ავტორი:

"რთულია, იყო ცნობილი ადამიანის შვილი... შენგან მეტ შედეგს ელიან" - გაიცანით მხატვარი, რომლის ნახატმა ინტერნეტში ფურორი მოახდინა: რეკორდსმენი მამის როლი ნატალია კუციას შემოქმედებაში

"რთულია, იყო ცნობილი ადამიანის შვილი... შენგან მეტ შედეგს ელიან" - გაიცანით მხატვარი, რომლის ნახატმა ინტერნეტში ფურორი მოახდინა: რეკორდსმენი მამის როლი ნატალია კუციას შემოქმედებაში

"მე ყველაფერი მინახავს", აკვარელი, ქაღალდი" - ამ წარწერით გამოაქვეყნა მხატვარმა ნატალია კუციამ ნახატი, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ათიათასობით მოწონების გარდა, კომენტარებში ადამიანები ნახატს საკუთარ ეზოს, ნაცნობების სახლს ამსგავსებდნენ, განსაკუთრებულად დადებითი ემოციები ჭარბობდა...

ნატალია კუციას ამ ნახატზე და მის შემოქმედებით ცხოვრებაზე ვესაუბრეთ:

- თქვენ ხართ შვილი ლეგენდარული ვახტანგ კუციასი (პრესაში 1000-ზე მეტი კარიკატურის გამოქვეყნების გამო შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში), რომელიც გინესის წიგნში ორჯერ მოხვდა... რას ნიშნავს ეს ყველაფერი თქვენთვის?

- ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მითუმეტეს ახლა, როცა მამა გვერდით აღარ არის, მის გარეშე მიწევს გზის გაგრძელება. რთულია იყო ცნობილი ადამიანის შვილი. ადამიანები შენგან შედეგს მოელიან, შედეგს აღწევ და თვლიან, რომ მამის სახელი და გავლენაა. ყოველ შემთხვევაში, იყო კუცია - ეს უკვე სტანდარტი და კრიტერიუმია, რომელიც უნდა დააკმაყოფილო... ბოლოს მეკითხებიან ხოლმე, დიდი ვახტანგი თქვენი ვინ არისო და მიხარია ხოლმე, რომ ჩემი საქმიდან გამომდინარე იხსენებენ მას და არა პირიქით, რომ მე მისი შვილი ვარ.

ჩემს ბავშვობაში რთული დრო იყო მთელ ქვეყანაში, ხელოვნებამ ჩვენი ოჯახი ფაქტობრივად გადაარჩინა. მე მამას ვხედავდი 24 საათი როგორ მუშაობდა, როგორც მხატვრობაში ასევე ესტრადაში. ის იყო ჩემთვის ძალიან დიდი მაგალითი! ასევე ის ხედავდა ჩემში დიდ პოტენციალს. მე და ჩემ დას დაგვსვამდა და გვიხსნიდა ხატვის საფუძვლებს. კიდევ ზოგად განათლებას გვაძლევდა.

ვთვლი, რომ მას ჩვენზე დიდი მიზნები და გათვლები ჰქონდა. მანდობდა თავის კარიკატურებს, პატარა ასისტენტივით ვყავდი, ნახატებზე ტუშით კონტურებს მაკეთებინებდა, რადგან თვითონ ვერ ასწრებდა, ან ტანსაცმელს მაფერადებინებდა. ეს ჩემთვის იყო დიდი რამ, რომ მამა სამუშაო ნახატებს მე მანდობდა და იცოდა, რომ არ გავაფუჭებდი. და ახლა უფრო მეტად მაინტერესებს მისი აზრი ჩემ შემოქმედებასა და პიროვნებაზე, როგორიც ჩამოვყალიბდი.

- თქვენმა ნახატმა სოციალურ ქსელში უზარმაზარი აჟიოტაჟი გამოიწვია... გვიამბეთ ამ ნახატზე?

