ავტორი:

"შეუცნობელ არს გზანი პოლიტიკოსისანი" - როგორ პასუხობენ სახალხო დამცველობის კანდიდატები ირაკლი კობახიძეს?

"შეუცნობელ არს გზანი პოლიტიკოსისანი" - როგორ პასუხობენ სახალხო დამცველობის კანდიდატები ირაკლი კობახიძეს?

"ვისურვებდი თანმიმდევრულები იყვნენ, რადგან ერთის მხრივ, ამბობენ, რომ არ უნდა ჩავარდეს სახალხო დამცველის არჩევა, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ჩავარდება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ანა აბაშიძემ განაცხადა. ამით ანა აბაშიძე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც რამდენიმე პარტიას აქვს თვითმიზანი მმართველ პარტიას არ აარჩევინოს სახალხო დამცველი.

აბაშიძის თქმით, გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული ქვეყანას სჭირდება.

“ვისურვებდი თანმიმდევრულები იყვნენ, რადგან ერთის მხრივ, ამბობენ, რომ არ უნდა ჩავარდეს სახალხო დამცველის არჩევა, მეორეს მხრივ ამბობენ, რომ ჩავარდება. მთავარია ის, რომ საუბარი არ არის ერთ და ორ კანდიდატზე, ან ვიღაცის მხარდაჭერილ კანდიდატზე, აქ საუბარია იმაზე, რომ ეს პროცესი ჩვენს ქვეყანას სჭირდება. გამჭვირვალობა, სამართლიანობა და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული პროცესი მე კი არ მჭირდება, ან ირაკლი კობახიძეს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას. აქედან თუ ამოვლენ ნაკლებად დამაბნეველი იქნება მათი პოზიციონირება, ნაკლებად სტრესული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთადერთი რამ აინტერესებთ, რომ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და ცოდნა, დანარჩენი მათი კომენტარების მხატვრული შევსება ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა”, - განაცხადა ანა აბაშიძემ.

კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა სახალხო დამცველობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი ბურჯანაძე.

მისი თქმით, პოლიტიკოსების განცხადებები მიმართული უნდა იყოს კონსესუსისკენ.

"შეუცნობელ არს გზანი პოლიტიკოსისანი. ის არის პოლიტიკოსი და ის არის ის ადამიანი, რომელიც ამ შემთხვევაში ვალდებულია ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს. მისი განცხადებები და ქმედებები მიმართული უნდა იყოს კონსესუსის მიღწევაზე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან. მინდა მოვუწოდო მას (ირაკლი კობახიძე) და მის კოლეგებს მაქსიმალურად გამოიჩინონ კონსტრუქციულობა, თანამშრომლებისკენ იყვნენ ორიენტირებულები”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის არჩევა არა მხოლოდ, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციურო ფუნქციის მატარებელი ორგანო, არამედ ეს არის წინაპირობა ევროინტეგრაციის მიმართულებით.

“მე იმედს ვიტოვებ, რომ პოლიტიკოსები შეძლებენ საერთო ენის გამონახვას და კანდიდატზე შეჯერებას. ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანია სახალხო დამცველის არჩევა არა მხოლოდ, იმიტომ რომ ეს არის კონსტიტუციურო ფუნქციის მატარებელი ორგანო, არამედ ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა ევროინტეგრაციის მიმართულებით“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახალხო დამცველის არჩევას სჭირდება კონსენსუსი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის.

“რამდენიმე პარტიას აშკარად აქვს თვითმიზანი არ “აგვარჩევინოს სახალხო დამცველი”, - განაცხადა კობახიძემ. ამასთან, მან თავი შეიკავა დასახელებისგან, თუ რომელი კანდიდატი შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ რჩეული და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან კონსულტაციას დაელოდებიან.