უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, უკრაინა ზამთარს გადალახავს და რუსებს, რომლებსაც ზამთრის იმედი აქვთ, იმედი არ გაუმართლდებათ.
"ბრძოლის ველზე ისინი უიმედოები არიან. უკრაინელმა ჯარისკაცებმა ეს უკვე დაადასტურეს, მაგრამ დრო, ძალისხმევა, მოთმინება სჭირდება იმის დამტკიცებას, რომ რუსი ტერორისტების ზამთრის იმედი არ გამართლდება. დარწმუნებული ვარ, ამასაც გადავლახავთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რუსეთს უკრაინაზე მხოლოდ ერთი თავდასხმა 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავლის ეკვივალენტი დაუჯდა.
"მათ არ აინტერესებთ ენერგეტიკული ტერორის ფასი. მხოლოდ გუშინდელი თავდასხმის ღირებულებას თუ გადავხედავთ, რაკეტების და თვითმფრინავების გამოყენება რუსეთს, 2 300 000-ზე მეტი რუსული ხანდაზმულის საშუალო პენსიის ეკვივალენტი დაუჯდა და ეს არის ერთი შეტევა! 2 300 000 რუსი პენსიონერის ყოველთვიური შემოსავალი. იმის ნაცვლად, რომ დაძლიონ სიღარიბე თავის ქვეყანაში, რუსეთის ხელმძღვანელობა ხარჯავს ყველაფერს, რათა არ აღიაროს ისტორიული შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის წინააღმდეგ ომით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ რუსების ფსონი ზამთრისთვის ყველასთვის გასაგებია და ეს გამოწვევაა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის.
"ტერორისტების ფსონი ზამთრისთვის სრულიად გამჭვირვალეა ყველასთვის და ეს გამოწვევა უნდა განიხილებოდეს, როგორც გამოწვევა მთელი ევროპისთვის. მოსკოვი ზამთრის ნებისმიერ სირთულეს თავის პროპაგანდაში წარმოაჩენს, როგორც ერთიანი ევროპის წარუმატებლობის მტკიცებულებას. ამიტომ, ერთად უნდა დავუმტკიცოთ ტერორისტებს, რომ "მარცხი" არის სიტყვა მათ შესახებ და არა ევროპის შესახებ“,- აღნიშნა ზელენსკიმ.