- ნახატების სერია დავიწყე, იმ ადგილების ხატვა, სადაც ვიმყოფებოდი. პირველი იყო ჩემი ჭიშკარი... ერთი ჩვეულებრივი თბილისური ეზოს გასასვლელი, რომელსაც თითქმის ყველა ადამიანი ისე გაივლის, რომ არ უკვირდება და ყურადღებას არ აქცევს. მისი ჩუქურთმები გაღუნულია, მტვერია, კაბელები და შელახული კედლებიც ახლავს. და მე ის უბრალოდ დავხატე, ისეთი როგორიც არის. და ამ ჭიშკარს მართლა ყველაფერი უნახავს, სწორედ ასე დავარქვი. ფოტო ავტვირთე სოციალურ ქსელში და მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

ადამიანებმა დაიწყეს ნახატზე მსჯელობა, საკუთარ ეზოს, ნაცნობის სახლს მიამსგავსეს, იყო მისამართების გაზიარება, არა აქ არის, არა ვერაზეა, ვორონცოვზეა... თითქოს ყველა გაგვაერთიანა ამ კონკრეტულმა ნახატმა. მე მიხარია, რომ დადებითი გამოვიწვიე ემოციები და ადამიანებს ტკბილი მოგონებები გავახსენე. არ მახსენდება ფაქტი, რომ ნახატს ამხელა აუდიტორია, 11 000 მოწონება და ამხელა გამოხმაურება გამოეწვიოს. ახლა უკვე ყველა სხვანაირად დაუწყებს მსგავს ადგილებს ყურებას და აღქმას. რომ ყოველდღიურობაშიც კი შეიძლება რამე განსაკუთრებული და ესთეტიკური დაინახო.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს ემოციები?

- ჩემთვის ეს არის სენსაციური ფაქტი, ძალიან სასიამოვნოა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ეს ეზო ხომ პირადად ჩემია და ჩემი დამოკიდებულებაა ნახატზე, ძალიან მიხარია, რომ ადამიანებმა ის მიიღეს, ისეთი ზრუნვით როგორც მე ავსახე. რომ ძველი ნივთები ინახავენ მოგონებებს, გრძნობებს, ადამიანებს. სრულიად უცხო ადამიანები თითქოს ამ ჭიშკარში აღმოვჩნდით ერთად და თურმე რამდენი რამ გვქონია საერთო...

- თქვენს შემოქმედებაზე მეტი გვიამბეთ...

- ხატვა ჩემი ძირითადი საქმიანობაა, რეალიზმით ვარ დაკავებული და რეალიზმის მიღმაც ვიპარები ხოლმე. ახლა ვაპირებ ცოტა გავაბუნდოვანო და მეტი იდუმალება შევძინო გამოსახულებებს, რომ ადამიანმა თვითონ წარმოიდგინოს ნახატის დასასრული საბოლოო სახე. როგორც დაწერილ რომანს გაუწვდი ადამიანს და ბოლო თავს მიანდობ, ისე გადაწყვიტოს, როგორც სურს...

ვხატავ ჭიქებს, მართალია შრომატევადი საქმეა, მაგრამ უფრო გართობასთან, თამაშთან ასოცირდება. ეს საყვარელი ნაკეთობები ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. მე ძალიან მსიამოვნებს ადამიანების გახარებული სახეების ნახვა, იქნება ეს ნახატით, ჭიქით...

- ორი შვილის დედა ხართ, ამდენს როდის ასწრებთ?

- ჩემი შვილები არიან ჩემი ყველაზე საყვარელი ნამუშევრები, ბავშვები დიდ დროს, ენერგიას მოითხოვენ და რასაკვირველია რთულია კარიერის და ოჯახის შეთავსება. მაგრამ, მე მყავს მაგალითი, ისევ მამამდე მივედი. ისიც ბევრს შრომობდა, ნამუშევრებს სახლში აკეთებდა და ჩვენც დროს გვითმობდა. თითქოს ყველაფერი მეორდება, ოღონდ ახლა მე ვარ მშობელი. ზუსტად მუშაობის დროს მოვლენ და ისე მეხუტებიან როგორც მე ოდესღაც მამას ხატვას ვაწყვეტინებდი.

ორმაგად ბედნიერებაა, როცა ხატვაც წარმატებით მიმდინარეობს და შვილებიც იმედებს ამართლებენ. ბევრ რამეს ვასწრებ და სულ უკვირთ ხოლმე, როგორ, მე ვუხსნი, წუთისოფლის ცხოვრება ადრე იწყება, თითოეული წუთი ძალიან ძვირფასია. ბავშვებიც და დედაც, მეუღლეც ხელს მიწყობენ, რომ ყველაფერი კარგად იყოს. დროის სწორი მენეჯმენტი და იდეებით სავსე თავი, მეტი რა უნდა ინატრო ადამიანმა!