საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ბიძაშვილს, ნიკოლოზ გოგაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო 10 000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
ნიკოლოზ გოგაშვილი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება ბრალად, საპატიმროს მხოლოდ გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.
სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით ბრალდების მხარემ მიმართა.
როგორც პროკურორმა ნათია სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარეს საქმეში არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული, მათ შორის მოწმეთა ჩვენებები.
მისი თქმით, დასტურდება, რომ ნიკოლოზ გოგაშვილმა, სამი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძინა და მისი განზრახვა იყო, რომ ისინი შემდგომ მართლსაწინააღმდეგოდ გაესაღებინა სოსო გოგაშვილზე.
“არის მოწმე, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს ცეცხლსასროლი იარაღები არ იყო თავიდანვე ნიკოლოზ გოგაშვილის საკუთრება. როცა ნიკოლოზ გოგაშვილმა იარაღები შეიძინა, კანონიერად მის სახელზე რეგისტრირება მოახდინა. თავიდანვე მისი განზრახვა იყო მართლსაწინააღმდეგოდ გაესაღებინა. ამის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს მოპოვებული”,- განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება ნიკოლოზ გოგაშვილის ადვოკატის, რამაზ სამხარაძის პოზიციას, როგორც მან განმარტა, ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო სისხლის სამართლის კანონით დასჯადი და აღნიშნული ქმედება გათვალისწინებული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
“რაც შეეხება კონკრეტულ მოწმეებს, რომელთა გვარები სასამართლო დარბაზში გაჟღერდა, აქედან უმრავლესი ნაწილი სუს-ის თანამშრომელია, რომლებმაც გარკვეულ პროცედურებში მიიღეს მონაწილეობა - ჩხრეკის, დაკავების და ა.შ. ასევე არსებობს ერთადერთი არაობიექტური, მიკერძოებული და დაინტერესებული მოწმე, რომელიც იოსებ გოგაშვილზე გაბრაზების ან წყენის გამო არის ტენდენციური. ასევე, შესაძლოა ის ელოდება რაღაც პრივილეგიებს, დაწინაურებას, არ ვიცი რას, რის გამოც შესაძლოა ის აძლევდეს არასწორ ინფორმაციას სამართალდამცველებს”, - აცხადებს სამხარაძე.
შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, იოსებ გოგაშვილის ბიძაშვილს ნიკოლოზ გოგაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს 236-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შთხვევაში მას 6-დან 9-წლამდე თავისუფლებს აღკვეთა ემუქრება.