300-ზე მეტმა ირანელმა ჟურნალისტმა მაჰსა ამინის სიკვდილის გაშუქების გამო დაპატიმრებული ორი კოლეგის გათავისუფლება მოითხოვა.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ჟურნალისტმა ნილოფარ ჰამედიმ თეირანის საავადმყოფოში, სადაც ამინი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მორალის პოლიციის მიერ დაკავებული ქალის მშობლებს ფოტო გადაუღო და მოგვიანებით „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
მედიასაშუალების ცნობით, აღნიშნული ფოტო იყო პირველი სიგნალი მსოფლიოსთვის, რომ ამინისთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად არ არის.
მეორე დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა ელაჰე მოჰამადიმ ამინის დაკრძალვა მის მშობლიურ ქალაქ საყეზში გააშუქა, სადაც საპროტესტო გამოსვლები დაიწყო.
ირანის დაზვერვის სამინისტროსა და რევოლუციური გვარდიის სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ჰამედი და მოჰამადი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) საგარეო აგენტობაში დაადანაშაულეს.
ირანი ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი და სხვა დასავლური ძალები და მათი ადგილობრივი აგენტები არეულობის უკან დგანან, რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია აქვთ განზრახული.
უფლებადამცველი ჯგუფების ცნობით, ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, ირანში სულ მცირე 40 ჟურნალისტი დააკავეს და მათი რიცხვი იზრდება.
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს მაჰსა ამინის გარდაცვალებით აღშფოთებულმა მოქალაქეებმა ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყეს, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.