ავტორი:

"ვიცით  რუსეთის ისტორია, როცა საქმე ეხება მის მეზობლებს - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ცხადყოფს, რომ ის ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს" - პრაისი

"ვიცით  რუსეთის ისტორია, როცა საქმე ეხება მის მეზობლებს - რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში ცხადყოფს, რომ ის ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს" - პრაისი

ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომელსაც დაუსვეს შეკითხვა, არსებობს თუ არა ვაშინგტონის რაიმე გეგმა სომხეთ-აზერბაიჯანთან დაკავშირებით და თუ არსებობს, რით განსხვავდება ეს მშვიდობის დამყარების პუტინის ვერსიისგან და როგორია აშშ-ის მოლოდინი სოჭის მოახლოებული შეხვედრისგან.

„როდესაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან და აზერბაიჯანთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით: ბოლო მოეღოს ძალადობას და ეს ქვეყნები გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის გზაზე დადგნენ. ჩვენ ამ ქვეყნებს მოვუწოდეთ, რომ ისინი უნდა შეხვდნენ იმ ფორმატში, რომელიც მათთვის ყველაზე სასარგებლოა. გვწამს, რომ პირდაპირი დიალოგი სასარგებლოა საკითხების გადასაჭრელად და ამ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად. არ ვაპირებ კონკრეტულად კომენტარს რუსეთის ფედერაციის ძალისხმევაზე, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამ ორმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს, რა მიდგომა ექნებათ ამ მოლაპარაკებების მიმართ. ვფიქრობ, მსოფლიომ იცის რუსეთის ისტორია, როდესაც საქმე ეხება მის სამეზობლოსა და მის მეზობლებს. 2008 წელს რუსეთის შეჭრა საქართველოში და მისი სასტიკი შეჭრა უკრაინაში ცხადყოფს, რომ მოსკოვი ნაკლებად პატივს სცემს მეზობლების სუვერენიტეტს და ის არ არის სანდო, გრძელვადიანი პარტნიორი. ვფიქრობთ, რომ ის მკვეთრად განსხვავდება შეერთებული შტატებისგან. კიდევ ერთხელ, ჩვენი ერთადერთი მიზანია დავეხმაროთ ამ ქვეყნებს ძალადობის დასრულებასა და გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი მშვიდობის მიღწევაში, რაც ასე ძალიან სურთ სომეხ და აზერბაიჯანელ ხალხს“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.

შეგახსენებთ, გუშინ კრემლის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერები, ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ორშაბათს, სოჭში სამმხრივ შეხვედრას გამართავენ.