ავტორი:

"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

"ამჟამად შეყვარებულთან ერთად ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ... ვიღვიძებ დილის 6 საათზე" - ქართველი მსახიობის ჰოლივუდური ცხოვრება: რას ჰყვება თემო მელიქიძე ემიგრანტ ოჯახსა და პირადზე?

თემო მელიქიძე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. დაახლოებით 25 წლის წინ მისი ოჯახი საქართველოდან საზღვარგარეთ გაემგზავრა, ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. ბელგიაში გაჩნდა თემოს და. ემიგრაციაში ცხოვრება ბევრ სირთულეს უკავშირდება და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, მაგრამ ზოგიერთი მტკიცე ხასიათისა და ოცნების ახდენის იმედით ახერხებს "გადარჩენას".

ქართველი მსახიობი ამერიკული ბლოკბასტერში "პატრიოტის დღეში" მონაწილეობდა, რომლის პრემიერა 2016 წელს AFI Fest-ზე შედგა. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი პიტერ ბერგია. თემო მელიქიძე იქ ტერორისტის როლს თამაშობს, რომელმაც 2013 წელს ბოსტონის მარათონის დროს ტერაქტი მოაწყო. AFI Fest-ზე პრემიერის შემდეგ მელიქიძე ლეგენდარულ მსახიობებთან წითელ ხალიჩაზე მოხვდა.

მიუხედავად გატავირთული გრაფიკისა ამჯერად ჩვენს კითხვებს თემო მელიქიძემ ლოს ანჯელესიდან უპასუხა...

- თემო, როდის და რატომ გაემგზავრა თქვენი ოჯახი ემიგრაციაში ბელგიაში?

- ჩვენი ოჯახი რომ ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად, მაშინ მხოლოდ ექვსი წლის ვიყავი...

- როგორი იყო ოჯახისთვის ბელგიაში გატარებული წლები, განსხვავება მაშინდელ საქართველოს და მაშინდელ ბელგიას შორის.. როგორ ახერხებდით ქართულის ცოდნა ასე შეგენარჩუნებინათ?

- ზუსტად არ მახსოვს რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ახალ ქვეყანას ადვილად შევეჩვიე. ბელგია ძალიან სხვანაირია - ახალი ენა, სხვანაირი ხალხი. სახლში ქართულად ვლაპარაკობდით, მშობლები ქართულ წერა-კითხვას გვასწავლიდნენ. მე მაინც საქართველო მირჩევნია.

- სპორტსმენობას და მსახიობობას შორის არჩევანი მსახიობობაზე რატომ შეაჩერეთ?

- სპორტისთვის თავი არასდროს დამინებებია, სპორტმა ბევრი მასწავლა ცხოვრებაში და მსახიობის პროფესიაშიც დიდად გამომადგა.

- ამერიკაში როდის და როგორ გაემგზავრეთ და წარმატებებს რამდენად მალე მიაღწიეთ...

- 2012 წელს ამერიკაში ჩამოვედი, New Yorkis Filmis Academia-ში scholarship მომცეს... რაც შეეხება წარმატებებს, რამდენად „მალე" საინტერესო საკითხავია... ძალიან ძნელი და ემოციური გზა იყო, მაგრამ იმდენად უნდა გჯეროდეს შენი ოცნებების, რომ არაფერი არ შეგაჩერებს, არაფერმა შეგაშინოს! რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრი წარმატება მელის წინ...

- ჰოლივუდში მიღწეულ წარმატებებზე გვითხარით...

- ნიუ-იორკის კინოაკადემიაში სწავლა მსურდა, მაგრამ იქ სწავლა 1 წელი დაახლოებით 70 ათასი დოლარი ჯდება და რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახს ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ავტოფარეხში გადავიღე კლიპები ჩვეულებრივი კამერით და აკადემიის სტუდენტთა შესარჩევ ტურზე გავგზავნე. 2 თვის შემდეგ დამიკავშირდნენ. მითხრეს, რომ კლიპი მოეწონათ და აკადემიის დაფინანსებით სწავლის საშუალება მომეცემოდა. არ მჯეროდა, წერილი რამდენჯერმე წავიკითხე. მერე ავიღე ვიზა, მოვიკიდე ზურგჩანთა და წავედი ამერიკაში (იღიმის).

