New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობაში დაიწყო მსჯელობა მოსკოვის მიერ უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე. მაღალჩინოსანი გენერლები განიხილავდნენ, როდის და როგორ შეიძლება გამოიყენონ იარაღი.
ის, რომ რუსი სამხედრო ლიდერები დისკუსიებს აწარმოებდნენ და ბირთვული იარაღის გამოყენების ვარიანტებს განიხილავდნენ, ბაიდენის ადმინისტრაციას კიდევ უფრო აშფოთებს. გამომცემლობის ცნობით, რუსეთის მძაფრი ბირთვული რიტორიკისა და ბრძოლის ველზე წარუმატებლობის ფონზე გამართულ დისკუსიებში, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ იღებდა მონაწილეობას.
ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ საუბრები აჩვენებს, თუ რამდენად იმედგაცრუებულები არიან რუსი გენერლები უკრაინაში წარუმატებლობის გამო, ამიტომ ბაიდენის ადმინისტრაცია იმასაც ვარაუდობს, რომ პუტინის ფარული მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, შესაძლოა ფარატინა სიტყვები სულაც არ იყოს.
მიუხედავად ამისა, ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, მათ არ შეუმჩნევიათ, რომ რუსები ადგილზე ბირთვულ იარაღს განათავსებდნენ ან რაიმე სხვა ტაქტიკურ ზომებს იღებდნენ შეტევის მოსამზადებლად.
პენტაგონის შეფასებით, რუსეთს მარაგში 2 000-მდე ტაქტიკური ბირთვული იარაღი აქვს და ისინი უფრო მოკლე დისტანციებზე გამოსაყენებლადაა გათვლილი, ვიდრე კონტინენტთაშორისი, ბალისტიკური რაკეტებზე მოთავსებული ქობინები. C.I.A.-ს დირექტორი, უილიამ ბერნსი ფიქრობს, რომ პუტინის "პოტენციურმა სასოწარკვეთამ“, უკრაინაში გამარჯვების მოპოვების წყურვილმა და ომში წარუმატებლობამ, შესაძლოა, მას ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ უბიძგოს.
სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება მთლიანად შეცვლის ომის სახეს. მიუხედავად იმისა, რომ განადგურების სიძლიერე ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის იარაღის ზომასა და ქარზე, პატარა ბირთვულმა აფეთქებამაც კი შეიძლება ათასობით ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს და უკრაინის ტერიტორიები საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახადოს.
რუსი გენერლების შეხვედრები მაშინ დაიწყო, როცა მოსკოვი უსაფუძვლო მოსაზრებას ავრცელებდა იმის შესახებ, რომ თითქოს უკრაინა ე.წ ბინძური ბომბის გამოყენებას გეგმავდა. თუმცა, წინა ხუთშაბათს პუტინის გამოსვლისას გაკეთებულმა განცხადებამ სიტუაცია და შეშფოთებული ოფიციალური პირები გარკვეულწილად დაამშვიდა. რუსეთის პრეზიდენტმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე ილაპარაკა და განაცხადა: ამის საჭიროებას ვერ ვხედავთ. ამას აზრი არ აქვს არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისითო.
ამასთანავე, ოთხშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთი ბირთვული ომის დაუშვებლობის პრინციპით მკაცრად ხელმძღვანელობს.
წყარო: nytimes
მოამზადა; ანა სიბოშვილმა