ავტორი:

ოკუპანტებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

ოკუპანტებმა ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს, - ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ეროვნულ გვარდიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინის ეროვნულ გვარდიაში აცხადებენ, რომ მტრის მხრიდან მუდმივი დაბომბვის გამო ქალაქში ვითარება კრიტიკულია.

"კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, - აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

15 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მძიმე ვითარებაა. ყველაზე მძიმე სიტუაცია კი, მისი თქმით, ბახმუტის მიმართულებითაა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ რუსული ძალები ბახმუტის სრულად აღებას ოქტომბრის ბოლომდე გეგმავენ. ამასთან, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული არმია ბახმუტის აღების იმიტიაცია ახდენს, რათა „გამარჯვებულად“ ერთი მიმართულებით მაინც გამოიყურებოდეს.