უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მიხეილ ყაფლანიშვილის და ალექსანდრე მარტიაშვილის სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში.
"თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირი ბრძოლაში შესვლის წამიდან გამარჯვებულია. უკრაინის და საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ ჩემი მეგობარი მიშა ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი და ისინი გამარჯვებულები არიან გმირული აღსასრულის შემდეგაც.
გმირებს ნუ შეეჭიდები, სიკვდილო დამარცხდებიო, - წერია ერთ ქართულ ლექსში.
მიხეილ ყაფლანიშვილთან და ალექსანდრე მარტიაშვილთან ბრძოლაში სიკვდილი დამარცხდა, რადგან მათი სახელები სამარადისოდ დარჩება ქართველი და უკრაინელი ხალხების გულებში. დიდება გმირებს!“- აღნიშნავს სააკაშვილი.
გუშინ უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი - მიხეილ ყაფლანიშვილი და ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.
ნახეთ ასევე: