უმრავლესობის დეპუტატი ალუდა ღუდუშაური "ნაცმოძრაობის" წევრის ანა წითლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს "ოცნების" დეპუტატმა მეილზე, გამზადებული კითხვები მიიღო, თუ რა უნდა დაესვა სახალხო დამცველის კანდიდატებისთვის.
ღუდუშაურმა წითლიძე სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
"ვიღაცას უნდა, რომ ქვის ხანაში იყოს და ქალბატონი ანა ერთ-ერთია, ვინც ქვის ხანაშია. მე მიწევს ერთის განმარტება - ეს არის თანამედროვე სამუშაო წიგნაკი რომელშიც ჩვენ ვმუშაობთ. ეს არაფრით არ განსხვავდება თაბახის ფურცლისგან, სადაც ვინიშნავდი კითხვებს. დიახ, მე დღეს მოვედი მომზადებული, ოპოზიციის იმ ნაწილისგან განსხვავებით, რომელსაც ქალბატონი ანი წარმოადგენს, რადგან მე უნდა დავსვა კითხვები.
ეს არის სამუშაო ბლოკნოტი და დღეის აქეთ გეცოდინებათ, რომ ეს არის თანამედროვე მოწყობილობა. სხვათა შორის ბოლო მოდელია და ძალიან კომფორტულია, ეს ისე რომ იცოდეთ...
ფაქტია, ქალბატონ ანას არ აქვს გონებრივი თუ ინტელექტუალური შესაძლებლობები, რომ კითხვები დაესვა. თქვენ ვერ მომიყვანთ ფაქტს, რომ მეილით ვინმემ რაც გადმომიგზავნა. ნუ გოიმობთ!" - მიმართა ღუდუშაურმა წითლიძეს.
ცნობისთვის, "ნაცმოძრაობის" დეპუტატმა დღეს სოც ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატებმა მეილზე მიიღეს კითხვები, რაც ომბუდსმენის კანდიდატს უნდა დაუსვან.
"სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა არის.ანა აბაშიძეს ვუსმენთ. ქართული ოცნების დეპუტატები მიზიან წინ, მეილზე, ვორდის ფაილით მიიღეს კითხვები) მათიკაშვილმა რაც დასვა წინასწარ ვიცოდი) ალუდა რას იკითხავს ეგეც ვიცი, ფრჩხილებში რომ უწერია" - დაწერა წითლიძემ.