ამერიკაში გადასვლიდან 1 წლის შემდეგ, თემო მელიქიძე 326 სტუდენტიდან ერთადერთი იყო, ვისაც ბროდვეის თეატრში გადასვლა შესთავაზეს. სპექტაკლებზე მუშაობიდან მიღებულმა გამოცდილებამ მომავალი წარმატების შანსები გაზარდა. ნიუ-იორკიდან მალე ლოს-ანჯელესში გადავიდა და ახლა უკვე იქ დაელოდა ახალ შანსს პროფესიაში. თითქმის 3 თვე არაფერი ხდებოდა. არავის იცნობდა, არც მენეჯერი ჰყავდა, არც პირადი კონტაქტები ჰქონდა. ერთხელ ის ერთ-ერთმა აგენტმა ნახა და რეკლამაში გადასაღებად დაუკავშირდა. ერთმანეთი უკეთ რომ გაიცნეს, ეს ადამიანი მსახიობის აგენტი გახდა. სწორედ ამ დროს რეჟისორი პიტერ ბერგი და პროდიუსერი მარკ უოლბერგი ფილმისთვის მსახიობებს არჩევდნენ. თრილერს 2013 წლის 25 აპრილს ბოსტონში, მარათონზე მომხდარ ტერაქტზე იღებდნენ. 200-ზე მეტი დაჭრილი და 3 მსხვერპლი - ასეთი იყო ამ რეალური ამბის შედეგი. ტერორისტული აქტის ავტორები ჩეჩნური წარმოშობის ძმები - თემირლან და ჯაჰარ ცარნაევები იყვნენ. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობები ხალხმრავალ ადგილას აამოქმედეს. თემომ ამ ფილმში თემირლან ცარნაევის როლი შეასრულა...

თავიდან ქართველი მსახიობის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენდნენ, მაგრამ ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც თემომ თავისი მანქანის მოწმობის ფოტოსა და თემირლანის გარეგნობას შორის მსგავსება "დაიჭირა". სწორედ ეს ფოტო გააგზავნინა აგენტს მსახიობების კასტინგზე და მართლაც, ნაბიჯმა გაამართლა. გასაუბრებაზე დაიბარეს. მაშინ უკვე იცოდა, რომ ეს იყო მისი შანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გამოეყენებინა. როლზე დამტკიცებას არაერთი კასტინგი უძღოდა წინ. ერთ-ერთზე თემირლანის ძმის როლის შემსრულებელთან იმპროვიზაციით, ჩხუბის სცენის გათამაშება რუსულ ენაზე მოსთხოვეს. ვინაიდან თემომ რუსული არცთუ ისე კარგად იცის, დავალება ქართულად შეასრულა და რეჟისორის მოწონებაც დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ "პატრიოტის დღე" 2016 წელს შექმნილ ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა.

- რეკლამებში ხართ გადაღებული, მოდელად გიმუშავიათ...

- სანამ ლოს ანჯელესში ჩამოვიდოდი, ნიუ იორკში ერთი-ორი შოუ მქონდა. მომეწონა, მაგრამ დიდი სურვილი არ მქონდა გამეგრძელებინა. 2015 წელს ფილადელფიის ფეშენ შოუშიც ვმონაწილეობდი.

- პანდემიის პერიოდი როგორი იყო თქვენთვის?

- პანდემიის პერიოდმა ჩვეულებრივად ჩაიარა. სადაც ვცხოვრობ, იქ თითქმის ყოველდღე ბუნებაში ვატარებდი დროს.

- პირად ცხოვრებაზე გვიამბეთ...

- ბავშვობიდან სურვილი მქონდა სხვადასხვა ქვეყნებში მეცხოვრა. ერთი და იგივე ადგილი ადვილად მბეზრდება. ახალი ხალხის, კულტურის გაცნობა და სიტუაცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის... ახლა მე და ჩემი შეყვარებული ნატაშა შერონ ერთად ვცხოვრობთ ლოს-ანჯელესში. ნატაშაც მსახიობი და მომღერალია.

- საქართველოსთან კავშირი რამდენად გაქვთ?

- საქართველოში 2019 წელს ჩამოვედი ისევ და ყველაზე არაჩვეულებრივი დრო გავატარე. საქართველოში ისე კარგად ვგრძნობ თავს, რომ ეგრე არსად არ მიგრძვნია მსოფლიოში. ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და ახლობლები სულ საქართველოში არიან და ხშირად ვლაპარაკობთ. წელიწადში ერთხელ მაინც მინდა ჩამოვიდე საქართველოში!

- თუ გექნებათ საქართველოსთან შემოქმედებითი გეგმებიც?

- ახლა ერთ ქართველ პროდიუსერთან და რეჟისორთან მაქვს კავშირი. ამჟამად სცენარის წერის ეტაპზე ვართ. მალე მაგარი ამბავი გვექნება საქართველოს კინოთეატრისთვის.

- როგორია თქვენი ჩვეულებრივი ცხოვრება, ყოველდღიურობა?

- დილას ექვსის ნახევარზე ვიღვიძებ, 6 საათიდან ჩემი პერსონალური კლიენტები მყავს, ვისაც ვავარჯიშებ. შუადღისთვის ვსადილობ და შეხვედრებისთვის ვემზადები - სკრიპტების წაკითხვა, აუდიენციის გამზადება, ან წიგნებს ვკითხულობ. საღამოს მე თვითონ ვვარჯიშობ.