მოსკოვისთვის სომხეთის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას, რომელსაც უფრო თხოვნის ფორმა ჰქონდა, მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობო მისიის გახანგრძლივების თაობაზე, უარი მოჰყვა... მაშ რატომ გააქტიურდა რუსეთი?! - ეს არის კითხვა, რომლის გარშემოც სომხეთში გაურკვევლობის მოლოდინი და მსჯელობა არ წყდება.
"ვთავაზობ რუსეთის პრეზიდენტს, მსგავსი წინადადება წამოაყენოს. თუ საჭიროა, თავად წამოვაყენებ, მან კი, მხარი დამიჭიროს. მხოლოდ მე ვერ გადავწყვეტ ამ საკითხს" - აღნიშნა ფაშინიანმა.
საუბარია, რუსეთის სამშვიდობო მისიაზე, რომელიც 2000-მდე სამხედროს მოიცავს. მათ მიმართ ბოლო ხანებში, სომეხი მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. რუსი სამშვიდობოები მთიან ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, 2020 წელს, 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების საფუძველზე, 5-წლიანი ვადით განათავსეს.
31 ოქტომბერს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სოჭში, ვლადიმირ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, სადაც მშვიდობიან მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, აქცენტი გაკეთებულია მხარეებს შორის ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე, რაც სომხეთის მოსახლეობაში ეჭვს იწვევს - ხომ არ მოუწევს ქვეყანას მთიანი ყარაბაღის დათმობა მშვიდობის სანაცვლოდ... სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნულ დოკუმენტს ხელი საქართველოში მოეწერება.
"რას ელოდება სომეხი საზოგადოება სამშვიდობო მოლაპარაკებებისგან, ეს სწორედ შეხვედრაზე გაირკვევა. უახლოეს ხანებში, ხელი მშვიდობიანი ეპოქის დაწყების დოკუმენტს მოეწერება, რითაც სომხეთი საბოლოოდ იტყვის უარს ყარაბაღზე. რეგიონის სომეხი მოსახლეობა აღარ იქნება სომხეთის მოქალაქე და დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებენ ცენტრალური ხელისუფლებიდან. სომხეთს რეგიონში მხოლოდ საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განხორციელების უფლება ექნება" - ვარაუდობს ადგილობრივი მედია.
კიდევ ერთი ვერსიით, ფაშინიანი და მისი გუნდი მიმდინარე პროცესების გარშემო საზოგადოების რეაქციას აკვირდებიან, რის შემდეგაც ყარაბაღის თემის დახურვის პარალელურად (რაც შესაძლოა, რეგიონის რაღაც ნაწილზე უარის თქმას გულისხმობდეს), ეკონომიკურ სიკეთეებზე, ევროპისკენ გზის გახსნასა და რუსეთისგან დისტანცირებაზე დაიწყებს საუბარს. მას შემდეგ, რაც სომხეთი ყარაბაღის რეგიონზე კონტროლს დაკარგავს, რუსი სამშვიდობოების ფუნქცია იკარგება...
სომეხი პოლიტოლოგი რუბენ მეჰრაბიანი 1in.am-თან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთისგან განსხვავებით, ამერიკის საქმიანობა, რომელიც აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობს, ეჭვს არ იწვევს.
"მარია ზახაროვას ისტერიკული სიზმრები არ ახდა, თუმცა ნედ პრაისის განცხადება ადასტურებს, რომ სოჭის შეხვედრა არ ჩაიშალა, როგორც ეს რუსულ მხარეს სურდა. პროცესი ამერიკის სპონსორობით, ბრიუსელისა და ევროკავშირის მონაწილეობით გრძელდება და ისინი ყველა საკითხის საქმის კურსში იქნებიან... რაც შეეხება, დოკუმენტის ხელმოწერას სამშვიდობო შეთანხმების შესახებ, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებებს მხარეებს შორის, რომლებიც თავიანთ პირობებს წლის ბოლომდე წარმოადგენენ.
ჩვენ ვნახეთ რუსეთის იაფფასიანი წნეხი, რაც სომხეთისთვის არცახის (მთიანი ყარაბაღის) რაიონის ჩახსნას ემსახურებოდა, მაგრამ უამრავი ინტრიგის, პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, არ გამოუვიდათ. ისინი სომხეთისგან რუსულ ვარიანტზე დათანხმებას ითხოვდნენ... იმაზეც, რაც სომხური მხარე თანახმა იყო, აზერბაიჯანი უარს ამბობდა და პირიქით, რაზეც ჩვენ თანახმა ვიყავით, ის წინააღმდეგი იყო. ამ ყველაფრის მთავარი მიზანი ისევ და ისევ მხარეებს შორის უთანხმოება და დროის გაწელვა იყო, რაც კონფლიქტის გაგრძელებას ნიშნავს..." - მიაჩნია პოლიტოლოგს.
პოლიტიკური მიმომხილველი, ვარდენ ოვსეპიანი მიიჩნევს, რომ სოჭის შეხვედრა სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის სრული მარცხია, რადგან რუსეთი ხედავს, რომ სასოწარკვეთილ სომხეთზე თანდათან კარგავს ზეწოლის მექანიზმს.
"რუსეთი ვეღარ ქმნის მსოფლიოს პოლიტიკურ წესრიგს, ამიტომ ის სამხრეთ კავკასიის რეგიონს ცდილობს ჩაეჭიდოს და გააქტიურდა. მისი დასუსტებით უნდა ისარგებლოს სომხეთმა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებით, რეგიონში თავისი ადგილი უნდა იპოვოს, განვითარების პერსპექტივებზე უნდა იზრუნოს. ამის ფარგლებშია ყარაბაღის პრობლემების მოგვარების გასაღებიც.
დადგა ის დრო, როდესაც მომაკვდავი რუსეთის იმპერიას დიდი ნაბიჯებით უნდა დავშორდეთ... რუსეთმა თავის ძლევამოსილებით აღარ უნდა შეგვაშინოს, მას შემდეგ, რაც რუსი სამშვიდობოები ყარაბაღის ტერიტორიას დატოვებენ, პრობლემის მოგვარება მსოფლიოში განვითარებულ პოლიტიკური პროცესებზე იქნება დამოკიდებული. ახლა, უკრაინის ომის ფონზე პუტინის გამაღიზიანებლად თავდაჯერებული, მბრძანებლური ტონი შეიცვალა... აზერბაიჯანი, რა თქმა უნდა ივაჭრებს ამ თემით, როგორც ჩვენთან, ასევე რუსეთთან სამშვიდობოების გაყვანის თემის გარშემო, ამიტომ, სომხეთის ინტერესები რომ არ დაიკარგოს, ბოლომდე უნდა გავიხსნათ ევროკავშირისა და ვაშინგტონისთვის. უკვე აღარავინ დავობს, რომ სომხეთის ხსნა დასავლეთშია" - ამბობს ის.