ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.
მხარდაჭერილია ის შესწორებაც, რომელშიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა საუბარი.
უფრო კონკრეტულად შესწორებაში წერია, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდებოდა, ჯერ კიდევ განიცდის ზრუნვის ნაკლებობას, რაც აჩენს საფრთხეს მის სიცოცხლესთან დაკავშირებით.
სხდომას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ესწრება.
სხდომის დაწყებისას, გიული ალასანიას ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერი მიესალმა.
"დღეს ჩვენს შეხვედრას პროფესორ გიული ალასანიას თანდასწრებით ვმართავთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, ასევე მისი ოჯახის წევრებისა და ოჯახის მეგობრების. ჩვენმა კომიტეტმა არაერთხელ გამოთქვა წუხილი პატიმრობის პირობებში მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასე რომ, გულითადად მოგესალმებით“, - განაცხადა მაკალისტერმა.