნახეთ ასევე: