უმსხვილესი ამერიკული გამოცემა CNN-ი ქართველ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიას ვრცელ სტატიას უძღვნის. როგორ მოხვდა "ნაპოლში“, რატომ არ სჯეროდათ მისი თავდაპირველად, რატომ იყო კრიტიკის ობიექტი საკუთარ ქვეყანაში და შეძლებს თუ არა მარადონას წარმატების გამეორებას - სტატიაში ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტია ნახსენები. რაც მთავარია, ის გაჯერებულია პათოსით, რომ "ნაპოლში“ მომავალი მარადონა დაიბადა, რომელსაც ზედმეტსახელად "კვარადონა“ უკვე შეარქვეს.
"ნაპოლი“ ყოველთვის განებივრებული იყო ძლიერი შემტევი მოთამაშეებით. უკანასკნელ წლებში ასეთები იყვნენ დრის მერტენსი და ლორენცო ინსინიე, რამდენიმე წლით ადრე კი მარეკ ჰამსიკი და ეზეკიელ ლავეცი, მაგრამ არავინ ყოფილა ისეთი ცნობილი და არავინ ყვარებიათ უფრო მეტად, ვიდრე დიეგო მარადონა.
არგენტინული წარმოშობის ფეხბურთელი ნეაპოლიტანური ელვისა და ერთგვარი თავხედობის სიმბოლო გახდა იტალიის სამხრეთში გატარებული შვიდი სეზონის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის გოლებითა და მოგებული ტიტულების რაოდენობით. გუნდთან ერთად მან ორჯერ მოიგო სერია A, ასევე იტალიის თასი, უეფა-ს თასი და იტალიის სუპერთასი. 1987-88 წლების სეზონში დიეგო იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
2022 წლის ივლისში კი "ნაპოლის“ შემადგენლობას 21 წლის ქართველი შეემატა, რომელმაც იმდენი მოახერხა, რომ უკვე ოქტომბერში მას მარადონას ადარებენ. ხვიჩა კვარაცხელიას სიყვარულით "კვარადონა“ დაარქვეს და მის მიმართ იმ იმედით განეწყვნენ, რომ პატარა ქართველი ბიჭი დიდი მარადონას მიღწევების განმეორებას შეძლებს.
"ნაპოლისა“ და "ლივერპულის“ თამაშის სანახავად საქართველოდან ნეაპოლში ქართველი საფეხბურთო ჟურნალისტი, ედო ბადალაშვილი ჩავიდა. მიზანი, რა თქმა უნდა, "კვარას“ თამაშის ნახვა იყო.
მიუხედავად იმისა, რომ იმ საღამოს კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მან დიდი განსაცდელი მოუტანა "ლივერპულის“ დაცვას და 4:1 გამარჯვების შემდეგ კლუბის გულშემატკივრებისგან კიდევ უფრო დიდი დოზით სიყვარული მიიღო.
"ჩვენი ქართველი ემიგრანტები, რომლებიც ნეაპოლიში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ როგორც ქართველებს, იქ პიცას კვარას გამო აძლევენ“, - განუცხადა ბადალაშვილმა CNN Sport-ს.
"აქ კვარა ყველას უყვარს, მათ აცვიათ მისი მაისურები. როდესაც გაიგეს, რომ საქართველოდან ვარ, ყველამ თბილად მიმიღო. მართალია, მათ ჯერ კიდევ უჭირთ სახელის სწორად წარმოთქმა, მაგრამ ცდილობენ. არ ვიცი, როგორ შეძლო ეს ყველაფერი მან ამ მოკლე დროში, მაგრამ დამიჯერეთ, "ნაპოლში“ ის ძალიან უყვართ და ამ გუნდის პირველი მოთამაშეა. მე მაქვს "ნაპოლის“ გულშემატკივრების ვიდეო, რომლებიც სკანდირებენ ფეხბურთელების გვარებს "ლივერპულთან“ მატჩის წინ. სახელი, რომელსაც ყველაზე ხმამაღლა მღეროდნენ, იყო "კვარაცხელია“.
"ნაპოლის“ გუნდის ორი ძლიერი მოთამაშე - ნეაპოლში დაბადებული ინსინიე და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მერტენსი - ზაფხულში ახალ გუნდში გადავიდნენ. ასე რომ, "ნაპოლი“ ფლანგზე შემცვლელს ეძებდა. ბევრის გასაკვირად, მათ ევროპელი ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის უცნობ მოთამაშეს მიმართეს და კვარაცხელია შეიძინეს.
მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელია თეორიულად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, "ნაპოლის“ სპორტულ დირექტორებს ბევრჯერ დაუსვეს კითხვები იმის შესახებ, გააკეთეს თუ არა მათ სწორი არჩევანი.
მაგრამ 77-ნომრიანი მაისურით კვარაცხელიამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე მოლოდინი არსებობდა: 16 მატჩში მან რვა გოლი გაიტანა და რვა საგოლე მომენტი შექმნა.
"ნაპოლი“ პირველი გუნდი იყო, როცა გოლის გატანის შემდეგ მან სამკერდე ნიშანს აკოცა“, - ამბობს ბადალაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ კვარაცხელიას თამაშებს თბილისის "დინამოში“, მოსკოვის "ლოკომოტივსა“ და ყაზანის "რუბინშიც“ ადევნებდა თვალს.
