ავტორი:

"მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ" - ზარქუა საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვაზე

"მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ" - ზარქუა საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვაზე

მიზანია, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა, გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან საჩხერეში ტყის ბადეებით გადახურვის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

ზარქუა დაინტერესდა, თუ მოსწონთ ჟურნალისტებს დენდროლოგიური პარკი. მან გაიხსენა, რომ კრიტიკა მაშინაც ისმოდა.

"ამ შემთხვევაში ეს არის მიზანი, რომ კოლხური ხოხობი, რომელიც გადაშენების ზღვარზეა გადავარჩინოთ, ამისთვის არის გაკეთებული ის ბადეებიც. მოგწონთ ის, რაც გაკეთდა გურიაში? ალბათ ისეირნეთ კიდეც. წადით, გაისეირნეთ, უნდა ნახოთ, რადგან ეს ქვეყანას დარჩა. ზუსტად ასე იყო, როცა გურიაში ინვესტიცია ჩადო, ამბობდით, შემოღობა და თავისთვის უნდაო", - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუას ასევე ჰკითხეს, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ხოხობი ბრიტანეთში დელიკატესია, რაზეც ზარქუა პასუხობს, რომ "კოლხური ხოხობი დასაკლავად კი არა გადასარჩენად უნდათ".

"ახლა ნახეთ, რას აკეთებთ - ხოხობი ბრიტანეთში მოსწონთო და ცდილობთ მანიპულაციაში შეიყვანოთ საზოგადოება, არ გამოგივათ - დასაკლავად კი არა გადასარჩენად უნდათ კოლხური ხოხობი,"- განაცხადა ზარქუამ.

აღნიშნულს გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე - სპიკერი არჩილ თალაკვაძეც, რომელმაც აღნიშნა, რომ მედია მადისკრედიტებელ კამპანიას ეწევა. მისივე თქმით, მედია "წინა კვირას ბაობაბებზე, ახლა კი რაღაც ბადეებზე საუბრობს".

"ამაზე მე გავიხსენებ თქვენს ირონიულ, დამამცირებელ და მადისკრედიტებელ კამპანიას, რომელსაც აწარმოებით თითქმის ორი წელი დენდროლოგიური პარკის პროექტთან დაკავშირებით. ცდილობდით, ხალხისთვის გეთქვათ, რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს ეკოსისტემა მიჰქონდა სადღაც, ანადგურებდა ტყეებს და ა.შ. საბოლოო ჯამში თქვენ და თქვენი თანამშრომლები აღმოჩნდით, ვინც სტუმრობთ ხოლმე დენდროლოგიურ პარკს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა და 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა.

აღნიშნულს სიცრუე უწოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ ტყის გადაფორმება საქართველოში არ ხდება, რაც შეეხება იჯარით გადაცემას, მინისტრის თქმით, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია. "დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით,"- აღნიშნა მან.