რუსეთის გამოსვლამ შეთანხმებიდან, რომელიც შავი ზღვის პორტებიდან კრიტიკულად მნიშვნელოვანი მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო კორიდორის შექმნას უზრუნველყოფს, მსოფლიოში სურსათის მიწოდებასთან დაკავშირებით ვნებათაღელვა გამოიწვია.
მოსკოვში ამბობენ, რომ შეთანხმებაში მონაწილეობის შეწყვეტის მიზეზი უკრაინის მიერ ყირიმში სევასტოპოლის პორტზე დრონებით თავდასხმაა, რასაც, თავის მხრივ, კიევი არ ადასტურებს.
ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, NATO-მ და გაერომ უკვე მოუწოდეს რუსეთს, შეცვალოს მიღებული გადაწყვეტილება, რამეთუ უკრაინიდან ექსპორტის ნებისმიერი დონით შემცირებას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოყვეს.
შეთანხმება გაეროსა და თურქეთის შუამდგომლობით ივლისში იქნა მიღწეული და მას შემდეგ, უკრაინისკენ თუ უკრაინიდან მოძრავი გემები, რომლებსაც ხორბალი, სასუქი და სხვა პროდუქტები გადააქვთ, ოთხივე მონაწილე მხარის მონიტორინგის ქვეშაა.
მემორანდუმის მიხედვით, რუსეთიდან სასუქისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი სანქციებისგან დაცული უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისა და აშშ-ს ემბარგოები ამ პროდუქციაზე არ ვრცელდება, ფინანსურ ინტიტუტებსა და რუსეთთან დაკავშირებულ ხომალდებზე დაწესებული სანქციები მაინც ზღუდავს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობებს.
ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინისთვის, რომელიც, გაეროს თანახმად, 45 მილიონ ტონა ხორბალს აწვდის მსოფლიოს ყოველწლიურად და 5 უმსხვილეს ექსპორტიორს შორისაა. შავი ზღვის პორტების საშუალებით ქვეყანა ექსპორტის 90%-ს ახორციელებს.
რუსული და უკრაინული ხორბლის იმპორტზე განსაკუთრებით დამოკიდებულები არიან აფრიკის ღარიბი ქვეყნები, იემენი, ალჟირი, ბანგლადეში, ვიეტნამი და სხვ. გაეროს თანახმად, შეთანხმების მიღწევის შემდეგ 9.2 მილიონი ტონა მარცვლეული იქნა ექსპორტირებული და ფასების შემცირებამ 100 მილიონამდე ადამიანი დაიცვა უკიდურესი სიღარიბისგან.
მოსკოვი ხელშეკრულების შეწყვეტით უკვე დიდი ხანია იმუქრება, რადგან, როგორც კრემლში ამბობენ, შეთანხმებამ ვერ მოუტანა დაპირებული სარგებელი ქვეყანას ხორბლისა და სასუქის ექსპორტის კუთხით.
შეთანხმების შეჩერებიდან მალევე რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყანა მზადაა სრულად ჩაანაცვლოს უკრაინული ხორბალი მსოფლიო ბაზარზე.
"წლევანდელი მოსავლის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაცია მზადაა, რომ სრულყოფილად ჩაანაცვლოს უკრაინული ხორბალი და მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ მხარეს ხელმისაწვდომ ფასად. რუსეთი ყოველთვის იყო და იქნება სანდო პარტნიორი და შეუძლია 500,000 ტონა მარცვლეულის მიწოდება ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის მომდევნო 4 თვის განმავლობაში. ამას კი გავაკეთებთ ჩვენი პარტნიორის, თურქეთის დახმარებით“, - თქვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დიმიტრი პატრუშევმა და დაამატა, რომ უკრაინული ხორბალი მხოლოდ დასავლეთის ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი და ღარიბი ქვეყნების საჭიროებებს არ უზრუნველყოფს. გააგრძელეთ კითხვა