"გოლის გატანის შემდეგ, მან აკოცა სამკერდე ნიშნებს და ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ამით ის ამბობს, რომ უყვარს "ნაპოლი“ და მადლიერია მისი. შემიძლია ვთქვა, რომ კვარა მომდევნო ლეგენდაა. გულშემატკივრებმა მას "კვარადონა“ შეარქვეს და როცა მე მათ ვესაუბრე, მათ თქვეს, რომ როცა კვარას უყურებენ, მარადონას ხედავენ“, - ამბობს ქართველი ჟურნალისტი.
17 წლის ასაკში ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი თბილისის "დინამოში“ შედგა, ერთი წლის შემდეგ კი მან რუსთავში გადაინაცვლა.
2018/19 წლებში ის წავიდა მოსკოვის "ლოკომოტივში“, რათა საკუთარი შესაძლებლობები გაეფართოვებინა, საიდანაც მომავალი მან მალევე ყაზანის "რუბინს“ დაუკავშირა. ყაზანში გატარებული ორნახევარი სეზონის განმავლობაში, კვარაცხელია საქართველოს ნაკრების მთავარი საყრდენი გახდა.
Guardian-ის 2018 წლის სტატიაში, კვარაცხელია მსოფლიოს 60 საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელს შორის დასახელდა.
თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ნამდვილ ვარსკვლავად იქცა, სამშობლოში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ბევრი თვლიდა, რომ კვარაცხელიას უფრო ღიად უნდა ესაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების შესახებ, თუმცა ხვიჩას კომენტარმა იმის შესახებ, რომ ის ფეხბურთელია და პოლიტიკაზე კომენტარს ვერ გააკეთებდა, ბევრის გაღიზიანება გამოიწვია.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კვარაცხელიამ დატოვა ყაზანი და საქართველოში, ბათუმის "დინამოში“ დაბრუნდა სათამაშოდ. რამდენიმე თვეში კი "ნაპოლში“ გადავიდა. მალევე, ლა ლიგის "ვალენსიაში“ მოხვდა მისი თანაგუნდელი გიორგი მამარდაშვილი. ბადალაშვილი მიიჩნევს, რომ სწორედ მამარადაშვილმა და კვარაცხელიამ შეძლეს იმ კარის გაღება, რომელიც ქართველი ფეხბურთელებისთვის წლების განმავლობაში დაკეტილი იყო.
თუმცა დღეს, კვარაცხელიასა და "ნაპოლის“ სხვა მოთამაშეების თამაშის შედეგად, გუნდი სერია A-ს სათავეში დგას - მეორე ადგილზე მყოფ "ატალანტასთან“ 5-ქულიანი უპირატესობით.
თამაშის სტილი, რომლითაც ის მსოფლიომ გაიცნო, იმაზე მიანიშნებს, რომ სამომავლოდ მას "ნაპოლიზე“ დიდი გეგმები აქვს. ბადალაშვილი იმედოვნებს, რომ შემდეგი გაჩერება "ლივერპულია“.
"როდესაც "ნაპოლი“ თამაშობს, მატჩების დღეებში, საქართველოში დიდი დღეა. ხალხმა ისევ დაიწყო სიარული საქართველოს ნაკრების თამაშზე. ფეხბურთით დაინტერესდნენ ისინი, ვისაც ის აქამდე არ უყვარდა. ახლა, "კვარას" მაისურებში ბევრ ადამიანს ნახავთ, ან "ნაპოლის“ მაისურებში, ან საქართველოს ნაკრების. ხალხს ახალი იმედი აქვს, რომ ჩვენ შევძლებთ ევრო 2024-ის ან მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაციის ეტაპის გავლას. დღეს საქართველო ფეხბურთით ცხოვრობს და დღეს ჩვენ საფეხბურთო ქვეყანა ვართ. დიახ, "კვარამ" შეცვალა ცხოვრება საქართველოში“, - ამბობს ბადალაშვილი.
ყველაფერი კი წინ არის - 21 წლის ხვიჩა უკვე "ნაპოლშია“, გააქვს მაქსიმალური რაოდენობის გოლები, ქმნის მაქსიმალური რაოდენობის საგოლე მომენტს და წერს ისტორიას, რომლითაც თითოეული ქართველი ამაყობს.
რამდენიმე დღის წინ საავტომობილო ბრენდმა "ლამბორჯინი" ახალი მოდელი სწორედ კვარაცხელიას მიუძღვნა. Garage Italia ქმნის Lamborghini Aventador SVJ-ს, რომელიც შთაგონებულია "ნაპოლის" მაისურით და კვარაცხელიათი. ინფორმაცია თავად კომპანიამ სოციალურ ქსელებში გაავრცელა.
კვარას რეპუტაცია სამშობლოში აღდგენილია. ის უკვე გმირია.
ინფორმაციისთვის, ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი“ "ენფილდ როუდზე“ "ლივერპულს“ ესტუმრა, ჯგუფურ ეტაპზე პირველად დამარცხდა (0:2) და წაუგებელი სერია შეწყვიტა. "ლივერპულმა“ 15 ქულა დააგროვა და ქულებით "ნაპოლის“ (15) გაუთანაბრდა, მიუხედავად ამისა, იტალიელებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს.
იხილეთ ასევე:
მოამზადა ეკა დრაჩიაშვილმა